LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწვევა ჰოლივუდიდან და სახლი, რომელიც თაყვანისმცემელმა აჩუქა – მერაბ სეფაშვილი „არტ-FM“-ში

10
meraf-sefashvili-art-fm-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

22 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელთაც ახალ ალბომზე, დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და გულწრფელად უპასუხა შეკითხვებს პირად ცხოვრებაზე.

– ბატონო მერაბ, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მართლაც უამრავი სიმღერა ჩაწერეთ. გამორჩეულ კონცერტს ან განსაკუთრებით საყვარელ კომპოზიციას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– გეთანხმებით, 40 წელია სცენაზე ვარ. 300-ზე მეტი სიმღერა ჩაწერე და უამრავი საღამო გავმართე, რამაც მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილება შემძინა. ვფიქრობ, კონცერტის მოწყობისას, მთავარია თვითონ მიიღო სიამოვნება და მაშინ საღამოც წარმატებული იქნება, რადგან შემსრულებლის ემოცია ჯერ მაყურებელზე გადადის და მერე ისევ უკან უბრიუნდება. რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით პირველ ნამუშევრებს გამოვყოფ, რადგან მაშინ ვსწავლობდი და ვეძებდი საკუთარ თავს მუსიკაში. სხვათაშორის, პირველად რომ გამოვედი სცენაზე, პრაქტიკულად ზურგი შევაქციე პუბლიკას, რადგან ძალიან ვღელავდი და საშინლად მრცხვენოდა.

– ახალი ალბომის გამოსვლას გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავთ. როგორ ემზადებით საღამოსთვის და რა სიმღერები გააერთიანეთ ალბომში?

– ალბომის ჩაწერა ზაფხულში გადავწყვიტე აბსოლუტურად მოულოდნელად, რადგან მჩვევია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. მეგობრებთან გია მაჭარაშვილთან და თემურ ნიკოლაიშვილთან ერთად ივლისის თვეში შევუდექი მუშაობას და თითქმის დავასრულე. გისათან და თემურთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა მაკავშირებს, და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან ყოველთვის მხარში მიდგანან და ახლაც უანგაროდ მეხმარებიან. ალბომში 10 სიმღერა გავაერთიანე, რომელთა შორის განსაკუთრებით ვაჟა აზარაშვილის „ისევ წვიმს“ მომწონს, რომელიც ბატონმა გურამ გაჩეჩილაძემ წლების წინ გადააკეთა და სწორედ მაშინ მივხვდი როგორ შეიძლება არაჩვეულებრივი ნაწარმოების გარდასახვა არანაკლებ საოცარ კომპოზიციად. ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ სიმღერის შესრულება და როგორც იქნა, სურვილი ავისრულე. ალბომის გამოსვლის შემდეგ კი, მართლაც მასშტაბურ კონცერტს ვგეგმავთ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება.

– როგორ ახერხებთ პირადი და პროფესიული ცხოვრების შეთავსებას?

– განსაკუთრებით რთული იყო, სანამ ბავშვები გაიზრდებოდნენ, სულ გასტროლებზე ვიყავი და ნაკლებად ვახერხებდი მათთან ურთიერთობას.

– თქვენს მეუღლეს, ქალბატონ ნინოს მართლაც უზარმაზარი ტვირთი აწევს. საინტერესოა, როგორ შეძლო სირთულეების დაძლევა და ოჯახური სტაბილურობის შენარჩუნება?

– რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა ჩავარდნები, თუმცა ნინოს წყალობით წარმატებით დავძლიეთ ყველა სირთულე. ძალიან მოუწესრიგებელი ვარ და არ მიყვარს სახლში ყოფნა, რადგან უამრავი მეგობარი მყავს, ვისთანაც ინტენსიური ურთიერთობა მჭირდება, ნინოს კი, ბევრჯერ მოუწია დათმობა, ჩემი ხასიათისთვის, სურვილებისთვის ანგარიშის გაწევა, რისთვისაც უსაზღვროდ ვემადლიერები.

– რა გაპატიათ მეუღლემ ისეთი, რასაც თქვენ ვერ აპატიებდით?

– სიმართლე ვთქვა, განსაკუთრებული არაფერი დამიშავებია, თუმცა საპატიებელი ალბათ მაინც ბევრი მქონდა.

– საინტერესოა, როგორია მეუღლის თვალით დანახული მერაბ სეფაშვილი?

– განსხვავებულ სიტუაციაში განსხვავებულად მაფასებს, თუმცა ძალიან ცუდი რომ ვყოფილიყავი, დაუფიქრებლად დამშორდებოდა.

– რამდენად შემოსავლიანია მუსიკოსის პროფესია?

– შემოსავლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, რადგან მუსიკალურ ბიზნესს ცოტა განსხვავებული ვითარება სჭირდება ქვეყანაში.

– უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ და ალბათ ყურადღებითაც ყოველთვის განებივრებენ. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ქალბატონმა ჯულია ხოფერიამ სახლიც კი გაჩუქათ?

– რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლების ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, ჯულია კი, ჩემი კარგი მეგობარია, რომელმაც მართლაც მაჩუქა სახლი მთაწმინდაზე, სადაც ახლა ვცხოვრობთ.

– რატომ თქვით უარი წლების წინ Sony Records-ის შეთავაზებაზე?

– კომპანიის პროდიუსერისგან მართლაც არაჩვეულებრივი შეთავაზება მივიღე, თუმცა კონტრაქტის პირობების თანახმად ისრაელში უნდა გადავბარგებულიყავი, რაც ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის.

– მართალია, ნაკლებად ახმაურებთ, მაგრამ მიწვევა ჰოლივუდიდანაც მიიღეთ. ახლაც ხომ არ აპირებთ უარის თქმას?

– სიმართლე ვთქვა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, თუმცა ძალიან გამიხარდა, როცა ამგვარი მიწვევა მივიღე.

– როგორი ბაბუა ხართ?

– შვილიშვილები – 10 წლის ნინა და 3 წლის ალექსანდრე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ ვუყურებ და საკუთარ თავს ვხედავ მათში, თუმცა, ახალი თაობა ძალიან განსხვავდება ჩვენგან და ვფიქრობ, ბევრად უკეთესებიც არიან. მიხარია, რომ ორივე ძალიან ნიჭიერი, მუსიკალურია და არაჩვეულებრივად მღერის.

– ერთობლივი პროექტის გაკეთებას ხომ არ გეგმავთ?

– სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა თვითონ უნდა მოინდომონ, რადგან ძალიან არ მიყვარს ძალდატანება.

– რას ნანობთ ყველაზე მეტად?

– ვცდილობ, არაფერი არ ვინანო.

– რას ურჩევთ ქართულ საზოგადოებას?

– ვფიქრობ, ჩემგან ცოტა უხერხულია რჩევების გაცემა, თუმცა ყველას თანაგრძნობისკენ მოვუწოდებ, რადგან ადამიანებმა მეტად უნდა დაინდონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები