LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზიტიურ ცვლილებებს და „გუდვილის“ წარმატებულ განვითარებას პირველ რიგში, მყიდველი განსაზღვრავს – გიორგი ხაბაშვილი

25
gudvili

22 აპრილს რადიო „ფორტუნამ“ და გვანცა ლაღიძის გადაცემამ „წარმატების ფორმულა“ „გუდვილის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ხაბაშვილს უმასპინძლა, რომელმაც  ჰიპერმარკეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს წარმატების საკუთარი ფორმულა შესთავაზა.

– ბატონო გიორგი, „გუდვილი“ პირველი პრემიუმ კლასის ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომელმაც ძალიან სწრაფად შეძლო განვითარება. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მისი გახსნის იდეა და ვის თვლით მთავარ კონკურენტეტად?

– „გუდვილის“ შექმნის იდეა ბატონ გიორგი შევარდნაძეს ეკუთვნის, რომელმაც 2003 წელს შეძლო ჩანაფიქრის განახორციელება. აღსანიშნავია, რომ „გუდვილი“ ევროპული ტიპის პირველი ჰიპერმარკეტია, რომელიც ყოველთვის ხარისხსა და მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. ჩვენთვის პრიორიტეტული სწორედ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რომელსაც აუცილებლად ჯანსაღ პროდუქტს, სასიამოვნო გარემოს და უმაღლესი დონის სერვისს ვთავაზობთ, რადგან 21-ე საუკუნის სუპერმარკეტში არა მხოლოდ  საკვები პროდუქტის შეძენა, არამედ ე.წ. „შოპინგის“ მოწყობა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარებაც შეიძლება. სხვათაშორის, ერთ-ერთი პირველი ონლაინ პლატფორმაც – Goodwilldelivery.ge სწორედ ჩვენ შევქმენით, რაც ნამდვილ ინოვაციად იქცა იმ პერიოდში.

– „გუდვილი“ მუდმივად ანებივრებს მომხმარებელს ინოვაციებით, რომლებიც სწრაფად ხდება პოპულარული,

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ზოგადად, კომპანიის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს – გუნდი, რომელიც ყოველთვის წინსვლაზეა ორიენტირებული, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება და რა თქმა უნდა, ინოვაციების დანერგვა.

– საინტერესოა, როგორ ახერხებთ რეაბილიტაციის პროცესში სტაბილურობის შენარჩუნებას, მაშინ, როცა ბევრი სხვა კომპანია უკვე გაკოტრდა?

– პოზიტიურ ცვლილებებს და „გუდვილის“ წარმატებულ განვითარებას პირველ რიგში, მყიდველი განსაზღვრავს. აუცილებლად ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ლოიალური მომხმარებელი გვყავს, რომელიც ყოველთვის ჯეროვნად აფასებს ჩვენს მონდომებას და ადეკვატურად პასუხობს ყველა სიახლეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჰიპერმარკეტის კლიენტთა რიცხი მუდმივად იზრდება, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ყოველდღიურად 12 ათას მყიდველს ვმასპინძლობდით, დღეს კი, მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა, რაც პირველ რიგში იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება მომხმარებელს.

– რას ემყარება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრინციპი?

– სტატეგიული თანამშრომლობა რამდენიმე მსხვილ მომწოდებელთან გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა, ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ პარტნიორებთან გაფორმებული კონტრაქტებს, რადგან სწორედ კომერციული პირობები  გვიცავს წამგებიან პირობებში აღმოჩენისგან, განსაზღვრავს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და მასზეა დამოკიდებული რეაბილიტაციის გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ათეულობით მილიონის დავალიანება უკვე დავფარეთ და ახლა თანამიმდევრულად მივყვებით წინასწარ შემუშავებულ გეგმას.

– რას თვლით „გუდვილის“ მთავარ გამოწვევად?

– ვფიქრობ, მთავარი ქსელის გაფართოვებაა, რასაც მომხმარებელიც დიდი ხანია ითხოვს. რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვმუშაობთ და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიეთ, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი და მსხვილი გადასახადები, სერიოზულად აფერხებს ჩვენს განვითარებას. თუმცა, მეტად საინტერესო პროექტი ხორციელდება საბურთალოზე „სითი მოლის“ ტერიტორიაზე, სადაც პრაქტიკულად დასრულდა უმაღლესი დონის, ძალიან კომფორტული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა რამდენიმე ასეულ ავტომობილზე გათვლილი პარკინგით. გაფართოვებას გეგმავს ჩვენი ჰიპერმარკეტიც. ასე რომ, წლის ბოლოს ახალი „სითი მოლის“ გახსნასთან ერთად ჩვენც განახლებულ „გუდვილში“ ვუმასპინძლებთ მომხმარებლს და მართლაც საოცარ სერვისს შევთავაზებთ. ამასთანავე, სულ რამდენიმე დღეში დიდი დიღმის ფილიალში, კაფეების ქსელს „აქვე“ ქართული კაფე შეემატება, სადაც გურმანები უგემრიელეს მწვადს, ქაბაბს და თონის პურს დააგემოვნებენ.

– ყოველთვის აქტიურად ზრუნავთ ქართული პროდუქციის განვითარებასა და პოპულარიზაციაზეც. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაცია?  

– ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვეხმარებით ქართულ ბრენდებს, რადგან ვთვლით, რომ ეროვნული წარმოების განვითარება ნებისმიერი ჩვენგანის ვალია. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს პროექტს „მოითხოვე ქართული“ და სისტემატურად ვმართავთ  მცირე და საშუალო მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვებს. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ნებისმიერი ახალი და საინტერესო შეთავაზებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტული მაინც ქართული ნაწარმია.

– გაქვთ თუ არა საყვარელი აქსესუარი?

– აქსესუარებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, რადგან მხოლოდ აუცილებელი ნივთებით ვსარგებლობ.

– რამ შეიძლება გაიძულოთ საქმიანი შეხვედრის გაუქმება?

– საბედნიეროდ, საკმაოდ წინდახედული ვარ და ყოვეთვის უარს ვამბობ უსარგებლო შეხვედრის გამართვაზე.

– საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად ამართლებს რადიკალური გადაწყვეტილება?

– გადაწყვეტილებას გააჩნია, რადგან ზოგჯერ მარცხი რადიკალიზმის გარეშეც გარდაუვალია.

– რას აფასებთ საქმიან პარტნიორში ყველაზე მეტად?

– ვფიქრობ, მთავარი გაცემული პირობის შესრულებაა, რადგან შეუძლებელია თანამშრომლობა ნდობის გარეშე.

ბლიცკითხვები:

– „გუდვილის“ სლოგანი?

– „როცა გინდა ხარისხი!“

– „გუდვილის“ რომელი ფილიალის მომსახურებით სარგებლობთ და რა ტიპის პროდუქტს იძენთ ყველაზე ხშირად?

– მეტწილად დიდი დიღმის ფილიალს ვსტუმრობ, სადაც ყველს და ხორცს, ხილს და ბოსტნეულს ვყიდულობ.

– თავად როგორი კულინარი ხართ?

– კულინარიის ნიჭი ბოლო დროს აღმოვაჩინე საკუთარ თავში და ბარბექიუს მომზადებაც ძალიან შევიყვარე.

– საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის?

– უცნაურია, მაგრამ დასვენებაც „გუდვილში“ მირჩევნია.

– რამდენად გიტაცებთ ხელოვნება?

– ძალიან მიყვარს კინო და მუსიკა, ამიტომ, არც დატვირთული დღის შემდეგ, გვიან ღამით ვამბობ უარს კარგი ფილმის ნახვაზე.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ ლამაზ პეიზაჟს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, თანდაყოლილი ნიჭის და დაუღალავი შრომის, მოტივაციის და კომუნიკაციის უნარის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები