რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური განვითარება ბავშვებისთვის - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური განვითარება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თამარ მუმლაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვებთან?

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი კომპონენტია, ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ისეთ სფეროებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად: ფიზიკური, მოტორული და კოგნიტური სფეროები. ამიტომ ამ უნარების განვითარებასაც სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მათი მხრიდან, ვინც ზრუნავს ბავშვის ამა თუ იმ კუთხით განვითარებაზე. ესენი არიან ერთი მხრივ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები, მეორე მხრივ კი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი.

დღეისათვის ბევრ ქვეყანაში სათანადოდ აღიარებულია სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელობა და ბავშვთა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე არის დანერგილი   შესაბამისი სპეციალური პროგრამები. ასეთი პროგრამების შედეგად, ბავშვები იძენენ შესაბამის ცოდნას, უნარებსა და ატიტუდებს, რაც ეხმარება მათ არა მარტო სასკოლო ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების პროგრამების სარგებელი საკმაოდ დიდია, ამასთან სარგებელი არის არა მარტო ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივიც. ემპირიული მონაცემების თანახმად, ზემოთხსენებული სასწავლო პროგრამების შედეგად ბავშვებსა და მოზარდებთან ვლინდება შემდეგი სახის პოზიტიური შედეგები:

• აღინიშნება პოზიტიური ცვლილებები განათლებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების, ქცევებისა და აკადემიური მოღწევების თვალსაზრისით – მოსწავლეებს აქვთ სწავლის მეტი მოტივაცია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვლინდება გაკვეთილებზე დასწრების და საკლასო-საშინაო დავალებების შესრულების უფრო მაღალი ხარისხი;

• მნიშვნელოვნად მცირდება რთული ქცევების გამოვლენა – მაგ: ნაკლებად ვლინდება აგრესიული, ასოციალური ქცევები, ბულინგის შემთხვევები და სხვა, როგორც სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე მის გარეთ;

• მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბავშვების/მოზარდების ემოციური მდგომარეობა – ნაკლებად ვლინდება შფოთვა, სტრესი, ემოციური რეგულაციის და სხვა სახის ფსიქოლოგიური სირთულეები;

• უმჯობესდება სოციალური ურთიერთობები – ბავშვები/მოზარდები უფრო ადვილად ამყარებენ პოზიტიური ურთიერთობებს თანატოლებთან და უფროსებთან;

• იზრდება პროსოციალური ქცევების გამოვლენის სიხშირე – უკეთ ხდება სხვების მდგომარეობის და საჭიროებების შეფასება და შესაბამისი დახმარების გაწევა.

რა როლი ენიჭებათ ამ პროცესში მშობლებს?

მშობლებს, აღმზრდელებს, პედაგოგებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ისეთი სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაში, როგორიცაა: ეფექტიანი კომუნიკაცია, ემოციების გაგება, ემპათია და ემოციების მართვა, განსხვავებულობის მიმღებლობა და ტოლერანტობა, პოზიტიური ურთიერთობების წარმოება, პროსოციალური ქცევების გამოვლენა, ჯანსაღი თვით-შეფასების ჩამოყალიბება, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისთვის.

იმისათვის, რომ ზრდასრულებმა ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა შევძლოთ, ჩვენ გვმართებს:

1. ვაღიაროთ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მნიშვნელობა. ძალიან კარგია, როდესაც ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ინტელექტუალურ განვითარებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალურ-ემოციური უნარების გამომუშავებასაც ხელშეწყობა სჭირდება.

2. ვიზრუნოთ საკუთარი უნარების, აღზრდისა და სწავლების მიდგომების გაუმჯობესებაზე. არცთუ იშვიათად, ბავშვის საჭირო უნარების დეფიციტი, ან არასწორი ქცევითი პატერნები დასწავლილი / განმტკიცებულია სწორედ გარშემომყოფების არასათანადო მიდგომების შედეგად. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ აღჭურვილნი შესაბამისი ცოდნით და უნარებით.

3. მოვუსმინოთ სპეციალისტებს, გავეცნოთ შესაბამის გზამკვლევებს, რეკომენდაციებს. როგორც მშობლებს, როგორც აღმზრდელ-პედაგოგებს, შეიძლება ყოველთვის არ გვქონდეს ხელთ საკმარისი ინფორმაცია ბავშვის სწორად აღზრდის და განვითარების საკითხებზე. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ვიზრუნოთ შესაბამისი სპეციალისტებისგან ინფორმაციის მოპოვებაზე.

4. ვიყოთ კარგი როლური მოდელები, ბავშვები ხომ მუდმივად გვაკვირდებიან და ჩვენგან სწავლობენ ძალიან ბევრ რამეს. თუ არასრულწლოვანს ჩვენ თვითონ ვაძლევთ არასწორ მაგალითს, ვთქვათ, გამოვხატავთ აგრესიას, მაშინ გაგვიჭირდება ბავშვებისათვის არააგრესიული, ასერტული კომუნიკაციის, ან ბრაზის მართვის სწავლება.

5. ვასწავლოთ, ავუხსნათ რა არის სწორი და არასწორი, რა არის მისაღები და რა მიუღებელი. ბავშვს ვერ მოვთხოვთ ისეთი წესის შესრულებას, ისეთი ტექნიკის გამოყენებას, რაც მისთვის არ გვისწავლებია.

6. სისტემატურად ვაჩვენოთ, გავაკეთებინოთ. ბავშვების ,,გავარჯიშება” ამა თუ იმ უნარის გამომუშავებისთვის უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად როგორც ბუნებრივ სიტუაციებში, ყოველდღიური აქტივობებისას, ისე სპეციალურად დაგეგმილი როლური თამაშების და სხვა ტიპის შესაბამისი სავარჯიშოების გამოყენებით.

7. შევაქოთ, წავახალისოთ, დადებითად განვამტკიცოთ მისაღები ქცევები, ამა თუ იმ უნარის სათანადოდ გამოვლენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მხრიდან პოზიტიური ყურადღების გამოვლენა ბავშვის მისაღები ქცევის გამოვლენისას გაზრდის ამ ქცევის განმეორებით გამოვლენის ალბათობას მომავალში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი