LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაქტიკოს პედაგოგებს წელს კომპეტენციის დასადასტურებლად ბოლო შანსი აქვთ – მაია ინასარიძე გადაცემაში “ინსაიდერი”

18
IMG_0272

22 მაისს, გადაცემა „ინსაიდერის“ თემაა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, სიახლეები კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე და მასწავლებელთა პროფესიული რეგულირების ახალი წესი, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

გადაცემის სტუმარი კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ -კონსულტანტი მაია ინასარიძეა

პრაქტიკოსი მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველების 2019 წლის გამოცდაზე დასარეგისტრირებად დრო 24 მაისის 18 საათამდეა. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

როგორც ცნობილია, 2020 წლიდან განათლების სისტემაში მასწავლებელთა პროფესიული რეგულირების ახალი წესები ამუშავებდა. სწორედ ამიტომ, მინისტრის გადაწყვეტილებით წელს პედაგოგები კომპეტენციის დადასტურებას ზაფხულის გარდა, შემოდგომაზეც შეძლებენ. ვინც საჭირო კრედიტებს ზაფხულში ვერ დააგროვებს,  ნოემბერში, განმეორებით გამოცდაზე გასვლის საშუალება მიეცემათ.

ქალბატონო მაია, თუა ცნობილი, რამდენი პედაგოგი დარეგისტრირდა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ამ დრომდე?

დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 22 968 მასწავლებელი, მათგან 14 360 მასწავლებელი დარეგისტრირდა პროფესიული უნარების გამოცდაზე.

გადაცემის ლაივ ჩანაწერი

გასული წლების მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, არის ეს მაღალი ოდენობა? 2020 წლიდან ახალი სქემით მოხდება კომპეტენციის დადასტურება და გამოდის რომ პედაგოგებისთვის ეს ბოლო შანსია…

ძალიან მაღალი ციფრია, თუ ასევე გავითვალისწინებთ, რომ 24-ში 18:00 საათზე წყდება რეგისტრაცია და ალბათ უნდა ველოდოთ რომ კიდევ მოიმატებს ეს მონაცემი. მთლიან მონაცემს რომ შევადაროთ, 36 668 პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს ამ ეტაპზე და თუ აქედან 23 ათასამდე მასწავლებელი უკვე დარეგისტრირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა აცხადებს სურვილს გაიაროს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა.

2020 წლიდან როგორ შეძლებენ პედაგოგები კომპეტენციის დადასტურებას, იმ შემთხვევაში, თუ წელს ეს ვერ შეძლეს?

მასწავლებლებს წელს ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია. ზაფხულში და შემოდგომაზე. ახლა არის მოკევადიანი კურსი, შემოდგომისთვის, განმეორებითი გამოცდაზე მოსამზადებლად უფრო მეტი დრო ექნებათ. პრაქტიკოსი მასწავლებლები ჯერჯერობით სკოლაში დარჩებიან. მათ ერთწლიანი ხელშეკრულება ექნებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოვა ახალგაზრდა კადრი, ან კადრი, რომელსაც აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ცხადია, უპირატესობა მიენიჭებათ მათ. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, რისკის ქვეშ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები და ცხადია, რომ მათი სურვილი და მიზანი უნდა იყოს, რომ დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია. მასწავლებლები 2020 წლიდან მხოლოდ და მხოლოდ სტატუსის შესაცვლელ გამოცდებს ჩააბარებენ, ვისაც უნდა სტატუსის ამაღლება, ის ჩააბარებს. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ეს ორი შანსია, ეს არის ერთგვარად ბოლო შანსი, მათი ოდენობა იქნება მილევად რეჟიმში. ახალგაზრდა კადრები მოვლენ, და ისინი ჩაანაცვლებენ პრაქტიკოს მასწავლებლებს.

ხომ არ დადგება რისკის ქვეშ მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში სკოლა და ხომ არ შეიქმნება გარკვუელი საგნის პედაგოგების დეფიციტი ამ რეფორმის შედეგად? პრაქტიკოსი პედაგოგები მომავალი წლიდან ვერ აიმაღლებენ სტატუსს და კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ.

რამდენიმე პროგრამაა, მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდა კადრების მიზიდვის, არის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დღესაც 200-მდე მასწავლებელია დასაქმებული. არის ასეთი დაშვება, საჭიროების შემთხვევაში, თუ არ გამოჩნდა კადრი პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, ცხადია ის ამ ადგილს ინარჩუნებს. ანუ მას უგრძელდება ერთწლიანი ხელშეკრულება თუ სკოლა ამის საჭიროებას ხედავს.

გარდა ამისა, მინისტრის ინიციატივით, საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებიან სტატუსის ამაღლების მსურველები, 2019 წელს პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებენ ფულად ჯილდოს ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით ერთიანად და ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე. პედაგოგებს პროფესიიდან გასვლა მხოლოდ 2019 წელს შეეძლებათ. რამდენი პედაგოგია საჯარო სკოლაში საპენსიო ასაკის და ასევე, ეს ინიციატივა კერძო სკოლებსაც შეეხებათ?

არა, ეს პრივილეგია მხოლოდ საჯარო სკოლის საპენსიო ასაკის პედაგოგებს ეხება. რაც შეეხება მათ ოდენობას, სულ საპენსიო ასაკის 12 697 მასწავლებელია დღეს. აქედან  547 არის 80 წელს და ზემოთ ასაკის, 1552 კი 75 წელს და ზემოთ.

მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა – განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა მასწავლებლისთვის, რომელთაც ექნებათ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. როგორ, რა ოდენობით და რა სქემით გაეზრდებათ მათ ხელფასები?

საშუალოდ 150 ლარი არის უფროსი მასწავლებლისთვის ხელფასის ზრდა. დაახლოებით 1500 ლარამდე ადის უფროსი მასწავლებლის ხელფასი. ეს არ არის რეგიონის და რაიონის პირობებში დაბალი თანხა. ჩვენ იმედი გვაქვს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა წამოვა მასწავლებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები