LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს უყურადღებობასა და გაფანტულობას ბავშვებსა და მოზარდებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

176
natia-qoiava-news34345

გადაცემის ლაივი LIVE

რა იწვევს უყურადღებობასა და გაფანტულობას ბავშვებსა და მოზარდებში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნათია ქოიავა.

რამდენად ხშირიად ვხვდებით აღნიშნულ პრობლემას?

დღევანდელ დღეს,  ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც შვილის უყურადღებობით არ იყოს შეწუხებული, სასწავლო თუ სხვა პროცესებში. მაგალითად, სკოლიდან დაბრუნების, ცოტა დასვენების და სადილობის შემდეგ, როცა დროა, ბავშვი სამეცადინოდ წიგნებს მიუჯდეს, სანამ ამას გააკეთებს, ათას რამეს მოიფიქრებს, უამრავ სხვა საქმეს გამოიჩენს, მერე ხან რვეულს კარგავს, ხან – კალამს… ბოლოს და ბოლოს, როცა სამეცადინოდ დაჯდება, წამდაუწუმ პოულობს მეცადინეობის შეწყვეტის საბაბს: ხან წყალი მოუნდება, ხან საპირფარეშოში შესვლა, ხან მუცელი ასტკივდება, ხან თავი… ბოლოს აღმოჩნდება, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა აქვს დავალებად… სიტუაცია ალბათ ბევრ მშობელს ეცნობა.

ხშირად, მასწავლებლებისგანაც გვესმის ხოლმე საყვედურები ამა თუ იმ ბავშვის მისამართით: „ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ძალიან გაფანტულია, უჭირს კონცენტრირება; არ მისმენს, ველაპარაკები, მაგრამ გონებით სულ სხვაგან დაფრინავს; მიყურებს, გეგონება მისმენს, მაგრამ მე ერთს ვეუბნები და ის სულ სხვა რამეს მპასუხობს…“

რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ეს ფაქტი?

ბავშვები ჩვენც ვყოფილვართ, მეცადინეობაც დაგვზარებია, ერთ ადგილზე ჯდომაც, ათასი მიზეზიც გვიძებნია, თავის დასაძვრენად. გარდა ამისა, შესაძლოა, მოგვჩვენოს, რომ ბავშვი უყურადღებოდ არის არ გვისმენს, გაკვეთილის ახსნის პარალელურად, სხვა საქმით არის დაკავებული, სინამდვილეში, ყველაფერი ესმოდეს და ყველაფერს შესანიშნავად აღიქვამდეს. ამიტომ, სანამ დასკვნას გავაკეთებთ, უნდა გადავამოწმოთ, აქვს თუ არა ბავშვს ყურადღების კონცენტრირების, ინფორმაციის აღქმის პრობლემა. ხოლო თუ ბავშვი, უყურადღებობის გამო, ვერ ახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას, მას ძალიან გაუჭირდება მისი როგორც გააზრება, ისე დამახსოვრება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღქმის, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების ფსიქიკური პროცესები ერთმანეთთან კავშირშია და თუ ისინი ურთერთშეთანხმებულად არ მუშაობს, სწავლაში წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაშინ სრულიად გასაგები ხდება მშობლებისა თუ მასწავლებლების შფოთვა და წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, აქვე, არ შეიძლება არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ უმცროსკლასელი ბავშვის ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოკლებულია სიმტკიცეს, რის გამოც მას უჭირს ყურადღების ერთსა და იმავე ობიექტზე ხანგრძლივად შეჩერება. აუცილებელია, უმცროსკლასელთა მშობლებმა და მასწავლებლებმა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ მათი ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე უფროსკლასელის ან ზრდასრული ადამიანის. შესაბამისად, მიწოდებული სასწავლო მასალიდან უმცროსკლასელი მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა რჩება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს მშობლების და მასწავლებლების უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი. ამ ასაკში ბავშვს ასევე ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს განვითარებული ყურადღების გადანაცვლების და განაწილების უნარი.  ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ყურადღების მიზანმიმართული განვითარებისათვის. შესაბამისად, ცხადია, აქ გვმართებს რაც შეიძლება მეტი სიფრთხილის, მოთმინების გამოვლენა, რათა მისი ყურადღების განვითარება სწორად მოხდეს.

რა შეიძლება იყოს უყურადღებობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებსა და მოზარდებში?

უყურადღებობას შესაძლოა ჰქონდეს არაერთი გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი:

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)ამ სინდრომის მქონე ბავშვი გამოირჩევა მოჭარბებული აქტივობებით, იმპულსურობით, ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარით. მას უჭირს ყურადღების ერთი მიმართულებით წარმართვა, თუნდაც მცირე დროის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები სკოლაში წასვლამდე იჩენს თავს (3-5 წლის ასაკში) სკოლა და სასწავლო პროცესი მას უფრო შესამჩნევს ხდის ხოლმე;
  • სუსტი ჯანმრთელობა, მწვავე ან ქრონიკული სომატური დაავადება. ორგანიზმის სისუსტე და მომატებული დაღლილობა შეიძლება გახდეს კონცენტრაციის გაძნელების, უყურადღებობის, დაბალი შრომისუნარიანობის მიზეზი;
  • ნერვული სისტემის სისუსტე.გაფანტულობა და უყურადღებობა დამახასიათებელია სუსტი და ინერტული ნერვული სისტემის მქონე ბავშვებისთვის. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე ბავშვები კონცენტრაციის, ყურადღების გადართვის და განაწილების კარგი უნარით გამოირჩევიან.
  • გადატვირთვა, გადაღლა, არასრულფასოვანი დასვენება, ძილის ნაკლებობა.დღევანდელი ბავშვები და მოზარდები საკმაოდ გადატვირთული არიან, ფიზიკურად, ინტელექტუალურად თუ ემოციურად. სკოლის გაკვეთილები, დამატებითი გაკვეთილები რეპეტიტორებთან, სხვადასხვა წრეზე სიარული, საშინაო დავალებების შესასრულებლად გვიან ღამემდე მუშაობა იწვევს იმას, რომ დასვენებისთვის ბავშვს დრო პრაქტიკულად აღარ რჩება, ვერ ასწრებს სრულფასოვნად კვებასა თუ გამოძინებას. ცხადია, ასეთი რეჟიმი აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უყურადღებობას და გაფანტულობას;
  • სტრესი, კონფლიქტები ოჯახსა თუ სკოლაშიშეიძლება ბავშვის უყურადღებობის და გაფანტულობის მიზეზი გახდეს;
  • არასაკმარისი მოტივაცია ან მოტივაციის არარსებობაბავშვები საოცარი გულმოდგინებით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებას, მაშინ როცა ძალიან უჭირთ ძალისხმევის დახარჯვა, თუ საქმიანობა/დავალება მათთვის უინტერესოა. მერწმუნეთ, თუ შევძლებთ, რომ ბავშვისთვის საინტერესო გავხადოთ ის საქმიანობა, რომლის შესრულებაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მათ უყურადღებობასა და გაფანტულობაზე შფოთვაც ავტომატურად მოიხსნება.

რა გზები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი და რა მიმართულებით მოგვიწევს მასთან მუშაობა. ნებისმიერ შემთხვევაში, რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ზუსტად შეიძლება ითქვას, რა არ უნდა გავაკეთოთ: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვის ბუნებრივ მოუსვენრობასთან/ცუღლუტობასთან გვაქვს საქმე, ყოვლად გაუმართლებელი და არაეფექტურია ამ პრობლემის დაძლევის მცდელობა მოუთმენლობით, ბრაზით, აგრესიით, ხმამაღალი ყვირილით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ძალადობით, იძულებით და ა.შ. ეს არც ერთ შემთხვევაშია გამართლებული და მით უმეტეს, თუ საქმე ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის გამოვლინებასთან გვაქვს, რაც ბავშვს შეიძლება ისედაც საგრძნობლად ურთულებდეს ცხოვრებას, მშობლებისა თუ მასწავლებლების გამუდმებული ჩიჩინი და საყვედურები მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. ეს არის მდგომარეობა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა „პრობლემა“ ბავშვის ქცევაში, რომელიც მშობლისა თუ აღმზრდელის მხრიდან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, მოთმინებას, ბრაზის დაძლევას, საკუთარი ეგოს გვერდზე გადადებას, უპირობო სიყვარულს და მიმღებლობას მოითხოვს. სწორედ ამაშია ბავშვის ნებისმიერი არასასურველი ქცვის მიზეზიც და გასაღებიც მათ მოსაგვარებლად.

7 რჩევა ნათია ქოიავასგან:

  1. ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვისას, აუცილებელია, მას შევუქმნათ მშვიდი, მყუდრო, გარეშე ;
  2. იმის გათვალისწინებით, რომ მშობელი არის მაგალითის მიმცემი თავისი შვილებისთვის, პირველ რიგში, ის თავად უნდა იყოს ყურადღებიანი, გამონახოს დრო მის მოსასმენად.
  3. იმისთვის, რომ ბავშვი იყოს მობილიზებული და ყურადღებით შეასრულოს დავალებები თუ მოვალეობები, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი.
  4. დაუშვებელია ბავშვის უზომო მეურვეობა. თუ მან იცის, რომ მის მაგივრად მოამზადებენ დავალებას, ის აღარ გამოიჩენს ძალისხმევას და ვერც იგრძნობს ყურადღების კონცენტრირების საჭიროებას.
  5. აუცილებელია დატვირთვის დოზირება, დასვენება, სრულფასოვანი კვება და ძილი, სუფთა ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ყოველთვის ექნება ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები; თუ ჩვენ, ზრდასრულებს გვიჭირს დაღლილობის შემთხვევაში ყურადღების მობილიზება, ეს გაცილებით უფრო რთულია ბავშვისთვის. დაუშვებელია, დაღლილი ბავშვი ვაიძულოთ, აკეთოს ის, რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვას გამოიწვევს;
  6. შევწყვიტოთ ბავშვებისთვის „იარლიყების მიკვრა“: „ცუდი“, „კარგი“, „ჯიუტი“, „გაუგონარი“, „უყურადღებო“ და ა.შ.
  7. და ბოლოს, გიყვარდეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც ისინი არიან, ცელქებიც, ჯიუტებიც, უყურადღებოებიც, გაფანტულებიც…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები