LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგრესი „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ 5-6 ივლისს ბათუმში გაიმართება – ზურაბ ალხანიშვილი

10
IMG_0448

28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსი“ სტუმარმა  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა   ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესზე ისაუბრა, რომელიც 5-6 ივლისს ბათუმში გაიმართება და ქალთა ჯანმრთელობას მიეძღვნება.

– ბატონო ზურაბ, კონგრესი საინტერესო და მეტად დამაინტრიგებელი სახელწოდებით „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ სულ რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მსგავსი ღონისძიების მოწყობის იდეა?

– სტომატოლოგიური საზოგადოებისთვი ქალის ჯანმრთელობის თემა დიდი ხანია აქტუალურია, რადგან საზოგადოების განვითარებასთან ერთად პრიორიტეტებიც იცვლება. უამრავი, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის და ოჯახური ძალადობის პრობლემა გამოავლინა ბოლო წლების კვლევებმა, რომლებიც პერიოდულად ტარდება მთელ მსოფლიოში, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა, რადგან ანალოგიური თემები ჩვენთვისაც ძალიან აქტუალურია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მსგავსი თემების აქცენტირება და ფორუმის მოწყობა, რომლის იდეა რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა, როცა მადრიდში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კონგრესი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფედერაციას შიდა – ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციაც აქვს, რომლის გამგეობაში ჩვენი ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილიცაა გაწევრიანებული. სწორედ გამგეობას ეკუთვნის საქართველოში მსგავსი ღონისძიების გამართვის იდეა, ქალბატონმა ქეთევანმა კი, მის ორგანიზებაზე აიღო პასუხისმგებლობა. ასე რომ, ფორუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, სწორედ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება.

– ფორუმს სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელიც დაესწრება. კიდევ ვის უმასპინძლებს წლევანდელი ფორუმი?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ სპიკერთა სახელი და პროფესიონალიზმი, რომლებიც ღონისძიებას გაუძღვებიან მართლაც კონგრესის მაღალ დონეზე მეტყველებს, რადგან მსგავსი მასშტაბის ღონისძიება მედიცინის სფეროს ჯერ არ ჰქონია. ქალბატონ ქეითლინთან ერთად ჩვენს ღონისძიებას ევროპის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი ანა ლელა, ყოფილი პრეზიდენტები კორეელი თინ ჩან ვონგი და ბელგიელი მიშელ არდენიც დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია მსოფლიოს უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რადგან როგორც აღმოჩნდა, სტომატოლოგები მართლაც ძალიან ბევრნი ვართ. კონგრესის მთავარი მიზანი ქართული სტომატოლოგიური საზოგადოების გავლენიანი უცხოელი სპეციალისტებისთვის გაცნობაა. მართლია, ქართული სტომატოლოგია დიდი ხანია რეგიონის ლიდერად ითვლება, მაგრამ მსგავსი უპირატესობის დაჯერება ხშირად უჭირთ დასავლელ კოლეგებს, ამიტომ უამრავი დელეგატი – ასოციაციების პრეზიდენტი და ხელმძღვანელი მოვიწვიეთ ჩვენი საქმიანობის უკეთ გასაცნობად.

– ფორუმს ქალბატონი ქეთევანი გახსნის, მისასალმებელი სიტყვით კი, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წარსდგება საზოგადოების წინაშე. ზოგადად, სამედიცინო საზოგადოება ნაკლებადაა განებივრებული პირველი პირების სტუმრობით, მით უფრო, ღონისძიების მასპინძლობით. თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა ქალბატონი სალომე კონკრეტულად თქვენი ფორუმით და როდის გადაწყვიტა მასში მონაწილეობა?

– ფორუმის ფარგლებში, ჩვენ ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ პრობლემას მოვუყარეთ თავი სოციალური და ეკონომიკური საკითხების ჩათვლით. ამ თვალსაზრისით ჩვენი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმედი გვაქვს, ერთგვარი სტიმული გახდება სხვა პროფილის ასოციაციებისთვის, რომლებიც კონგრესზეც მოვიწვიეთ, სიამოვნებით გაიზიარა ჩვენი წამოწყება პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომემაც, რომელიც მისასალმებელ სიტყვასთან ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც თანამედროვე ქალს აწუხებს.

– კონკრეტულად რა სფეროებს განიხილავს ფორუმი სხვა დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით?

– მრავლფეროვანი პროგრამა თითქმის ყველა სფეროს გააერთიანებს საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ხელსეწყობის საკითხების ჩათვლით, რომლებზეც ქართველებთან ერთად უცხოელი სპიკერებიც ისაუბრებენ, ფსიქიატრები – ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემებს მიმოიხილავენ, პედიატრები, ალერგოლოგები და გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები და იმუნოლოგები კი, საკუთარ სფეროებს განიხილავენ, რადგან ჩვენს კონგრესში მედიცინის პრაქტიკულად ყველა დარგია ჩართული.

– რამდენად საინტერესოა მსგავსი ღონისძიება ახალგაზრდა სტომატოლოგებისთვის?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალობა და აირჩიონ საქმიანობის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები