LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში, ბრენდი „ქართბოლი“ შეიქმნა, რომელიც ბარბექიუ მეთოდით შებოლილი ხორცის დელიკატესებს აწარმოებს

20
129814325-105168111461843-7344259661802457140-n

ბაზარზე ახალი ქართული კომპანია „ქართბოლი“ გამოჩნდა, რომელიც დელიკატესების მწარმოებელია. კომპანია ექსპერიმენტებს არასდროს ერიდება და მომხმარებელს სხვადასხვა უნიკალურ  გემოებს სთავაზობს.

რას მოიცავს „ქართბოლის“ საქმიანობა, რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას და როგორ მოქმედებს მასზე ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა – ამ საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა გიგი თუთბერიძემ ისაუბრა. აღნიშნული ბიზნესი სწორედ მისი კულინარიული გატაცებით შეიქმნა.

– ბუნებრივია პირველ რიგში, უნდა გკითხოთ ლარის კურსზე, რომელიც ქართველი მწარმოებლებისთვის დიდ დაბრკოლებად იქცა. როგორ მოქმედებს მისი არასტაბილურობა „ქართბოლზე“?

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობს – ლარის კურსის არასტაბილურობა ჩვენც შეგვეხო და გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს. მართალია, ჩვენ პირდაპირ დოლარში არ შემოგვაქვს პროდუქცია, ვინაიდან ჩვენ ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ წარმოებისას, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამ ნედლეულს ქმნის, რაღაც ეტაპზე მაინც საჭიროებს გარკვეული პროდუქციის შემოტანას ქვეყანაში. ვალუტის კურსის ცვალებადობით იცვლება თუნდაც საწვავის ფასი, რომელიც ჩვენ ასევე პირდაპირ გვირტყამს იმიტომ, რომ პროდუქციის გადაზიდვა, ნედლეულის მოტანა, ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, 1 კილოზე უკვე 2-დან 3 ლარამდე გაძვირდა ცოცხალი საქონლის ხორცი, რაც შესაბამისად იწვევს ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების გაძვირებას. ამიტომ, არასტაბილური ლარის კურსი უკვე შეგვეხო.

-როდის და როგორ გაჩნდა „ქართბოლის“ დაარსების იდეა და რითია ის გამორჩეული?

„ქართბოლის” იდეა მოვიდა ჩემი კულინარიული გატაცებიდან. თავიდან მინდოდა ბარბექიუ რესტორნის გახსნა. ინტერნეტში, ამ თემაზე მასალების მოძიებისას დავინტერესდი  ვიდეოთი, სადაც ნაჩვენები იყო საწარმო, რომელიც ბარბექიუ მეთოდით შებოლილ ხორცს აწარმოებდა, მიმზიდველ შეფუთვაში აფასოებდა და მარკეტებში საცალო რეალიზაციას ახდენდა. ამ ვიდეომ იმდენად დამაინტერესა რომ კონტაქტების მოძიება დავიწყე. მალევე მოვახერხე დაკავშირება ვიდეოში მოქმედ პირებთან. მერე კი ჩემს მეგობარ- პარტნიორთან ნიკა კერძაიასთან ერთად, მათთან უკრაინაში გავემგზავრე. კიევში, დავათვალიერეთ საწარმო და მარკეტები, სადაც პროდუქციის რეალიზაციას ახდენდნენ და გადავწყვიტეთ, რომ რესტორანს ნამდვილად აჯობებდა საწარმოს შექმნა. შემდეგ იყო მოსამზადებელი პერიოდი, სახსრების მოძიება, ონლაინ რეჟიმში ტრენინგების ჩატარება და ასე შევქმენით „ქართბოლი”. კომპანიის დაარსებისას, როგორც უკვე მიხვდებოდით, დაგვემთხვა პანდემია და აბსოლუტურად ყველა პროცესი, რაც საწარმოს შექმნისთვის იყო საჭირო, ხორციელდებოდა ონლაინ, ფაქტობრივად, ტელეფონით გავხსენით საწარმო.

– რამდენ და რა დასახელების პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს? სად და როგორ ხდება რეალიზაცია?

– „ქართბოლი” მომხმარებელს სთავაზობს ბარბექიუ მეთოდით შეშაზე შებოლილი ხორცის დელიკატესებს. ამ ეტაპზე ასორტიმენტში გვაქვს 5 დასახელების პროდუქცია: შებოლილი საქონლის ანტრეკოტი, შებოლილი ღორის ნეკნები, შებოლილი ღორის ჩალაღაჯი, შებოლილი ღორის ბეკონი, შებოლილი ქათმის ფილე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საფირმო და უნიკალური პროდუქტია შებოლილი საქონლის ანტრეკოტი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროდუქტს მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ამჟამად რამდენიმე წამყვან სუპერმარკეტში ხდება. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მიტანის სერვისის აპლიკაციებით.

– თუ გყავთ პირდაპირი კონკურენტები ბაზარზე?

ყველა შებოლილი პროდუქცია, რომელსაც სხვა სერიული მწარმოებლები აწარმოებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტებია. უბრალოდ, ჩვენი განსხვავება მათთგან მდგომარეობს ჩვენი დამზადების ტექნოლოგიაში. სერიული მწარმოებლებისგან განსხვავებით, ჩვენთან ხორცის დამზადების პროცესი მთლიანად ბოლით მიმდინარეობს, ანუ ჩვენ არ ვხარშავთ ხორცს და მერე როგორც სერიული მწარმოებლები აძლევენ ბოლის ეფექტს, არამედ დასაწყისიდან დასასრულამდე ხორცის დამზადება-შებოლვის პროცესი მიმდინარეობს ბოლის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვბოლავთ მხოლოდ შეშაზე და არა ნახერხზე. შესაბოლად ძირითადად ვიყენებთ რცხილის, წიფელის, მუხის, შეშას. ამ ეტაპზე მხოლოდ იშვითი და ექსკლუზიური შეკვეთებისთვის ვიყენებთ ხეხილის შეშასაც (ვაშლი, ალუბალი). ხეხილის შეშაზე შებოლვა განსაკუთრებით ხორცს, ყველაზე მეტად კი საქონლის ხორცს უხდება. შებოლვის  შედეგად ცხიმები იწვება, ხორცი დამუშავების შემდეგ კი მდიდარია პროტეინებით, პროტეინები კი სასარგებლოა ჩვენი ჯამრთელობისთვის. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბარბექიუ მეთოდი გულისხმობს ხორცის დამარინადებას. ზოგიერთი პროდუქტის დამარინადების პროცესი რამდენიმე დღესაც გრძელდება და მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდგომ ხდება ხორცის შებოლვა.

-რა ეტაპებს გადის პროდუქტი, სანამ მომხმარებლამდე მივა?

პირველი ეტაპი არის დამარინადება, მეორე ეტაპია – მისი შებოლვა და ბოლო ეტაპია პროდუქტის დაფასოება/შეფუთვა.

-მოთხოვნა როგორია იმ ნაწარმზე , რასაც „ქართბოლი“ ქმნის და ეს მოთხოვნა, თუ გიბიძგებთ კომპანიის კიდევ უფრო განვითარებისკენ და გაფართოებისკენ?

ჩვენ გაყიდვების დიდი ისტორია არ გვაქვს, სულ რაღაც ერთი თვეა, მარტის დასაწყისში გამოჩნდა ჩვენი პროდუქცია ბაზარზე სარეალიზაციოდ, თუმცა ამ პერიოდში საქმიანობის მანძილზე, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება დავინახეთ. ჩვენი პროდუქციის გემოს რომ გაიგებს მომხმარებელი, ის აუცილებლად მეორედ ბრუნდება ჩვენთან. ჩვენი კომპანია გემოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა მწარმოებლებისგან. ჩვენი სლოგანი რაც არის – „შებოლილია სრულყოფილად“ – სწორედ ამ სლოგანს ვამართლებთ და სრულყოფილ გემოს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: განიხილება ასორტიმენტის გაზრდა, უახლოეს მომავალში, მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი მეთოდით დამზადებულ ძეხვეულსაც. გარდა ამისა, ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულებითაც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები