LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვჭირდება კარიერული ზრდისთვის – FM ქოუჩი

13
eka-babunashvilifm-coach

გადაცემის ლაივი LIVE

რა გვჭირდება კარიერული ზრდისთვის, როგორ დავგეგმოთ კარიერული განვითარება და რა ინსტრუმენტების გამოყენება მოგვცემს შედეგს, რა სიხშირით გვჭირდება სამსახურის გამოცვლა, მენეჯერის მხრიდან რა უნდა გაკეთდეს, რომ მუშაობა რუტინაში არ გადაიზარდოს – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა ეკა ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

რა გვჭირდება კარიერული ზრდისთვის?

კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული და პიროვნული ზრდა ფეხდაფეხ მიყვებოდეს ერთმანეთს. ერთის მხრივ, ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს საქმეში მოითხოვს მუდმივ გადამზადებას, პროფესიული სიახლეების გაცნობას, ახალი მიდგომების შესწავლასა და საქმიანობაში დანერგვას. დღევანდელ დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, თითოეული სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს ნებისმიერ პროფესიაში ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე აისახება.
მეორეს მხრივ, პროფესიული უნარების დახვეწა გამყარებული უნდა იყოს პიროვნული განვითარებით, რაც უდიდეს როლს თამაშობს წარმატების მიღწევის გზაზე. სწორედ ამ მიზნით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ქოუჩს, ერთვება პიროვნული განვითარების პროგრამებში და კომპანიები, აცნობიერებენ თანამშრომლების პიროვნული განვითარების მნიშვნელობას, ჯგუფური და გუნდური ქოუჩინგის, სხვადასხვა ტრენინგების დაფინანსებით დამატებით შესაძლებლობებს უქმნიან მათ.

როგორ დავგეგმოთ კარიერული განვითარება და რა ინსტრუმენტების გამოყენება მოგვცემს შედეგს?

თითოეულ ადამიანი, რომელიც კარიერული განვითარებითაა დაინტერესებული ისახავს კარიერული განვითარების მიზნებს, ადგენს წლიურ გეგმას და მიყვება მას. ამასთანავე, ასეთი გეგმა მოიცავს როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, სხვადასხვა პიროვნული კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, საკომუნიკაციო უნარები (ე.წ. სოფტ სკილლს “რბილი უნარები”) და სხვ.
ადამიანური რესურსების მართვაში, დღევანდელ დღეს, ასეთ გეგმას “პიროვნული განვითარების გეგმა ეწოდება”. ეს გეგმა იქნება უფრო საფუძვლიანი თუ ჩვენ მის შედგენამდე კარგად გავიაზრებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და განვითარების ზონებს (ე.წ. სუსტი მხარეები). ამისათვის ხშირად გამოიყენება ფსიქომეტრიული ტესტირება, რომელიც გვიწყობს ხელს გავიაზროთ ჩვენი საკომუნიკაციო სტილი, შევაფასოთ მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, ინტროვერსიისა თუ ექსტრავერსიისკენ მიდრეკილება, საბაზისო შიშები და სხვა ფაქტორები, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჩვენს წარმატებაზე. ასევე, შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია უკუკავშირის მიღება: როგორ გხედავენ თქვენ თანამშრომლები და რამდენად ემთხვევა ეს შეფასება თქვენეულ აღქმას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავფიქრდეთ, რამდენად კარგად გამოგვდის გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები.
მეორე ეტაპი კარიერული განვითარების გზაზე იქნება გამოვყოთ ის განვითარების ზონები, რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტ შედეგს მოგვიტანს. მთავარი შეკითხვა, რომელიც აქ შეიძლება დავუსვათ ჩვენს თავს, იქნება: რომელი უნარის განვითარება მოახდენს ზეგავლენას ჩემს სხვა უნარებზე და მომცემს საშუალებას უკეთ წარმოვაჩინო ჩემი თავი?
მაგალითად, თუ ტესტირებამ ან უკუკავშირმა გამოავლინა, რომ თავდაჯერებულობა მაკლია, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი, რატომაც ვერ წარმოვაჩენ ჯეროვნად სხვა, თუნდაც პროფესიულ კომპეტენციებს. აქედან გამომდინარე, თავდაჯერებულობის ამაღლება იქნება ის რაც დადებით დინამიკას შეიტანს ჩემს კარიერულ განვითარებაში და მომცემს საშუალებას გამოვხატო ჩემი ცოდნა, კომპეტენცია და გადავინაცვლო კარიერულ კიბეზე ზემოთ.
მესამე ეტაპი, უკვე უშუალოდ, მიზნების დასახვას შეგვიძლია დავუთმოთ და შეკითხვა, რომელიც მნიშვნელოვანია დავსვათ ასე ჟღერს: რა დროში მსურს ამ უნარის განვითარება და როგორ მივხვდები რომ მივაღწიე შედეგს?
მიზანი ფორმულირებულად ითვლება თუ იგი დროშია დაფიქსირებული. სხვა შემთხვევაში მისი მიღწევა, შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს და ამან მოტივაცია დაგვიკარგოს.
მეოთხე ეტაპი არის უშუალოდ დაგეგმარების ეტაპი, როდესაც ვადგენთ ჩვენი კარიერული განვითარების კალენდარს, სადაც გაწერილია ის სასწავლო კურსები, პიროვნული განვითარების პროგრამები თუ ინსტრუმენტები, რომელსაც გავივლით და გამოვიყენებთ. თუ აქვე ვიფიქრებთ იმაზე, ვინ იქნება ჩვენი თანამოაზრე და მხარდამჭერი, კიდევ უფრო მამოტივირებელს გავხდით ჩვენი განვითარების გზას და მიზნებსაც მეტი შემართებით მივაღწევთ. საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით, ჩვენი განვითარების გზაზე წარმატება 55%-ით მხარდამჭერ გარემოზეა დამოკიდებული. ამიტომაც, სწავლის ჯგუფური ფორმატი, ქოუჩის დახმარება, თანამოაზრეების იდენტიფიცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მხარდამჭერ სისტემას დროული დასვენების, სრულფასოვანი ძილის რეჟიმისა და ჯანსაღი ცხოვრების უნარები ავსებს, ვინაიდან განვითარების გზაზე ენერგია და შემართება გვჭირდება.

რამდენად მნიშვნელოვანია ზრდა და რა სიხშირით გვჭირდება სამსახურის გამოცვლა?

კარიერული ზრდა თვითრეალიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თვითრეალიზებულად კი მაშინ ვგრძნობთ თავს, როდესაც ვაკეთებთ იმ საქმეს რომელიც მოგვწონს და ჩვენს ფასეულობებთან იკვეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩემი ძირითადი მოთხოვნილება და მოწოდება ადამიანებზე ზრუნვაა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ დამხმარე პროფესიებში ვიპოვი. ექიმი, ფსიქოთერაპევტი, კონსულტანტი ეს იმ პროფესიების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება ჩემს მოწოდებად იქცეს. სამსახურის გამოცვლის სიხშირის მოთხოვნილება კი ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული, ასევე, იმ პროფესიული განვითარებების შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს სამსახური გვაძლევს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სტაბილურობის ფაქტორი უქმნით მოტივაციას და თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება, ისინი წლების განმავლობაში იმუშავებენ ერთ კომპანიაში. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მრავალფეროვნებისკენ მიილტვიან და, შესაბამისად, მოთხოვნილება ექნებათ სხვადასხვა გამოცდილება მიიღონ.

მენეჯერის მხრიდან რა უნდა გაკეთდეს, რომ მუშაობა რუტინაში არ გადაიზარდოს?

ჩემი რწმენით, კარგი მენეჯერი იმით გამოირჩევა, რომ იგი მუდმივად ზრუნავს თანბამშრომლების განვითარებაზე და აღნიშნულს ახორცილებს, როგორც მუდმივი უკუკავშირით, ასევე, თანამშრომლებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. სწორედ განვითარების ფაქტორი აძლევს საშუალებას მენეჯერს ყოველდღიური რუტინა აქციოს საინტერესო, განმავითარებელ ინტერაქციად გუნდში. ამისათვის, კარგი მენეჯერი ახდენს საქმის სწორად დელეგირებას, ისე, რომ თანამშრომლისთვის მიცემული ამოცანების გარკვეული ნაწილი მაინც მოიცავდეს ჯანსაღ გამოწვევას და ემსახურებოდეს თანამშრომლის პოტენციალის გამოვლენას. ჯანსაღი კომუნიკაცია, მადლიერება და თანამშრომლის ძლიერი მხარეების აღნიშვნა კი ყოველდღიურ საქმიანობას დადებით ემოციას სძენს, რაც განვითარების მუხტს აძლევს თანამშრომლებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები