LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკოსი ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს თაყვანისმცემლებს” – „ბლექ სი არენა” 18 ივლისს სეზონს გრანდიოზული კონცერტით ხსნის

6
artfmfmm

გადაცემის ლაივი LIVE

11 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, Black Sea Arena-ს დირექტორი ტატო ხარჩილავა სტუმრობდა, რომელმაც ნაილ როჯერსის ტურნესა და ზაფხულში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე ისაუბრა.

– ტატო, კონკრეტულად როდის ექნება თაყვანისმცემელს ლეგენდარულ მუსიკოსთან და მის ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა?

– სიამოვნებით ვაცნობებ ყველას, რომ ახალ პროექტს – Nile Rodgers & CHIC-ს, Black Sea Arena 18 ივლისს უმასპინძლებს. ნაილ როჯერსი მართლაც ლეგენდარული მუსიკოსია, რომელიც 50 წელია აქტიურად მართავს კონცერტებს და სწორედ ბოლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს. მართალია, საღამოზე მეტწილად ბოლო, 2019 წელს გამოსული ალბომის კომპოზიციები შესრულდება, მაგრამ ძველი, ყველასთვის საყვარელი ჰიტებიც მრავლად იქნება, რადგან მუსიკოსი ერთგვარად შეაჯამებს საკუთარ შემოქმედებას და ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს თაყვანისმცემლებს.

– განსხვავებული შოუს დადგმას ხომ არ გეგმავთ?

– საკუთარ კონცერტებზე როჯერსი ყოველთვის აქტიურად ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, გამონაკლისი არც ჩვენი საღამო იქნება, ამიტომ წინასწარ მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ არაა გამორიცხული, სწორედ ის აღმოჩნდეს სცენაზე ლეგენდარული შემსრულებლის გვერდით.

– ყველა მუსიკოსს თავისი სისუსტე აქვს. საინტერესოა, რა მოთხოვნების შესრულება მოითხოვა ნაილ როჯერსმა?

– რა თქმა უნდა, სხვების მსგავსად გარკვეული პირობები მასაც აქვს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. პირველ რიგში, სცენის ტექნიკურად გამართვა, სრულად აღჭურვა მოითხოვა, ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით კი, რამდენიმე მარტივი პირობის, მათ შორის დიეტური რაციონის მომზადება გვთხოვა.

– რამდენადაც ვიცი, შემოქმედების პარალელურად, როჯერსს ცხოვრებაც ძალიან საინტერესო ჰქონდა…

– გეთანხმებით 67 წლის მუსიკოსს მართლაც საინტერესო, თუმცა საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მართალია, ცნობილ შემსრულებლებთან თანამშრომლობით, უამრავი წარმატებული პროექტი შექმნა, თუმცა უსიამოვნებებიც მრავლად შეხვდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს იაპონიაში ერთგული პარტნიორი, CHIC-ის თანადამფუძნებელი ბერნარ ედვარდსი დაკარგა, რაც ძალიან განიცადა, თუმცა ტკივილის დაძლევაში ისევ მუსიკის სიყვარული დაეხმარა,  მერე კი, მძიმე სენთან მოუწია ბრძოლა და ისიც წარმატებით დაამარცხა.

– ივლისის გრანდიოზული შოუს გარდა კიდევ რას შესთავაზებთ მუსიკის მოყვარულებს ზაფხულის სეზონზე?

– სეზონს ივნისის თვეში გავხსნით, გასული წლებისგან განსხვავებით ოქტომბერში დავხურავთ და მართლაც საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ მელომანებს, თუმცა ჯერ საიდუმლოდ შევინახავ კონკრეტულ შემსრულებელთა ვინაობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები