LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლები შვილის აღზრდის საკითხში უნდა თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს აკრძალვას ეხება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

26
მშობლები შვილის აღზრდის საკითხში უნდა თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს აკრძალვას ეხება -

აღზრდის პროცესი განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს მომავალში, შესაბამისად, ის ყოველთვის აქტუალური იქნება. რატომ არ უნდა გაუწიოთ შვილებს დათვური სამსახური – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ „ველესის“ ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.

რა შეცდომებს ვაწყდებით ყველაზე ხშირად?

ჩვენ გვისაუბრია ტიპური აღზრდის შეცდომებზე. ეს არის ჰიპერმზრუნველობა – ე.წ სასათბურე პირობები, როცა ვერ ხდება ბავშვის უნარების, დამოუკიდებლობისა თუ პიროვნების განვითარება, რადგან მშობელი უგვარებს ბავშვს ყველანაირ გამოწვევას თუ პრობლემას. გარდა ამ ტიპური შეცდომებისა, ხშირად ვაწყდებით აღზრდის მექანიკურ პროცესს. ეს თავისთავში გულისმხმობს იმას, რომ მშობელს საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული მისი როლი, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები აღზრდის პროცესში. მაგალითად, ბიჭების შემთხვევაში, მათი მამაკაცად ჩამოყალიბება იწყება ბევრად ადრეულ ასაკში, როცა ბავშვი სწავლობს სქესის გარჩევას, პატივისცემას გოგონების მიმართ, მათ დაცვას, რაღაცის დათმობას და ა.შ. ეს ყველაფერი მასში, როგორც ფასეულობა, დამოკიდებულება, ყალიბდება პატარა ასაკში, შესაბამისად, 16 წლის ასაკში აღზრდის დაწყება დაგვიანებულია.

რამდენად მნიშვნელოვანია გაცნობიერებული აღზრდა?

გაცნობიერებული აღზრდის პროცესი გულისხმობს, როცა ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი პასუხისმგებლობები, ჩვენი მიზანი და როლი, თუ რა უნდა მოგვცეს ჩვენმა ინვესტიციამ, რასაც ჩვენ ვდებთ ჩვენს შვილებში, რა თქმა უნდა ამ პროცესში უნდა მოიაზრებოდეს ბავშვის შესაძლებლობები და რესურსი.

თავისთავად კარგი და ცუდი ბავშვი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მშობელზე დიდი პასუხისმგებლობა მოდის, თუ საით წარმართავს შვილის ფასეულობებსა და მის მომავალს.

დღეს, სამწუხაროდ მშობლებში იკვეთება ტენდენცია და ერთგვარი დამოკიდებულება, რომ შვილებს აუცილებლად უნდა ჰქოდეთ ყველანაირი ტექნიკა, გაჯეტები, კომპიუტერები, საუკეთესოდ უნდა ეცვათ და ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ. ამ ყველაფრის ფონზე მათ ავიწყდებათ, ბავშვი შესაძლოა დარჩეს სწორად მიწოდებული ფასეულობებისა და ღირებულებების გარეშე, რომლის ჩამოყალიბების ვალდებულება აკისრია მშობელს.

ამ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება მოთხოვნილებები, რომლებიც მატერიალურზეა მიმართული. დღეს უნდა ერთი სათამაშო, ხვალ სხვა, მერე გაჯეტი, ხვალ სხვა გაჯეტი, შემდეგ მანქანა და ა.შ. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სწრაფ გაუფასურებას იწვევს და ბუნებრივიცაა, რადგან მატერიალური ფასეულობა ვერასოდეს ვერ შეუცვლის სულიერ „შიმშილს“ და ამავდროულად ბავშვი სწავლობს თვითდამკვიდრების არასწორ ფორმას, მხოლოდ მატერიალური ღირებულებით, ხოლო ეს ყველაფერი ზრდასრულ ასაკში მძიმე შედეგს გამოიღებს.

მატერიალური ფასეულობებით თავის დამკვიდრება საწყისშივე არასწორია, ეს აჩენს უამრავ კომპლექსს, მათ შორის არასრულფასოვნების. მაგალითად შემდეგი შეხედულება: „რაც უფრო კარგი მანქანა გყავს, მით უფრო კარგი ტიპი ხარ“, ნიშნავს იმას, რომ მსგავსი შეხედულების ადამიანი აუცილებლად განიცდის იმედგაცრუებას, კრახს, რადგან მას უკვე აქვს არასწორი ფასეულობა. მანქანა, მობილური, ფული, არამყარი დასაყრდენია, ის შეიძლება დღეს გქონდეს, ხვალ უბრალოდ დაკარგო.

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს?

აღზრდის დროს საყრდენი ბავშვს უნდა ვაპოვნინოთ საკუთარ თავში. მაგ: ჩამოვუყალიბოთ მას დადებითი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომ ის უნდა იყოს კეთილი, გონიერი, ვასწავლოთ სიყვარული, პატიება, ბოდიშის მოხდა, ბარიერების გადალახვა. ადამიანები დგანან ღირებულებებზე, სწორედ ამ ღირებულებების ჩამოყალიბება სჭირდებათ ბავშვებს და არა მშობლის მხრიდან დათვური სამსახურის გაწევა.

ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ ყველა ჩვენთაგანი პატივისცემას იმსახურებს თავისი ღირსებებიდან გამომდინარე, ხოლო როცა აქვს ღირსება, მას ვერასდროს, ვერც ერთ ვითარებაში ვერ დაკარგავს.

რა უნდა იცოდეს მშობელმა?

მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში შევძლოთ დაშვებული შეცდომების აღიარება, აღიარება ნიშნავს შეცდომის გამოსწორების დასაწყისს. თქვენს შვილს სათამაშოზე მეტად თქვენი სიყვარული უნდა სჭირდებოდეს, ამიტომ როცა ბავშვს თქვენგან მხოლოდ სათამაშო და ძვირადღირებული ნივთები უნდა, დაფიქრდით, სად დაუშვით შეცდომა. აღზრდა მიმართული უნდა იყოს ღირებულებების, ფასეულობების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე საკუთარი თავის, სხვების, სამყაროს მიმართ.

გახსოვდეთ, მშობლები (უფროსები) შვილის აღზრდის საკითხში უნდა თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს აკრძალვას ეხება, რადგან სხვა შემთხვევაში ბავშვი თქვენით მანიპულაციას სწავლობს და ამ მეთოდს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს.

მაგალითად, არ შეიძლება ერთმა მშობელმა კომპიუტერით თამაში აუკრძალოს, მეორემ კი ნება დართოს, ან ერთმა – უარი უთხრას სათამაშოს ყიდვაზე, მეორემ – თანხმობა. წყვილმა არ უნდა იკამათოს და ირონიულად არ უნდა ესაუბროს ერთმანეთს ბავშვის თანდასწრებით. ისწავლეთ თქვენი მეორე ნახევრის პატივისცემა, რადგან სწორედ თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ბავშვისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები