„ოჯახის შესაქმნელად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილების რეალიზაციის კუთხით მზაობა, არამედ საკუთარი ქმედებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება პარტნიორის მიმართ“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ჯანსაღი და დისფუნქციური ოჯახები – ფსიქოკონსულტანტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტუტორი ეთო ბუნტური სტუმრად გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან”.

რა არის ფუნქციური და დისფუნქციური ოჯახი?

ჯანსაღ ოჯახში თითოეული წევრი თანაბარუფლებიანია. ოჯახის წევრებს შორის სუფევს ნდობა, გულწრფელობა და გახსნილობა. წევრები მხარს უჭერენ ერთმანეთს. თითოეულ წევრს ეკისრება საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ. ოჯახის წევრები აღიარებენ ერთმანეთის უნიკალურობას.

დისფუნქციური ოჯახი – ეს არის დახურული ოჯახის სისტემა, ოჯახში პრობლემები არ იწურება და არ წყდება. ასეთ ოჯახში დარღვეულია უფლებები, დამახასიათებელია სტაგნაცია და არა განვითარება.

არაჯანსაღ ოჯახებში წევრები პრობლემებს უარყოფენ და ილუზიებით ცხოვრობენ, აქვთ სიმართლის თვალებში ჩახედვის შიში და საკუთარ თავს ატყუებენ, რომ მათ ოჯახში ყველაფერი იდეალურადაა. ოჯახი პრობლემის აღიარებას მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იწყებს.

მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ გარკვეული რისკის შემცველია მრავალთაობიანი ოჯახები. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ბებია-ბაბუებთან კონტაქტი და მათი სითბო. მათ მორალური ფასეულობებისა და პოზიტიური ტრანსპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლიათ, თუმცა მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრებით ხშირად ირღვევა საზღვრები ოჯახის წევრებს შორის, არის კონფლიქტები.

რამდენად მნიშვნელოვანია სოციუმისთვის, რომ ოჯახი იყოს ფუნქციური?

სოციუმისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი იყოს ფუნქციური. ფუნქციონალური ოჯახი ცნობს და კონსტრუქციულად წყვეტს გარე და შიდა პრობლემებს, უმკლავდება ოჯახის ფუნქციებს – რეპროდუქციულს, სოციალურს, სულიერს, აღმზრდელობითს, ზრუნვით და ა.შ.

გასათვალისწინებელია ოჯახის ფუნქციები, რომელთა სიჯანსაღეზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ინდივიდის, როგორც სოციუმის სრულფასოვანი წევრის დამკვიდრება და ფუნქციონირება:

საგანმანათლებლო ფუნქცია – ბავშვის პიროვნების ფორმირება ოჯახში ხდება. საოჯახო და სოციალური განათლება ურთიერთკავშირშია. ოჯახური აღზრდა უფრო ემოციური ხასიათისაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა აღზრდა, ვინაიდან მას “ხელმძღვანელობს” მშობლების სიყვარული ბავშვების მიმართ, რაც იწვევს ბავშვების საპასუხო გრძნობებს. აღზრდაში მნიშვნელოვანია მშობლების თანმიმდევრულობა.

პირველადი სოციალური კონტროლის ფუნქცია – ოჯახი არის უმცირესი სოციალური ერთეული, სადაც ოჯახის წევრები სწავლობენ თავიანთი ქცევის მოდელის შექმნას არსებული სოციალური ნორმების შესაბამისად.

სოციალიზაციის ფუნქცია – ოჯახი სოციალიზაციის ცენტრია. ეს, პირველ რიგში, იმითაა განპირობებული, რომ სწორედ ოჯახში ხორციელდება ინდივიდის პირველადი სოციალიზაცია, იქმნება მისი პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი. ოჯახი ბავშვისთვის პირველადი ჯგუფია, სწორედ მასთან ერთად იწყება პიროვნების განვითარება.

კომუნიკაციური ფუნქცია – სწორედ ოჯახში ხდება ერთიანობის, გაზიარების, განაწილების პირველადი გამოცდილების შეძენა, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ადამიანის შემდგომი სოციალიზაცია.

ემოციური ფუნქცია – სითბოს, გაგების არარსებობა, სიყვარულის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა შეიძლება გახდეს ემოციური და ქცევითი სირთულეების მიზეზი. ოჯახის ემოციური ფუნქციაა მისი წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება თანაგრძნობის, პატივისცემის, აღიარების, ემოციური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური დაცვის მიმართ. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს საზოგადოების წევრების ემოციურ სტაბილიზაციას, აქტიურად უწყობს ხელს მათი ფსიქიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას.

ოჯახის განსაკუთრებულ საგანმანათლებლო როლთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბავშვის აღზრდაზე ოჯახის პოზიტიური გავლენა გავზარდოთ.

სწორედ ოჯახში იღებს ბავშვი პირველ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, აკეთებს პირველ დაკვირვებებს და სწავლობს როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში ადეკვატურად. მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვასწავლით ბავშვს, გამტკიცდეს კონკრეტული მაგალითებით, რათა მან დაინახოს, რომ მოზრდილებში თეორია

არ განსხვავდება პრაქტიკისგან; თუ თქვენს შვილი დაინახავს, რომ მისი მშობლები, რომლებიც ყოველდღე ეუბნებიან მას, რომ ტყუილი არ არის კარგი, თავად არ მისდევენ ამ წესს, ყველა განათლება წყალშია გადაყრილი.

ძალიან ხშირია კონფლიქტური სიტუაცია მშობლებს შორის, რომელიც აისახება ბავშვების აღზრდაზე. მშობლები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი კონფლიქტი არ უნდა აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე, ბავშვი არ უნდა იყოს მათთვის მანიპულაციის წყარო. როდესაც ერთი მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, მას უნდა ახსოვდეს მეორის შეხედულება. ბავშვის თანდასწრებით არ უნდა მოხდეს კამათი მშობლებს შორის.

გახსოვდეთ, რომ ბავშვები სწრაფად “ითვისებენ” ნათქვამს და საკმაოდ მარტივად მანიპულირებენ მშობლებს შორის.

ოჯახის შესაქმნელად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილების რეალიზაციის კუთხით მზაობა, არამედ საკუთარი ქმედებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება პარტნიორის მიმართ.