LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

15
ნოდიკო ტატიშვილი - რას უსმენენ ცნობილები

8 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდა. მომღერალმა რადიომსმენელს შვიდი საყვარელი სიმღერა გაუზიარა და როგორც თავად აღნიშნა, შერჩეული კომპოზიციებით მსმენელისთვის კარგი განწყობის და მუსიკალური იდილიის შექმნას შეეცადა.

– ნოდიკო, პირველ რიგში, მოგესალმები. მადლობა, რომ ჩვენთან ხარ და მოხვედი, რომ მორიგი ერთი საათის განმავლობაში, რადიოწამყვანის ამპლუა მოირგო…

– მიხარია, რომ შენი გადაცემის სტუმარი ვარ და მინდა გითხრა, რომ ხშირი მსმენელიც ვარ. ზოგადად, რადიო „ფორტუნას“ ვუსმენ და შესაბამისად ძალიან ხშირად მომისმენია შენი გადაცემა. ძალიან საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ მუსიკალურ გემოვნებას. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როცა მუსიკასთან ახლოს მყოფი ადამიანები გყავს სტუმრად. ყოველთვის მაინტერესებს, სხვადასხვა შემსრულებელი რა მუსიკაზე გაიზარდა, რა მუსიკა უყვარს, რას უსმენს. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ისიც, როცა პოლიტიკოსები, საერთოდ სხვა ამპლუაში მყოფი ადამიანები საუბრობენ მუსიკაზე. ძალიან რთულია ერთ საათში ჩაატიო შენი საყვარელი სიმღერები, შენი გემოვნების მაქსიმუმი დაანახვო მსმენელს, თუმცა მე მინდა ჩემი არჩეული კომპოზიციებით განწყობა და მუსიკალური იდილია შევუქმნა მათ.

  1. Michael Jackson – Smile

ჩაპლინის ეს თემა ყველამ ვიცით და მართლა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ სიმღერის ყველა ცნობილი ვერსია, რაც მოგვისმენია, ინსტრუმენტული იქნება თუ ვოკალური. მეც მაქვს შესრულებული ეს სიმღერა და ვიცი, რომ აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ძალიან საპასუხისმგებლოა. იმდენად გენიალური ნაწარმოებია, რომ მისი ძალიან ბევრი ვერსია მომწონს, თუმცა ჯექსონის ვარიანტი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

– ალბათ, მომღერალი საერთოდ სხვანაირად განიცდის მუსიკას, შესრულებას და საერთოდ სხვა ადგილს იკავებს ეს მის ცხოვრებაში. როგორ ფიქრობ, რომელი სიმღერა წარმოაჩენს შენს შესაძლებლობებს ყველაზე კარგად, შენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერას უკავია მნიშვნელოვანი ადგილი შენს ცხოვრებაში?

– ძალიან რთული კითხვაა. არის სიმღერები, რომლებიც განსაკუთრებულად ჩემია, განსაკუთრებულად ჩემი ხასიათისაა. ალბათ, ვოკალური კუთხით ყველა სიმღერა გარკვეულწილად, სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს ჩემს შესაძლებლობებს. ჩვენთვის, მომღერლებისთვის აბსოლუტურად სხვანაირი არის სმენის უნარი, სიმღერის მოსმენა ჩემთვის  ცოტა დამღლელია. ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ბოლომდე ვერ ეშვები და ვერ უსმენ, იმიტომ, რომ ყველაფერი გესმის, ვოკალური კუთხით აბსოლუტურად ყველა ნიუანსი გასაგებია შენთვის. ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე სხვადასხვა შესრულებაზე, რომ ეს იყო საოცარი, რადგან ვხვდებით, რას აკეთებს მომღერალი თავისი ყელის აპარატით, ვხვდებით ტექნიკურ მხარეს და ა.შ. სიმღერის მოსმენისას გვესმის მთელი არანჟირება, ყველა ინსტრუმენტი, ვინ რა აკორდს უკრავს და აი ეს არის ცოტა ქაოსი, ოღონდ კარგი გაგებით. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი გვესმის და ვერ ვუსმენთ მუსიკას ისე, როგორც უბრალოდ მსმენელი. ზუსტად ამიტომ აღვნიშნე დასაწყისში, რომ მუსიკოსების შვიდეული უფრო მაინტერესებს, მოყვარული სხვანაირად უსმენს მუსიკას და მუსიკოსები სხვანაირად.

  1. George Michael, Aretha Franklin – I Knew You Were Waiting (For Me)


– ეს ძალიან ცნობილი სიმღერაა, გარდა ამისა, არეტა ფრანკლინის ცხოვრებაში რეაბილიტაციის პერიოდის ნამუშევარია. ყველა შემსრულებლის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ადიხარ…ადიხარ… და მერე უცებ ენარცხები, შეიძლება წარუმატებლად წაიყვანო შენი კარიერა. არეტა ფრანკლინის ცხოვრებაშიც იყო ასეთი პერიოდი, ჩავარდნას ვერ ვუწოდებ, მაგრამ დიდი პაუზა ჰქონდა და შემდეგ ზუსტად ამ დუეტით გამოჩნდა. ჯორჯ მაიკლისთვის ეს ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არეტა ფრანკლინი საყოველთაოდ აღიარებული შემსრულებელია, არის 18 გრემის მფლობელი და მიიჩნევა სოულის დედოფლად, მსოფლიოში კი ასეთ სახელებს უბრალოდ არ არქმევენ.

  1. Ewan McGregor – Your Song


– ეს არის ელტონ ჯონის ერთ-ერთი გამორჩეული და ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა. 2009 წელს „ჯეოსტარი“ რომ მოვიგე, ერთ-ერთმა სპონსორმა დამაჯილდოვა და პრაღაში გამიშვა ელტონ ჯონის კონცერტზე. ეს იყო მართლა წარუშლელი ემოცია, პირველად ვიყავი ასეთი მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდის კონცერტზე. განსაკუთრებით ველოდი ამ სიმღერის შესრულებას, რადგან მართლა გამორჩეული ნამუშევარია. დღეს ამ სიმღერის სხვა ვერსია მინდა შევთავაზო მსმენელს. ეს ვერსია გახლავთ ფილმიდან Moulin Rouge და ასრულებს ევან მაქგრეგორი. ვფიქრობ, ჩემსავით ბევრ მსმენელს მოსწონს მისი შესრულება ამ ფილმში.

  1. Tony Bennett, Amy Winehouse – Body and Soul


– ძალიან მაგარი მუსიკალური კოლაბორაცია. ლეგენდარული ტონი ბენეტი და  ლეგენდარულობასთან იქვე მდგომი ემი ვაინჰაუსი. ემი ვაინჰაუსი ნამდვილად იქნებოდა ლეგენდა, რომ ეცოცხლა, რადგან ის არავის არ ჰგავდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მან ცხოვრების ისეთი სტილი აირჩია, რამაც საბოლოდ ისეთ შედეგამდე მიიყვანა, რომ ძალიან პატარა ასაკში დატოვა მან ეს სამყარო. რაც შეეხება ტონი ბენეტს, ის არის იმ თაობიდან, რომელმაც ნამდვილი ამერიკული მუსიკა შექმნა. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია. ტონი ბენეტმა სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად ჩაწერა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები და ყველა კოლაბორაცია ერთმანეთზე საინტერესო აღმოჩნდა. 2015 წელს მას „Radio City Music Hall“ -ში ჰქონდა კონცერტი ლედი გაგასთან ერთად. ვიხდიდი ყველაფერს, ვყიდდი ყველაფერს, რაც მებადა, ოღონდ ამ კონცერტზე მოვხვედრილიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი თვით ადრე გაყიდული იყო ყველა ბილეთი და მახსოვს, რომ სალაროსთან ვეხვეწებოდი ქალბატონს, გთხოვთ თუ ვინმე დააბრუნებს ბილეთს დამიკავშირდით მეთქი, დავუტოვე ნომერი, მისამართი. ვუთხარი თუ ვერ გიპასუხეთ, ფოსტით მომწერეთ წერილი მეთქი. სამწუხაროდ, იმ კონცერტზე ვერ მოვხვდი.

– ნოდიკო, როგორ ფიქრობ, იპოვე შენი მუსიკალური მიმართულება და ჟანრი?

– გულწრფელად ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემი ჟანრი, თუმცა მგონია, რომ მომღერალი ყოველთვის უფრო მეტისკენ უნდა მიდიოდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისულელეზე წახვიდე, გადაწყვიტო, რომ ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ და ყველაფერი გააფუჭო. უნდა იცოდე რას აკეთებ, უბრალოდ, ცოტა რისკიც საჭიროა, ექსპერიმენტის კუთხით.

     3 .Whitney Houston – Greatest Love Of All

– ჩემთვის ნომერ პირველი ქალია მსოფლიო მასშტაბით. უიტნი იყო დედამიწის, სამყაროს ხმა, ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი. მგონია, რომ უიტნისნაირი მეორე აღარ იქნება. ამ ქალმა რაც იმღერა, ყველაფერი ჰიტი იყო. ხომ შეიძლება გქონდეს ჩავარდნა, რაღაც სიმღერა ვერ გაჰიტდეს… ამ შემსრულებლის ყველა სიმღერა ჰიტია, უბრალოდ, მან თავადვე დაანგრია ყველაფერი, რაც შექმნა და პირველ რიგში, დაანგრია საკუთარი თავი. უიტნი ჰიუსტონი ჩემთვის იყო, არის და იქნება საოცრება მუსიკაში. აქვე ერთ ისტორიას მოვყვები, 2018 წელს ნიუ-ჯერსიში, ჩემს მეგობართან ვცხოვრობდი. საუბრისას უიტნი ვახსენე და რომ მიხვდნენ, რომ ძალიან მიყვარდა მითხრეს, რომ მათი მძღოლი წამიყვანდა უიტნის საფლავზე. მეორე დღეს, როდესაც მივედით, რაღაც სამოთხე ტერიტორია დაგვხვდა. ჩემმა მძღოლმა მითხრა, რომ ჩვეულებრივად უშვებდნენ ხალხს საფლავზე, მაგრამ მაინც ფრთხილად ვყოფილიყავით. რომ უნდა მივსულიყავით საფლავთან და გამოჩნდა ერთი დაცვა, მეორე, მესამე… დაიწყეს გამოკითხვა თუ ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი. ვუთხარი, რომ ვიყავი მომღერალი საქართველოდან და დიდი სურვილი მქონდა უიტნის საფლავზე მივსულიყავი, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ აღარ იყოს ღია საზოგადოებისთვისო. ძალიან გულგატეხილი წამოვედი.

  1. RAUL MIDON – I JUST CALLED TO SAY I LOVE YOU


– ეს არის სტივი უანდერის  გამორჩეული ჰიტი და რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს მისი შესრულებით ეს სიმღერა, უბრალოდ, ჩემი აღტაცება სხვა ვერსიამ გამოიწვია.  ამ ვერსიის არანჟირების ავტორი გახლავთ ჰერბი ჰენკოკი, საოცარი ამერიკელი მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი. სიმღერას ასრულებს რაულ მიდონი, ულამაზესი ხმით და საოცარი შესრულების მანერით. რაც შეეხება სტივი უანდერს, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი შემსრულებელია. 2010 წელს სპეციალურად გავფრინდი პარიზში, რომ მის ლაივს დავსწრებოდი. მახსოვს, კონცერტიდან რომ გამოვედი, ხმა აღარ მქონდა, ტაქსიში რომ ჩავჯექი, მძღოლს ვერ ვუთხარი თუ სად უნდა წავეყვანე.

  1. Lauryn Hill – killing Me Softly

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები