LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია ყველაფრის მშვიდად გაანალიზება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება” – „თელმიკო“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

14
ninobendeliani629

გადაცემის ლაივი LIVE

28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის „თელმიკო“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი სტუმრობდა, რომელმაც ახლადშექმნილი კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, „ვითიბი“ ბანკში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ როგორ გრძნობთ თავს ახალ პოსტზე?

– საბანკო სექტორში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სადაც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში, სრულიად განსხვავებულ სფეროში შესაძლებლობების მოსინჯვა მართლაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. მანამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა ენერგეტიკაზე, ახლა კი, მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და ვცდილობ გავამდიდრო საკუთარი ცოდნა.

– სრულიად ახალი კომპანიაა „თელმიკო“, რომელიც 1 ივლისიდან ჩაანაცვლებს თელასს. რამ გამოიწვია მსგავსი ცვლილება?

– ცვლილებები იმ რეფორმის შედეგია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით ხორციელდება. მარტივად რომ ვთქვათ, რეფორმის შედეგად ორი კომპანია უნდა გაიმიჯნოს. ერთი, რომელიც კონკურენტულ ბაზარზე იმოქმედებს და მოსახლეობას ელექტროენერგიით მოამარაგებს, მეორე კი, ტექნიკური მომსახურეობით უზრუნველყოფს. „თელასს“ ქსელის და ტექნიკური მომსახურეობის ფუნქცია დარჩება, „თელმიკო“ კი, მომხმარებელთან ურთიერთობის ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე.

– როგორ აისახება მსგავსი ცვლილებები მოსახლეობაზე?

– ცვლილებები ძალაში 1 ივლისს შევა, თუმცა, მოსახლეობა ნაკლებად იგრძნობს, მხოლოდ ენერგობაზარი გადავა ევროპულ მოდელზე და ბევრად კონკურენტული გახდება, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდებიან სხვა კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას საკუთარ პირობებს, მომსახურეობას შესთავაზებენ და სასურველი კომპანიის არჩევის საშუალებას მისცემენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მესიჯი, რომელიც მოსახლეობამ მიიღო მრიცხველის მონაცემების მიწოდების თხოვნით, მხოლოდ ნებაყოფლობითია და ყველას თავად შეუძლია გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა.

– როგორ მოხვდით „თელმიკოში“ და რას თვლით თქვენს მთავარ მოტივაციად ახალ სამსახურში?

– თავიდან განცხადება ვნახე ვაკანსიის შესახებ, თუმცა ნაკლებად ვფიქრობდი ძველი სამუშაოს დატოვებაზე და მხოლოდ „თელმიკოს“ ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება.

– ძალიან საინტერესო გვერდი „კოვიდ 19 და ვაქცინაცია“ შექმენით პანდემიის პერიოდში, რომელიც ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი კამპანიის წამოწყება?

– პანდემიამ ყველას ჩვეული რეჟიმის შეცვლა გვაიძულა. უამრავი თავისუფალი დრო გაგვიჩნდა, ამიტომ, როცა მთელ მსოფლიოში დაიწყო ვაქცინაცია, ჩვენც გადავწყვიტეთ საკუთარი კამპანიის წამოწყება, რადგან მოსახლეობის მსგავსად ჩვენც უამრავი შეკითხვა დაგვიგროვდა. გვერდი სრულიად სპონტანურად შევქმენით, მერე კი, ინფორმაციის მოძიებას შევუდექით და მართლაც მოცულობით მასალას გავეცანით, თუმცა ჩვენი გვერდი მხოლოდ საიმედო, მრავალჯერ გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებს. ძალიან გაგვიკვირდა, როცა საიტმა რეკლამისა და პოპულარიზაციის გარეშე შეიძინა აქტუალურობა. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ჯგუფი 4 ათასამდე წევრს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ ინფორმაციას უზიარებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს. სამომავლოდ გაფართოებას და რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, თუმცა დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფში მხოლოდ მოხალისეები ერთიანდებიან, რომლებიც შესაშური ენთუზიაზმით მუშაობენ და ზრუნავენ სანდო ინფორმაციის გავრცელებაზე.

– მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების ფონზე რა პიროვნული თვისება გამოიმუშავეთ, რომლითაც დღეს განსაკუთრებით ამაყობთ?

– ალბათ, სიმშვიდის შენარჩუნება ვისწავლე, რაც ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, თუმცა სინამდვილეში ძალიან რთულია. ახლა ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია ყველაფრის მშვიდად გაანალიზება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

– რამდენად უკავშირდება თქვენი დღევანდელი საქმიანობა ბავშვობის საოცნებო პროფესიას?

– ბავშვობაში ტელეგადაცემის წაყვანას ვნატრობდი, მოზარდობაში რეჟისორობა მინდოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც საზოგადოებასთან ურთიერთობა ავირჩიე, რადგან კომუნიკაცია ძალიან საინტერესო და ამოუწურავი სფეროა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მთლიანად „თელმიკოს“ პროექტებში ვარ ჩაფლული, რადგან კომპანია მხოლოდ ახლა იწყებს ბაზარზე ოპერირებას. იმედი მაქვს ყველა გეგმას განვახორციელებთ და წარმატებით გავაგრძელებთ განვითარებას.

– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური თანამშრომელი?

– პროფესიონალიზმს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თანამშრომლის გუნდური მუშაობის უნარია.

– როგორ ახერხებთ კრიზისული სიტუაციების დაძლევას?

– რა თქმა უნდა, კრიზისული სიტუაციები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ვფიქრობ, მთავარი ყველაფრის საღი გონებით გაანალიზება და გადაწყვეტილების მშვიდად, ემოციების გარეშე მიღებაა, თუმცა ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია პრევენციული სამუშაოების დროულად ჩატარება, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კრიზისი. ჯერჯერობით ყველა პრობლემა დავძლიე და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.

– როგორია საქმიანი ქალი პანდემიის ფონზე?

– საქმიანი ქალი ნებისმიერ შემთხვევაში აქტიური უნდა იყოს და განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, რადგან ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერ საკითხში დეტალურად გარკვევა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ბლიცკითხვები:

– რომელ ტკბილეულზე ვერ იტყვით უარს ვერასდროს?

– ძალიან მიყვარს ნამცხვარი.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– სუნამო.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „დამშვიდდი“

– ვის მიმართავთ რჩევისთვის?

– მეტწილად მეგობრებს.

– რა მოგწონთ ან არ მოგწონთ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას?

– ძალიან მომწონს ჟურნალისტების სწრაფი ტემპი და არ მომწონს ზოგიერთი ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში.

რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?

– ღვინოს.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მიყვარს მარკესის „მარტოობის ასი წელი“.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მშია.

– სახლის საქმე, რომლის კეთება გსიამოვნებთ და რომელსაც იძულებით აკეთებთ?

– მიყვარს კულინარია, თუმცა არ მიყვარს სახლის დალაგება.

– ქვეყანა, რომელსაც სიამოვნებით სტუმრობთ?

– მეტწილად ევროპის ქვეყნები.

– რაში გამოიყენებდით მეტი თავისუფალი დრო რომ გქონდეთ?

– უფრო ინტენსიური ურთიერთობა მექნებოდა შვილებთან და ბევრად მეტს ვიმუშავებდი საკუთარ თავზე.

– რომელ პროფესიას შეითავსებდით სიამოვნებით?

– ალბათ, ტელერეჟისურას.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მიკროფონს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარია, არასდროს თქვას უარი საკუთარ თავზე მუშაობასა და განვითარებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გამოცდილების დაგროვება და გარკვეულ ეტაპზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები