LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსაზრება, რომ კერძო სკოლაში ხარისხიანი განათლებაა, ხოლო საჯარო სკოლაში – უხარისხო, მცდარია” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

18
92017417-286359752348292-5788174554048233472-n

მას შემდეგ, რაც სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, უფრო აქტუალური გახდა საკითხი, რით განსხვავდება კერძო სკოლისა და საჯარო სკოლის სწავლების ხარისხი ერთანეთისგან. ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგანგანათლების სპეციალისტმა თაია მახარაშვილმა ისაუბრა.

თაია, შენ უკვე წლებია სწავლობ აღნიშნულ საკითხს. მუშაობ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. რა არის ყველაზე აქტუალური საკითხები ორივე მიმართულებით?

არსებობს სხვადასხვა სახის მითები კერძო სკოლებთან მიმართებაში, რაც რეალობას არ შეესაბამება. მაგალითად, პირველი მითია, თითქოს კერძო სკოლაში უკეთესი სწავლებაა, ვიდრე საჯაროში. რა თქმა უნდა, კერძო სკოლას უკეთესი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე მართლაც უნდა ჰქონდეს უკეთესი პირობები მოსწავლისთვის – ეს იქნება ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები თუ სწავლა-სწავლების უკეთესი ხარისხი, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია. თავისუფალი ბაზრის პირობებში კერძო სკოლაც ეყრდნობა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს და ხშირად მშობლებს იზიდავთ ისეთი კერძო სკოლები, რომლებიც მათ სთავაზობენ ბავშვის სკოლაში ყოფნის გარკვეულ დროს, ოლიმპიადებში და კონკურსებში მონაწილეობას, რომლის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატები და ა.შ. თუმცა, სწავლა-სწავლების პროცესი შესაძლოა სრულებით არაფრით იყოს გამორჩეული.

მეორე მითია, თითქოს, კერძო სკოლაში ჯანსაღი სასწავლო გარემოა – ესეც არ შეესაბამება რეალობას, რადგან ხშირად მოუმართავთ მშობლებს მსგავსი პრობლემებით. მშობლებმა უნდა იცოდნენ, ჯანსაღ გარემოს ქმნიან პირველ რიგში, პროფესიონალი საგანმანათლებლო ლიდერები, რომელთა საქმიანობა კომპლექსური და საპასუხისმგებლოა. ისინი წარმართავენ თანამშრომელთა შერჩევისა და საქმიანობის პროცესს იმგვარად, რომ სკოლაში შეიქმნას ეს ჯანსაღი გარემო, შესაბამისად, ეს ყველაფერი არა სკოლის კერძოობაზე, არამედ დირექტორზე, მასწავლებლებზე და სკოლის მისიაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ არსებობს როგორც პრობლემური, ისე ძალიან კარგი კერძო და საჯარო სკოლები და ვერ დავყოფთ მათ მხოლოდ მშობლის მხრიდან გაწეული ფინანსური თანამონაწილეობის ფორმების მიხედვით.

მშობლები ხშირად ამბობენ, რომ კერძო სკოლის მოსწავლეს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან მომზადება არ სჭირდება. აქაც საქმე გვაქვს მითთან და რეალობას ვართ აცდენილები. ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სპეციალისტები და რა პირობებში ასწავლიან ბავშვებს. მაგალითად: მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შედეგის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს კლასის ზომას – რამდენი ბავშვი სწავლობს თითოეულ კლასში, ასევე მშობლის ჩართულობას. ეს ყველაფერი მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც სწავლა-სწავლებისთვის საჭირო სხვა მოთხოვნებია დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ის, რომ მოსწავლე სწავლობს მაგალითად, 15-ბავშვიან კლასში, არ გამორიცხავს იმას, რომ მისი აკადემიური შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყოს ან პირიქით, 25-ბავშვიან კლასში მოსწავლემ ისწავლოს საუკეთესოდ.

კერძო სკოლა აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნას – ესეც კიდევ ერთი მითია. სკოლა ბაზრობა არაა და არც მისი პროდუქტია ჩვეულებრივი, რომლის რაობა ყველას ერთნაირად ესმის. ის უხილავია, მისი შედეგები სხვადასხვანაირად იზომება და თუ რომელიმე მშობლისთვის მნიშვნელობა აქვს სერტიფიკატს ან გამოცდის ჩაბარებას, შესაძლოა, სხვა მშობლისთვის მნიშვნელოვანი იყოს ბავშვის პრაქტიკული ცოდნა, რომლის გამოყენება მას შეუძლია ყოველდღიურობაში. ამდენად, სამსჯელოა, ვინაა ამ შემთხვევაში დამკვეთი – ბავშვი, რომელიც მისი უფლებების რეალიზებას ახერხებს მეურვის (მშობლის) საშუალებით თუ მშობელი, რომელსაც თავისი წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს სკოლაზე. ასე თუ ისე, სკოლამ უნდა შექმნას სწავლა-სწავლების ის სტანდარტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლის საუკეთესო ინტერესზე, ბავშვის უფლებებზე და მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაზე.

ანუ მივდივათ იქამდე, რომ მშობლებს აქვთ მცდარი ინფორმაცია და არასწორი მოლოდინები კერძო სკოლებისგან?

მშობელს რა უნდა სკოლისგან და როგორი წარმოუდგენია მისი შვილის განათლების პროცესი, ეს ჯერ კიდევ მაშინ ჩანს, როდესაც მშობელი სკოლას არჩევს. შერჩევაში მშობელი, რა თქმა უნდა, თავისუფალია, თუმცა მისი არჩევანი ყოველთვის როდი ნიშნავს სწორ არჩევანს. ერთი მშობელი თუ ინტერესდება იმით, საგნის საათების შემდეგ რითი იქნება დაკავებული მისი შვილი მისი სამსახურიდან დაბრუნებამდე და რამდენ წრეს სთავაზობს სკოლა, მეორეს აინტერესებს კლასების ზომა, სკოლის ადგილმდებარეობა, ტრანსპორტის მომსახურება და კვება; ზოგიერთი ინტერესდება სასწავლო გეგმით და მასწავლებელთა კვალიფიკაციით, ზოგიც ფიქრობს, რომ ფულის გადახდა ავტომატურად ხარისხიან სერვისს გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, სკოლის შერჩევამდე მშობელმა გააცნობიეროს, რომ ის პირველ რიგში შვილის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეს და არა საკუთარი გრაფიკიდან. უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ხასიათი და პიროვნული თვისებები, მიდრეკილებები, სასწავლო საჭიროებები და ა.შ. ამ შემთხვევაში მეტი შანსია, ბავშვი კმაყოფილი იყოს, ვიდრე მაშინ, თუ ის აუცილებლად საღამოს 18:00 საათამდე სადმე გაატარებს დროს, მაგრამ ეს დრო მისთვის არ იქნება შედეგიანი.

მშობლები ხშირად მიიჩნევენ, რომ კერძო სკოლის პირობებში, მათი ჩართულობა საჭირო აღარაა. ამით, ძირითადად, დაკავებული მშობლები იმშვიდებენ თავს. მათ არ სცალიათ, მოუცლელობას აკომპენსირებენ თანხის გადახდით, მაგრამ ჩართულობის საჭიროება ბავშვის ჯანსაღი სოციალური თუ კოგნიტური განვითარებისთვის მაინც ერთ-ერთ აუცილებელ პირობად რჩება. კერძო სკოლების გარკვეული ნაწილი ამას აღიქვამს როგორც კლიენტის ერთ-ერთ მოთხოვნას და არათუ ჩართულობაზე ზრუნავს, არამედ პრობლემასაც, რომელიც შეიძლება ბავშვს სკოლაში შეექმნეს, საგულდაგულოდ მალავს. შესაძლოა, ზოგ მშობელს ეცნოს კიდეც ეს პრობლემა, რადგან იყო შემთხვევები, რომ მშობელი მხოლოდ განსაკუთრებული გამწვავების შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში. რა თქმა უნდა, კარგია, თუ სკოლა ახერხებს პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას, თუმცა მშობელი ყველა ვარიანტში უნდა იყოს ინფორმირებული მის შვილთან დაკავშირებით.

თუ მშობლები ამ საკითხს მიუდგებიან პრინციპით “ფულს ვიხდი და ყველაფერი სკოლამ უნდა მოაგვაროს”, მათი შვილები შესაძლოა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, ხოლო თვითონ – იმედგაცრუებულები

 

გამოდის რომ, ბევრი კერძო სკოლა ფაქტობრივად “ძიძის” მოვალეობას ითავსებს? 

დიახ შეგვიძლია ამ კატეგორიადაც დავყოთ კერძო სკოლები. “ძიძა სკოლა”, რომელიც ხარისხიანი განათლებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მშობელი კმაყოფილია, რადგან ბავშვი მის დაბრუნებამდე სადღაც ეგულება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მშობელმა მხოლოდ საკუთარი საჭიროებები არ უნდა გაითვალისწინოს და ანგარიში გაუწიოს იმას, როგორ გაატარებს მისი შვილი სკოლაში დროს, რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ეს მისთვის.

მშობელმა უნდა დასვას კითხვა: რას სთავაზობს კერძო სკოლა საჯაროსგან განსხვავებულს, რადგან მოსწავლის საღამომდე დაყოვნებისა და მეცადინეობაში დახმარების სერვისი დღეს საჯარო სკოლებსაც აქვს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სკოლები არაფრით განსხვავდება კერძო სკოლებისგან. საინტერესოა ისიც, რაში ხარჯავს ფინანსებს მშობელი, რადგან ხშირია, როცა ბავშვს ატარებენ კერძო სკოლაში და პარალელურად ამზადებენ სხვადასხვა საგანში, ანუ გამოდის, რომ ორმაგ თანხას იხდიან იმ სერვისში, რაც წესით უკვე უნდა ჰქონდეთ კერძო სკოლის პირობებში.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის, ისევე, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის უმთავრესი რესურსი არის ადამიანური რესურსი. თუ სკოლას აქვს ეს რესურსი, მაშინ იქ მისი მისიის და ხედვის განხორციელება ადვილია, სხვა გამოწვევების მიუხედავად. თუ ადამიანური რესურსი, დაწყებული ლიდერიდან, დამთავრებული დამხმარე მასწავლებლამდე არ არის სათანადო, მაშინ სკოლა და მისი მოსწავლეები პრობლემების წინაშე დგებიან. დღეს ჩვენ ეს რესურსი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში.

მოსაზრება, რომ კერძო სკოლაში სწავლა უთუოდ გულისხმობს ხარისხიან განათლებას, ხოლო საჯარო სკოლაში – უხარისხოს, არის მცდარი. დღეს საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი სკოლები ქმნიან კარგ პირობებს, რომელიც პირველ რიგში ბავშვების ინტერესს ითვალისწინებს და ჰარმონიაშია მშობლის ხედვასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები