მთავარი სწორედ ახალგაზრდული მიზანდასახულობაა - ნინი აფციაური გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

24 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ლიდერფუდის“ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი ნინი აფციაური სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სკოლის დასრულების შემდეგ ნინი ჯერ აგრარულ უნივერსტეტში დაეუფლა  კვების ტექნოლოგიას, შემდეგ გოეთეს უნივერსიტეტში ჩააბარა გერმანისტი დედის წყალობით და საკმაოდ ადრე შეიძინა პირველი სამუშაო გამოცდილება.

– ნინი, წარმოების მასშტაბის გათვალისწინებით „ლიდერფუდი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, ამიტომ თქვენც, როგორც კომპანიის წარმომადგენელს მეტად საპასუხისმგებლო მისია გაკისრიათ. საინტერესოა, როდის და რატომ აირჩიეთ „ლიდერფუდი“ თქვენი საქმიანობის სფეროდ?

– „ლიდერფუდში“ 2018 წლის 1 ოქტომბერს დავიწყე მუშაობა. არასდროს დამავიწყდება ეს დღე, რადგან საუკეთესო შანსი მომეცა, უკვე წარმატებულ კომპანიაში მომესინჯა ძალა და ისეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის მომეკიდეა ხელი, როგორიც სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაა, რაც 2019 წლის 31 მაისს მეტად მნიშვნელოვანი სერტიფიცირებით დასრულდა.

– საკმაოდ ადრე შეიძინეთ პროფესიული გამოცდილება და მართალია, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ სწრაფად და რაც მთავარია, ახალგაზრდამ მიაღწიეთ წარმატებას,

– მთავარი სწორედ ახალგაზრდული მიზანდასახულობაა. არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან სწორედ ჩვენ ვქმნით იმ მომავალს, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ. ვცდილობდი ყოველი ახალი ნაბიჯი წინაზე წარმატებული ყოფილიყო და საბოლოოდ „ლიდერფუდში“ აღმოვჩნდი, სადაც წინსვლის და განვითარების აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი პროფესიონალთა არაჩვეულებრივი გუნდის წყალობით. ასე რომ, შედეგი, რომელსაც მივაღწიე, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ერთიანი ჯგუფის დამსახურებაა.

– რას თვლით „ლიდერფუდის“ მთავარ უპირატესობად?

– უამრავ კომპანიაში ვიმუშავე, თუმცა სამომავლო პერსპექტივას, განვითარების საშუალებას მხოლოდ „ლიდერფუდი“ იძლევა, რადგან დეპარტამენტის ხელმძღვანელები ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობენ დახმარონ თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში.

– „ლიდერფუდი“ ყოველთვის აქტიურადაა ჩართული  სოციალურ პროექტებში. საინტერესოა, ახლა რას საქმიანობთ?

– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და დედაქალაქის ეკოლოგია, აქტიურად ვზრუნავთ ჰაერის დაბინძურების და ხმაურის დონის შემცირებაზე, სწორედ ამიტომ შევიცვალეთ 2017 წელს ლოკაცია და გადავედით მცხეთის რაიონში. ამასთანავე, ფორმატის გათვალისწინებით გვაქვს პროექტი „გამოდი ბუნებაში“, რომელიც ყველას ჩვენთან ერთად სთავაზობს პიკნიკის მოწყობას „ლიდერფუდის“ უგემრიელეს და საუკეთესო ხარისხის პროდუქტით, სამომავლოდ კი, გაფართოვებას და საფირმო მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ.

 

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ძალიან მიყვარს სპორტული სამოსი, თუმცა სამსახურში ფორმა მაცვია, რომელიც ძალიან მომწონს.

– რას აფასებთ თანამშრომლებში ყველაზე მეტად?

– ვფიქრობ, მთავარი მიზანდასახულობაა, რადგან თუ ადამიანს კვალიფიკაციასთან ერთად მიზანიც აქვს, ის ყველაფერს შეძლებს. აუცილებელია, უყვარდეს საქმე და კომფორტულად გრძნობდეს თავს სამსახურში.

– გაქვთ თუ არა სამსახურში განტვირთვის ადგილი და როგორ ისვენებთ სამსახურის შემდეგ?

– ისე სწრაფად გადის მუშაობაში დრო, საერთოდ ვერ ვასწრებ დასვენებას და სიმართლე ვთქვა, არც მჭირდება, სამსახურის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად ვისვენებ ან ძაღლთან – ჩემს ჯუჯა პუდელთან ტობიასთან ერთად ვსეირნობ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის ვერიდები სწრაფი გადაყვეტილების მიღებას, რადგან ყველაფრის კარგად გააზრება მიყვარს.

ბლიცკითხვები:

– „ლიდერფუდის“ სლოგანი?

– „ყველგან, სადაც ბედნიერი მომენტებია!“

– ვის თვლით საუკეთესო მრჩეველად?

– დედას.

– პროფესია, რომელსაც სიამოვნებით შეითავსებდით და რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– იმდენად დატვირთული ვარ, სხვა პროფესიაზე ნაკლებად მრჩება ფიქრის დრო. თუმცა, ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, სიამოვნებით შeვასრულებდი ოთარაანთ ქვრივის როლს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი შეუპოვრობაა. არასდროს არ უნდა შეეგუო არსებულ სიტუაციას და ყოველთვის პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა იბრძოლო, ყველაფერი უნდა მოსინჯოს და ნებისმიერ სფეროში უნდა გამოსცადო საკუთარი თავი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი