LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია განქორწინების შემდგომ ახალი ურთიერთობის დაწყება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

6
lalibadridze7rcheva

როგორ გრძნობენ თავს ბავშვები მშობლების განქორწინების შემდეგ? რამდენად რთულია განქორწინების შემდგომ ახალი ურთიერთობის დაწყება – ამ თემებზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.

რამდენად გაიზარდა მომართვიანობამ განქორწინების შემდგომ?

ბოლო დროს, განქორწინება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ერთ-ერთი პოპულარულ მოთხოვნად იქცა. ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის განქორწინებას, ვიღაც გრძნობს განადგურებას, მიტოვებას, უსარგებლობას, მარტოობას, უკმაყოფილებასა და სიბრაზეს, ზოგი კი პირიქით, გრძნობს შვებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და „ახალი ცხოვრების გემოს“.

განქორწინება უფრო ხშირად სტრესია, რომელიც ოჯახის ყველა წევრზე ტოვებს საკუთარ კვალს. ცოლ-ქმარი, ზოგადად განქორწინების გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც სხვადასხვა მიზეზთა გამო მათ ერთად ცხოვრება აღარ შეუძლიათ. განცდების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუმცა მისი თავიდან აცილება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეუძლებელია.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებისთვის მშობლების განქორწინება არასდროს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი სიტუაცია. განქორწინება ყოველთვის ახდენს გავლენას ბავშვზე.

რას გრძნობს ბავშვი ასეთ მომენტებში?

იგივეს, რასაც ზრდასრული, რომელსაც საკუთარი სამყაროს იდეალური სურათი ენგრევა: უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას, რისხვას, გაუგებრობას და ა.შ. ზოგი ბავშვი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს მშობლების განქორწინება აწუხებთ, უმეტესობა თავად უმკლავდება საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, თუმცა სასურველია ბავშვის მიყვანა ფსიქოკონსულტაციაზე, ვინაიდან გასარკვევია, რა დოზით არის საჭირო ბავშვის დახმარება. თუ თქვენ შეამჩნევთ ბავშვის ქცევაში რაიმე უეცარ ცვლილებებს (შიშები, აგრესია, ჩაკეტილობა, მორცხვობა, გადაჭარბებული ან დაქვეითებული ენერგიულობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობა და მის საქციელში უჩვეულო ვერაფერს ხედავთ, ფსიქოლოკონსულტაცია მაინც სასურველია.

საქმე იმაშია, რომ განცდები ბავშვს ხანდახან არც გარეგნულად  ეტყობა და არც რაიმე ფორმით უვლინდება, თუმცა შესაძლოა, რომ განცდებმა განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში ღრმად ჩაიძინონ და ისეთ დროს იჩინონ თავი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელით.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი მშობლის განქორწინებას:

ბავშვის ასაკი;

ზოგადი ატმოსფერო ოჯახში (რამდენად სწრაფად დასრულდა განქორწინების პროცესი, რადგან ეს მდგომარეობა ხშირად წლები იწელება და სიტუაცია ოჯახში იძაბება);

თავად მშობლები როგორ განიცდიან განქორწინებას (ბავშვები ძალიან კარგად კითხულობენ უფროსების გრძნობებსა და ემოციებს. ამიტომ, რაც უფრო მშვიდად იქნებიან მშობლები, მით უფრო მშვიდები და ჯანმრთელები იქნებიან ბავშვები);

ოჯახის ახლობლებისა და მეგობრების დამოკიდებულება განქორწინების თემასთან (ნათესავების და მეგობრების მხარდაჭერა და დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მშობლისთვის, რომელიც შვილთან განქორწინების შემდეგ რჩება).

იმისათვის, რომ ბავშვს გაუადვილდეს მშობლების განქორწინების მიღება, აუცილებელია გახსოვდეთ:

განქორწინების შემდეგ თქვენ აღარ ხართ მეუღლეები, ძველი ურთიერთობა დასრულდა, შესაბამისად არ ერევით ერთმანეთის საქმეებსა და პირად ცხოვრებაში (რაც ხშირად პრობლემურია, რადგან წყვილიდან ერთ-ერთს ამის ბოლომდე გაცნობიერება უჭირს). განქორწინების შემდგომ ბავშვზე მშობლები ზრუნავთ უკვე ცალ-ცალკე;

თითოეულ ბავშვს ძალიან  უყვარს დედაც და მამაც;

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რომელიც მას აღელვებს ან შფოთავს ან თვითონ იგონებს პასუხებს, რომელიც ზოგჯერ რეალობიდან მოწყვეტილი აბსურდული ფანტაზიებია, უთხარით მას, რა ხდება ოჯახში, რა ხდება მოზრდილებში, აუხსენით, რომ მშობლების ურთიერთობა დასრულდა, მშობლებმა უნდა იცხოვრონ ცალ-ცალკე, ჰქონდეთ საკუთარი პირადი ცხოვრება, რადგან ხშირად ბავშვები ცდილობენ როგორმე შეარიგონ მშობლები.

ბავშვთან საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი ასაკობრივი მახასიათებლები, სამყაროს აღქმა და კონკრეტული სიტუაცია;

ბავშვს უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა საკუთარი მომავლის შესახებ: როგორ იცხოვრებს, რა ცვლილებებს ელოდება ოჯახი ან როგორ დაუკავშირდება იგი სამომავლოდ მამას;

მოერიდეთ ბავშვის თანდასწრებით მეორე მშობლის ან ნათესავების ცუდად მოხსენიებას;

დიდი მნიშვნელობა აქვს, განქორწინების თემაზე ბავშვთან ისაუბროთ მისი ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით:

ყველა ბავშვი განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება. (ასაკობრივი საზღვრები ორიენტირებულია საშუალო სტატისტიკურ ნორმაზე).

ბავშვი 0-დან 6 თვემდე

სიტუაციის აღქმის თავისებურებები:

ბავშვს არ ესმის რა ხდება. ბავშვი გრძნობს მშობლების განწყობას. მშვიდია დედა – მშვიდია ბავშვი!

ბავშვი 6 თვიდან 1,5 წლამდე

სიტუაციის აღქმის თავისებურებები

ბავშვი ქვეცნობიერად გრძნობს ცვლილებებს ოჯახში, დაძაბულობასა და დისკომფორტს. ეს შეიძლება გამოიხატოს განწყობის მკვეთრი ცვლილებით, ალერგიით, დიათეზით. ბავშვებმა შესაძლოა უფრო ხშირად  იავადმყოფონ.

სასურველი ქცევა: ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გიყვართ თქვენი შვილი, რომ ყოველთვის მასთან ერთად იქნებით. პატარას ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და აკოცეთ. იყავით მასთან ახლოს.

ბავშვებს სჭირდებათ სტაბილურობა. შეეცადეთ დაიცვათ  ბავშვისთვის ჩვეული დღის რეჟიმი. უფრო ხშირად აიყვანეთ  ბავშვი ხელში, ითამაშეთ მასთან ერთად.

ბავშვი 1,5-დან 3 წლამდე

სიტუაციის აღქმის თავისებურებები

ბავშვები გრძნობენ და ხედავენ ცვლილებებს ოჯახში. უფრო ხშირად, ამას საკმაოდ  ძლიერ განიცდიან. პირველ რიგში, ეს იმით არის განპირობებული, რომ ამ დროს მათ აქვთ მშობლებთან ყველაზე ძლიერი ემოციური კავშირის პერიოდი. ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა გზით (როგორც შეგნებულად, ისე არაცნობიერად) მიიპყრონ მშობლების ყურადღება. ისინი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მშობლები ერთად იყვნენ. ბავშვებს შეუძლიათ გახდნენ უფრო ჭირვეულები, გამოავლინონ რომელიმე დაავადების სიმპტომები, ბავშვს შეიძლება დაეწყოს ენის დაბმა, რეგრესი განვითარებაში და ა.შ.

სასურველი ქცევა: პატარა ბავშვებს შეიძლება აუხსნათ ვითარება შემდეგნაირად: “მამა აღარ იცხოვრებს ჩვენთან. სხვა ადგილას გადავა, მაგრამ მას ხშირად ნახავ. ერთად ისეირნებთ, ითამაშებთ და გაერთობით”.

ბავშვი 3-დან 6-7 წლამდე

სიტუაციის აღქმის თავისებურებები

ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება, მას უკვე ბევრი ესმის,  კიდევ უფრო მეტს გრძნობს. ამ ასაკის ბავშვები ცდილობენ მშობლების მიბაძვას. აიდეალებენ მათ. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში, განქორწინება განსაკუთრებით ძლიერ ემოციებს იწვევს. ბავშვი ყველაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მას ჯერ კიდევ არ ესმის “განქორწინების” კონცეფციის მთელი არსი, მაგრამ არ სურს  მშობლების დაშორება. ოჯახის დანგრევამ და შეჩვეულის დაკარგვამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა შიში, უძილობა, შფოთვის ზოგადი დონის მომატება და თავდაუჯერებლობა.

მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ასაკში ბავშვები მშობელს მისაბაძ მოდელად აღიქვამენ, ამიტომ სასურველია მოიქცეთ, რაც შეიძლება ღირსეულად. სწორი იქნება ბავშვს მარტივად და მისთვის გასაგებად აუხსნათ მომხდარი, რომ ასეც ხდება და მშობლების ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რომელიმე მშობელთან შეეზღუდება ყოფნა და ურთიერთობა.

ბავშვი 7-დან 10 წლამდე და 10-დან 18 წლამდე

სიტუაციის აღქმის თავისებურებები

თუ განქორწინებისას ბავშვი ამ ასაკშია – ამ პერიოდშისპერიოდში ისინი მწვავედ განიცდიან მშობლების განქორწინებას. განსაკუთრებით მაშინ, თუ  განქორწინების წინა პერიოდის ყველა ნიუანსი მათ თვალწინ მოხდა. ეს შეიძლება გამოვლინდეს მათი ცუდი ქცევით, ჯანმრთელობის გაუარესებით, მშობლებისადმი მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულებით, პროტესტით.

ბავშვებმა შეიძლება განიცადონ იმედგაცრუება, უკმაყოფილება, მარტოობა. განქორწინების შედეგად ჩამოყალიბებული ვითარება მოზარდებმა შეიძლება გამოიყენონ მშობლების მანიპულირებისთვის. ან შეიძლება დაიწყონ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის იგნორირება.

ამ დროს, პირველ რიგში ბავშვისთვის  აუცილებელია თვითშეფასებისა და უსაფრთხოების გრძნობის აღდგენა. გულწრფელად დაინტერესდით ბავშვის ცხოვრებით, გაესაუბრეთ მის გრძნობებზე. ესაუბრეთ იმაზე, რომ განქორწინების შემდეგაც მის მიმართ მშობლების მხრიდან არაფერი არ შეცვლილა. დედასაც და მამასაც ის ისევ ისე უყვართ, უბრალოდ მათ ამიერიდან ცალ-ცალკე ცხოვრება მოუწევთ. აუხსენით ბავშვებს, რომ ახლა მშობლებს საკუთარი, დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება ექნებათ.

მშობლების განქორწინების შემდგომ პერიოდში ბავშვებს მეგობრებთან, თანატოლებთან და ახლობლებთან მაქსიმალური ურთიერთობა სჭირდებათ. სოციალური აქტიურობა მათ საშუალებას აძლევთ თავი დააღწიონ შემაშფოთებელ აზრებსა და არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში.

არ არის სასურველი მოზარდს განქორწინების მიზეზები დაწვრილებით გააგებინოთ, მით უმეტეს ერთ-ერთი მეუღლის არასწორი საქციელის შესახებ, რაც განქორწინების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით ღალატისა და ისეთი სიტუაციის შესახებ, რომელიც თქვენს ღირსებას დაამცირებს.

როგო იცვლება ბავშვის ცხოვრებაში მშობლების განქორწინების შემდგომ?

ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი ისეთი ცვლილება, როგორიცაა განქორწინება, თავისთავად გულისხმობს ერთ-ერთ მშობელთან დაშორებას, რაც მის ფსიქიკასა და ხასიათზე იმდენად უარყოფითად მოქმედებს, რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვის ისტერიკის მიზეზადაც კი იქცეს. ბავშვების ქცევა სხვადასხვაგვარად გამოიხატება.

ზოგჯერ ბავშვები ზემოთქმულს კარგად იყენებენ მანიპულირებისთვის, ანუ როდესაც ერთი მშობელი უარს ეუბნება თხოვნის შესრულებაზე, მეორე – მას უსრულებს. ამ დროს მშობლები გაუცნობიერებლად ექცევიან ბავშვის მანიპულაციის ქვეშ, რის გამოც ,,დაჩაგრული” ბავშვისთვის ყველა სურვილის შესრულებას ცდილობენ.

ასეთ დროს სასურველია, რომ მშობელი არ აყვეს ემოციებს, ვინაიდან მშობელზე გავლენის მქონე ბავშვი ამ ხერხის გამოყენებას მომავალშიც ეცდება, რაც მის სამომავლო განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. 

ასე რომ, მშობლებს უნდა ახსოვდეთ ბავშვის ნორმალურად განვითარებისათვის იშვნელოვანია, რომ მისთვის არსებობდეს საზღვრები, მან უნდა იცოდეს რა შეიძლება და რა არა.

რამდენად რთულია განქორწინების შედგომ ახალი ურთიერთობის დაწყება?

განქორწინების შემდეგ ახალი ურთიერთობის დაწყება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებსაც ეხება. ზოგი მშობელი თვლის, რომ თუ მის ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდება, ამით ბავშვი დაიჩაგრება. ჩანასახშივე ასეთი მსჯელობა არასწორია.

გახსოვდეთ, თუ თქვენ აპირებთ თავი გადადოთ და მხოლოდ ბავშვს მიუძღვნათ თქვენი ცხოვრება, თქვენ ანგრევთ როგორც შვილის, ასევე საკუთარ პირად ცხოვრებას. უბედური მშობლები ბავშვს ვერ გააბედნიერებენ. აქ მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ და ბავშვებთანაც ვისაუბროთ იმ თემაზე, რომ მშობლის ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა და იწყება ახალი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მის მიმართ მშობლის  სიყვარული უცვლელია, მაგრამ მშობელსაც აქვს სურვილები, მშობელსაც სჭირდება პირადი სივრცე და პირადი ცხოვრება. ახალი ცხოვრების დაწყება რთულია, მაგრამ სწორი ურთიერთობის, მოთმინებისა და სიყვარულის შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილას დგება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები