LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია ქალებისთვის თავის დამკვიდრება ლიდერის პოზიციებზე – FM ქოუჩი

8
sofo-balavadze-show

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად რთულია ქალებისთვის თავის დამკვიდრება ლიდერის პოზიციებზე და რა არის ამ მიმართულებით გამოსასწორებელი – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია “ბილაიანის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე.

რამდენად რთულია თანამედროვე სამყაროში ქალმა ლიდერმა თავი დაიმკვიდროს?

რთულია. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს – ქალის, როგორც ლიდერის აღქმა კაცის მხრიდან, პირველ რიგში. მიუჩვეველი არიან, ეუცხოვებათ, ეშინიათ. ზოგი უცხო სხეულივით აღიქვამს, ზოგ კაცსაც უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ქალი ყავს ხელმძღვანელი. ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული, მათ შორის რომ ქალი ზედმეტად ემოციურია, ვერ არის ისეთივე მომთხოვნი ან  ბავშვი თუ გააჩინა – დიდი დატვირთვით ვერ იმუშავებს.  ქალებისთვის კიდევ ცალკე გამოწვევა, იმისთვის რომ უფრო მისაღები გახდეს, კაცების მმართველი გუნდის პირობებში, მათ მიბაძვას იწყებს, არადა მთელი არსი ზუსტად იმაშია რომ ქალი და კაცი ერთნაირად არ უდგება საკითხებს, გინდაც პრობლემის გადაჭრას და კარგი ბალანსი შემოაქვთ. ე.წ. ნეთვორქინგიც ბევრად უფრო რთულია ქალისთვის – ის, რაც მნიშვნელოვანია დაწინაურებისთვის – რადგანაც „ქსელის შენება“ ქალის მხრიდან ხშირად სხვანაირად აღიქმევა, ვიდრე კაცის მხრიდან. ასე რომ, სირთულე ბევრია და ამან არ უნდა გაგვაჩეროს.

რას ელის საზოგადოება ქალი ლიდერებისგან?

იმას, რომ კაცივით მოიქცევა. სამწუხაროა, რომ როდესაც ადამიანები ლიდერს წარმოიდგენენ, ხშირად მას იმ თვისებებს მიაწერენ, რომელიც კაცისთვის უფრო დამახასიათებელია. ქალი და კაცი განსხვავებულად უდგებიან პრობლემის გადაჭრას, დეტალების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ემოციების გამოხატვას ერთნაირად არ ახდენენ და ასე შემდეგ. მაგრამ იცით რა? ეს არ განსაზღვრავს ლიდერის წარმატებას – არც ქალის და არც კაცის თვისებები ცალსახად არ ნიშნავს წარმატებას ან წარუმატებლობას ლიდერობაში. ორივეს აქვს საჭირო თვისებები და ეს გამოსაყენებელია. ძალიან ცუდია, თუ ქალი ეცდება კაცს დაემსგავსოს – მაშინ რად გვინდა ქალი ლიდერი?!

აქვთ თუ არა ქალ ლიდერებს იგივე შესაძლებლობები, რაც კაც ლიდერებს?

შესაძლებლობა რომ იგივე სიმაღლეებს მიაღწიოს? გონებრივად და მონაცემებით – რა თქმა უნდა! რამდენად აძლევს შესაძლებლობას გარემო – ოჯახი, გარემოცვა, სოციუმი, სტერეოტიპები – სამწუხაროდ ყოველთვის არა. ზოგ ქალს ნაკლებად, ზოგს მეტად მაგრამ ყველასთვის წარმატების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე კაცისთვის. კიდევ ერთხელ – ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, ვინაიდან ეს შესაძლებლობები არის, ნამდვილად არის. უნდა დავინახოთ და უნდა გავითავისოთ – ჩვენ ეს ზუსტად ისევე კარგად შეგვიძლია, როგორც კაცს. არანაირი, ხაზგასმით – არანაირი სხვაობა არაა ჩვენს შორის ისეთი, რომელიც ქალებს ნაკლებად წარმატებულს ხდის.

რეალიზებულ, თავდაჯერებულ კაცებს არ უჭირთ ქალის უნარებისა და თანასწორობის აღიარება. რა არის გამოსაწორებელი ამ მიმართულებით შენი გადმოსახედიდან?

ბევრი რამ, მათ შორის პატარ-პატარა გამარჯვევებია მოსაპოვებელი, თუმცა ფუნდამენტალურია აღზრდა! არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, რომ ისეთ ადრეულ ასაკში როგორიცაა 7 წელი, გოგოები და ბიჭები უკვე სხვადასხვა ტიპის პროფესიებს ასახელებენ სამომავლო კარიერის არჩევანის სახით და ეს პროფესიები კავშირშია სტერეოტიპულ წარმოდგენებთან, სქესიდან გამომდინარე. უკვე ამ ასაკში გოგოებს ნელ-ნელა უქვეითდებათ წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და თუ ძალიან ადრეულ ასაკში აშკარად ჯობიან ბიჭებს მოსწრებით, იმის გამო, რომ საკუთარ თავში რწმენა უქვეითდებათ, ბიჭების მოსწრება შემდეგ მკვეთრად უმჯობესდება. ამიტომ არის უკიდურესად მნიშნელოვანი, რომ ვინც გოგოს ზრდის, სულ უთხრას, რომ მისთვის არ არსებობს ბარიერი; არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუწესოთ მოლოდინები, რომ აუცილებლად უნდა გათხოვდეს, გახდეს დედა და ა.შ. მითუმეტეს თუ ოჯახში იზრდება ორივე – გოგოც და ბიჭიც, აუცილებელია ერთნაირად იყვენ ჩაბმული სახლის საქმეებში, რომ თავიდანვე გასაგები იყოს მათთვის – არ არსებობს კაცის და ქალის საქმე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები