კრიზისული წლები წყვილებში - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ წყვილის ურთიერთობებში ზოგჯერ დგება კრიზისები, ამ პერიოდებს კრიზისულ წლებს უწოდებენ. თემაზე უფრო ვრცლად გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიკა ბარაბაძემ ისაუბრა.

რას უწოდებენ კრიზისულ წლებს ფსიქოლოგები?

ოჯახურ გამოწვევებში აღინიშნება გარკვეული ტენდენციები, რომლებსაც კრიზისულ  პერიოდებს ვუწოდებთ. სტატისტიკურად, განქორწინებები ყველაზე ხშირად ამ პერიოდში გვხვდება და ამიტომაც იქცევს ოჯახთან მომუშავე სპეციალისტების ყურადღებას.

6 თვე – 1 წელი

ეს პირველი დიდი ოჯახური კრიზისია. შეყვარებულობის ხიბლი ქრება და მეუღლეები ერთმანეთის რეალურ გაცნობას იწყებენ, ამჩნევენ უარყოფით მხარეებს, უსიამოვნო ჩვევებს. ხშირად აღმოჩნდება, რომ წყვილს აქამდე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფინანსების მართვა, ბავშვების აღზრდა, ნათესავებთან ურთიერთობის ფორმები, თავისუფალი დროის გატარება… შესაბამისად, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობს, განიცდის იმედგაცრუებას, ნანობს შეუღლებას.

 გამოსავალი

გულახდილი საუბარი ამ პერიოდის გადალახვის საუკეთესო გზაა. რასაკვირველია, ის ვერ გააბათილებს რისკს, რომ მეუღლეების შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, მაგრამ მცდელობის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. საუბარი უალტერნატივოა.

 3-5 წელი

ამ პერიოდში ეიფორია და ვნება იკლებს, მაგრამ იმატებს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება. ბევრი წყვილი ზუსტად ამ პერიოდში წყვეტს სიყვარულზე საუბარს. საწოლ ოთახში პრიორიტეტული ხდება ძილი, ხოლო რომანტიკული ჟესტები იშვიათდება. ამას ემატება ოჯახური პასუხისმგებლობა, რომლის უდიდესი წილი ბავშვის მოვლაზე მოდის. ეს უკანასკნელი მთლიანად ცვლის ოჯახურ დინამიკას და მშობლებისგან, განსაკუთრებით – პირველ ხანებში, უდიდეს ენერგიას მოითხოვს.

გამოსავალი

ამ დროისთვის მეუღლეები უკეთ არიან და ერთმანეთზე დაყრდნობა შეუძლიათ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ კრიზისი დროებითია, რომ ყველა წყვილი გაივლის ამ სტადიას, თუმცა კრიტიკული პერიოდი თავისით არ დამთავრდება – მეუღლეებმა ამისთვის ცნობიერად უნდა დახარჯონ ძალისხმევა, ეცადონ გამონახონ დრო მარტო დასარჩენად, აღადგინონ “წყვილური” ტრადიციები.

 5-7 წელი

ეს ოჯახური თანაცხოვრების ყველაზე კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა. ამ დროისთვის თითქოს ყველაფერი აწყობილია, ბავშვის მოვლა აღარ არის უწინდებურად დამქანცველი, თუმცა მეუღლეები უკვე ისე კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ ინტერესს კარგავენ. სტაბილურობა ერთფეროვნებად იქცევა. სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება ყველაზე დიდი გაცივება, დაშორება და უმეტესად – განქორწინებაც.

 გამოსავალი

ამ პერიოდის გადასალახავად აუცილებელია გულახდილი კომუნიკაცია. როგორც კი პრობლემას შევამჩნევთ, მაშინვე უნდა განვიხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენი გამოწვევა დაგროვდება, რომ წყვილი შეთანხმებას ვეღარ შეძლებს. ამ დროს კარგია მომავალზე საუბარი, ოჯახურ ცხოვრებაში რეორიენტაცია – დაოჯახების შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, შეიცვალა ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, მოხდა ცვლილებები ოჯახის შემადგენლობაშიც.

 10-15 წელი

აშშ-ში გამოკითხული ქალების უმეტესობამ ქორწინების მე-11 წელი ყველაზე რთულ პერიოდად დაასახელა. სტატისტიკური მონაცემებით, ევროპაში ქორწინებათა უმეტესობა 11 წელს გრძელდება. შესაბამისად, ეს ძალიან საშიში კრიზისია. ამ დროს მეუღლეებს უჭირთ ყოველდღიური პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევა, რადგან წინ წამოიწევს მათი პირადი ინტერესი და თვითძიების პროცესი. ბავშვების მოვლა, მუშაობა, საკუთარი ინტერესებისთვის დროის გამონახვა – ეს ყველაფერი ჩვეული და ამავე დროს ძალიან რთული ხდება.

გამოსავალი

ეს კრიტიკული პერიოდი ბუნებრივია. თუ ოჯახი მას გადალახავს, გაცილებით ძლიერი გახდება და ეს ძლიერება წლების განმავლობაში გაჰყვება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მართებულია ოჯახის თერაპევტის დახმარება, რათა წყვილმა ხელახლა ისწავლოს კომუნიკაცია, გადახედოს არსებულ ოჯახურ როლებს, დეტალურად განიხილოს ყოველდღიური პატარ-პატარა უსიამოვნებები.

 20-30 წელი

ქორწინების ეს კრიზისი ორივე მეუღლის პირადი გამოწვევების შედეგად დგება. ბავშვები იზრდებიან და მშობლების მხრადაჭერა აღარ სჭირდებათ. მეუღლეები მარტო რჩებიან, როგორც ქორწინების პირველ წელს, თუმცა ამ დროისთვის ისინი უკვე გადაეჩვივნენ წყვილად ყოფნას. შესაძლოა, რომელიმე მათთაგანს ე.წ. შუახნის კრიზისიც ჰქონდეს, რაც მათ უფრო მეტად აშორებს.

 გამოსავალი

საუკეთესო გამოსავალი საერთო ინტერესების გამოძებნა, ერთმანეთის თავიდან გაცნობა, მოგზაურობა, წყვილური ურთიერთობის აღდგენაა. ეს ოჯახური ცხოვრების ბოლო კრიტიკული პერიოდია – მისი დაძლევის შემდეგ განქორწინება ძალიან იშვიათია.

რა საკვირველია, ეს მხოლოდ ტენდენციაა და ინდივიდუალური ოჯახები სხვადასხვაგავარად უმკვლავდებიან გამოწვევებს. ზოგიერთისათვის წამყვანი ხდება ფინანსური პრობლემები, ზოგიერთისათვის – რუტინული ყოველდღეობა. ოჯახი სასიამოვნო, საიმედო, დამცავი და დასაყრდნობი ერთეულია, რომლის შენახვასაც დიდი ძალისხმევა და გულახდილი კომუნიკაცია ესაჭიროება.