LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად და მეორად ჰიპერპარათირეოზი – ქირურგი-ონკოლოგი ლევან რამიშვილი გადაცემაში „პულსი“

85
levan-ramishvili

1 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თავისა და კისრის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლევან რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც  მეტად აქტუალურ დაავადებაზე – პირველად და მეორად ჰიპერპარათირეოზზე ისაუბრა.

– ბარონო ლევან, პარათირეოზი მეტად ვერაგი დაავადებაა, რადგან მეტწილად სიმპტომების გარეშე ვითარდება. საინტერესოა, რას წარმოადგენს თავად დაავადება?

– მართალია, ჰიპერპარათირეოზი ენდოკრინოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან შედარებით, ბევრად იშვიათად ვლინდება, როცა ფარისებრი ჯირკვალების უკან მოთავსებული ოთხი ან ექვსი, მცირე ზომის პარათროიდული ჯირკვლი ჭარბად გამოყოფს პარათჰორმონს. ზოგადად, დაავადება  სამ ძირითად ჯგუფად – პირველად, მეორად და მესამედ ჰიპერპარათირეოზად იყოფა. პირველადი ჰიპერპარათირეოზისას ჭარბად გამოიყოფა პარათჰორმონი, რომელიც კალციუმის დონის მატებას და ფოსფორის შემცირებას იწვევს. სწორედ კალციუმის დონით განისაზღვრება პარათჰორმონის რაოდენობა და დგინდება დაავადება.

– როგორ უნდა მიიტანოს პაციენტმა ეჭვი დაავადებაზე?

– პირველად ჰიპერპარათირეოზზე ეჭვის მიტანა ძალიან რთულია, რადგან ძალიან იშვიათად, მხოლოდ 20%-ში ვლინდება სიმპტომებით – პერიფერიულ სისხლში კალციუმის მომატებით და ძვლების განლევით, პერიოდული არითმიით და ფაღარათით, თმის ცვენით და უძილობით, რასაც პაციენტი ნაკლებად აქცევს ყურადღბას და მხოლოდ დამძიმების შემთხვევაში ახლავს დაავადებას ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, რისი მიზეზიც კალციუმის მატება ხდება. დაავადება მეტწილად ქალბატონებს უვითარდებათ მენოპაუზის დროს, ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, პიკს კი, 60-65 წლის ასაკში აღწევს. პირველადი ჰიპერპარათირეოზი ორ ჯგუფად – ფარისებრი ჯირკვლის ადენომებად და ჰიპერპლაზიებად იყოფა. სწორედ ჰიპერპლაზიის დროს მენ მუტაციის დაფიქსირება მიანიშნებს დაავადების არსებობაზე. სამწუხაროდ, პაციენტები ან საერთოდ არ აკითხავენ ექიმს ან სხვა დაავადებას უჩივიან და ნაკლებად აქვთ წარმოდგენა რეალურ პრობლემაზე.

– გამომდინარე აქედან, დაავადების მკურნალობა პრაქტიკულად ყოველთვის დაგვიანებულია. საინტერესოა, რამდენად ეფექტურია ამ შემთხვევაში მედიკამენტებით მკურნალობა და რამდენად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა?

– პირველადი ჰიპერპარათირეოზის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, რათა ამოიკვეთოს ოთხიდან ან ექვსიდან ერთი – გადაგვარებული პარათროიდული ჯირკვალი,  ჰიპერპლაზიების შემთხვევაში კი, როცა ყველა პარათროიდული ჯირკვალი იზრდება,  ჯერ გენური მუტაციების შესწავლა, მენ1 მუტაციის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ქირურგი, რომელიც ოპერაციის მასშტაბებს განსაზღვრავს აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს, რადგან ჯირკვლის სრული ამოკვეთით პაციენტს კალციუმის ცვლა ერღვევა, ჩანაცვლებითი თერაპიის გავლა უწევს და იძულებულია მთელი ცხოვრება აკონტროლოს კალციუმი. პარათჰორმონის მონიტორინგი უშუალოდ ოპერაციისას ხორციელდება ქირურგის მიერ, რომელიც მეტწილად საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ეყრდნობა.

– გასულ წელს მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლეთ, რომლის ფარგლებში ტრანსორალური მეთოდით განახორციელეთ თირეოიდექტომია თურქ კოლეგებთან ერთად. რამდენად ხშირად მიმართავენ ანალოგიურ მეთოდს მსოფლიოში და გეგმავთ თუ არა მის დანერგვას საქართველოში?

– გეთანხმებით, გასულ წელს სწორედ თურქ კოლეგებთან ერთად დავნერგეთ ენდოსკოპიური ტრანსორალური თირეოიდექტომია და ძალიან ვამაყობ, რომ ამგვარი მეთოდის პიონერი ვარ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არა კანზე განაკვეთით, არამედ პირის ღრუს ლორწოვანადან ხორციელდება, რაც საკმაოდ რთულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. წლის განმავლობაში სამი ოპერაცია ჩავატარეთ და შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. დეკემბრის თვეში თავდაც გახლდით თურქეთში, სადაც ერთ-ერთ წამყვნ კლინიკაში ამჯერად პარათროიდული ჯირკვლების ენდოსკოპიური მეთოდით ამოკვეთის თემა განვიხილეთ. მართალია, თბილისში ოპერაცია ჯერ არ გაგვიკეთებია, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

– რამდენად ეფექტურია ქირურგიული ჩარევა პირველად ჰიპერპარათირეოზიის შემთხვევაში და რა შედეგს უნდა ელოდოს პაციენტი?

– პირველადი ჰიპერპარათირეოზის შემთხვევაში პროგნოზი მეტად კეთილსაიმედოა, რადგან ადენომის ამოკვეთის და გარკვეული თერაპიული მკურნალობის შემდეგ პაციენტი სრულად იკურნება, ჰიპერპლაზიების შემთხვავში კი, ყველაფერი პარათროიდული ჯირკვლის მოცულობაზეა დამოკიდებული, რადგან მხოლოდ საჭირო მოცულობის შენარჩუნების და გარკვეული ენდოკრინოლოგიური მკურნალობის შემთხვევაში აღიდგენს ფუნქციას. თუმცა, საკმაოდ მაღალია რეციდივირების ალბათობა,  როცა დარჩენილი ჯირკვალი ისევ იზრდება და პაციენტი იმავე პრობლემი წინაშე დგება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც სისტემატიურად გააკონტროლებს დაავადებას.

– რა მიზეზით ვითარდება მეორადი ჰიპერპარათირეოზია და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა?

– მეორად ჰიპერპარათირეოზიას თირკმლის უკმარისობა იწვევს, როცა  ჯერ კალციუმის ცვლა ირღვევა პერიფერიულ სისხლში, მერე კი, პარათროიდული ჯირკვლი იზრდება და მეორადი ჰიპერპარათირეოზია ვითარდება. დაავადების მკურნალობის ერთადერთი მისაღები მეთოდი – ქირურგიული ჩარევაა, როცა მართალია, სრულად ვკვეთავთ პარათროიდულ ჯირკვლებს, მაგრამ ვახორციელებთ მათ კრიოპრეზერვაციას ანუ გარკვეული პერიოდით ვყინავთ და მაშინ ვუნერგავთ პაციენტს ნაწილ-ნაწილ, როცა მისი სისხლი კალციუმით ივსება და ახლა უკვე პარათროიდული ჯირკვლების უკმარისობის პრობლემა ექმნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები