LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებს უნდა მიექცეს ყურადღება სასკოლო ასაკში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

8
სურათი

სასკოლო ასაკი ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, სადაც ყოველ ასაკობრივ ჯგუფს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი თავისებურება ახასიათებს – ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური, პიროვნული და სოციალური მიმართულებით. როგორია სასკოლო ასაკის განვითარების სტადიები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

რა ეტაპებია სასკოლო ასაკში გასავლელი?

სასკოლო ასაკი, რომელიც განსაზღვრულია 6-წლიდან 18-წლის ჩათვლით მოიცავს ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების რამოდენიმე კრიტიკულ ეტაპს, რომლებსაც ბავშვები სასკოლო გარემოში გადიან. მაგალითად, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რასაც დაწყებით საფეხურად მოიხსენიებენ, ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ლატენტური პერიოდია, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ დროს მათთვის საინტერესოა რა ხდება გარემოში, როგორები არიან სხვა ადამიანები, მასწავლებლები თუ თანატოლები. აინტერესებთ და სწავლობენ როგორია სოციალურად მისაღები ან მიუღებელი ქცევა, როგორ მიიქციონ ყურადღება, მიიღონ სასრუველი და ა.შ.

მე-6 კლასი ერთგვარი გარდამტეხია ბავშვობასა და მოზარდობას შორის (11-12 წ) და უკვე 7 კლასიდან იწყება რეალური პუბერტატის პერიოდი, ე.წ. „გარდატეხის ასაკი“, მთელი თავისი სირთულეებით, წინა პლანზე გამოდის პიროვნული კონფლიქტები, ემოციური არასტაბილურობა, საკუთარი თავის ძიება, დამკვიდრება, აღიარება თანატოლებისგან და ა.შ. ამ პერიოდში მოზარდისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მასზე უფროსები, მათთვის პრიორიტეტულია თუ რას იფიქრებენ მათზე თანატოლები.
ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ოჯახური გარემო, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი სასკოლო გარემო, რომელიც ბავშვს სჭირდება პირველივე კლასიდან. რეალურად, ის თუ როგორი მასწავლებლები და საკლასო გარემო ექნებათ მათ დაწყებით კლასებში, განაპორობებს მათ ქცევას და გამოკიდებულებებს შემდგომ კლასებში გადასვლისას.
დაწყებით კლასებში ბავშვს აქვს თვითშეფასების პრობლემა, რასაც თუ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს უფროსებმა (მშობლებმა/მასწავლებლება), ეს პრობლემა დროთა განმავლობაში გადაიზრდება ქცევით და ემოციურ სირთულეში, ანუ თვითშეფასების პრობლემა,რომელიც თვალსაჩინო იყო პატარა ასაკში, ასაკის მატებასთან ერთად შეიფარა არასასრველი ქცევით (გამომწვევი ქცევა, პროტესტი, აგრესიული ქცევა) და ემოციური სირთულეებით (ზედმეტად მგრძნობიარე, იმპულსური, აგრესიული, ზედმეტად მორცხვი). თუკი კიდევ ყურადღების მიღმა დარჩა ეს საკითხი, საშუალო და საბაზო კლასებში ეს პრობლემა უკვე გადადის თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეში, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემაში და შედეგად შესაძლოა მივიღოთ მოსწავლე, რომელიც არღვევს სასკოლო დისციპლინას, ავლენს ანტისოციალურ ქცევას, აქვს ცუდი აკადემიური მოსწრება. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ თვითშეფასების პრობლებით არ შეიძლება იყოს გამოწვეული და ბევრი სხვა ვარიანტი იყოს პრობლემის მიზეზი.

რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლების მიდგომა?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გარდა ბავშვის პიროვნული თავისებურებებისა არის მასწავლებელი და მისი მიდგომა მოსწავლისა და კლასისადმი – ის რასაც კლასის მართვას ვუწოდებთ. დღეს ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასათანადო/არასწორმა სტრატეგიებმა? მაგალითად, შედეგად მივიღებთ კლასის მიშვებულობას ან შიშს, საკლასო პრობლემების ვერ ან არ დანახვას, არასისტემურობას, რასაც თავის მხრივ მოყვება მოსწავლეებთან პრობლემები. საბოლოოდ კი ამას მივყავართ მოსწავლე-მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უთანხმოებასა და სირთულეებთან სასწავლო პროცესში.
კლასის მართვის სტრატეგიების გადაფასება საჭიროა ყოველწლიურად, გათვალისწინებული უნდა იყოს კლასისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი თავისებურება, ის რომ ყოველი მომავალი თაობისთვის განსხვავებული მიდგომაა საჭირო. რეალურად ეს არის ერთი-ერთი ყველაზე დიდი პრევენციული სამუშაო, მოსწავლის ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარებისთვის და მისაღები სოცილური ქცევის ფორმირებისთვის.
დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია თუ რა არის სასკოლო ბულინგი. ეს არის რეალურად იმ პრობლემების ვერ ან არ დანახვის შედეგი, რაც ბავშვებს ექმნებათ განვითარების პროცესში.

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:
1. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უნდა მოხდეს გამოვლენისთანავე

2. მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება

3. ეფექტურია კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენება

4. ასწავლეთ მოსწავლეებს სოციალურ-ემოციური კომპეტენციები

5. აუცილებელია სკოლებში ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფა

6. უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი სასკოლო გარემო, რომელიც ბავშვს სჭირდება პირველივე კლასიდან

7. უფროსების მხრიდან მნიშვნელოვანია საკუთარ ემოციურ სტაბილურობასა და კარგ განწყობაზე ზრუნვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები