LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „ემი“ ახალი სიმღერით ბრუნდება

„ეს ხუმრობაა, თუ მართლა პირდაპირ ეთერში ვარ“ – ამ ფრაზით უპასუხა ია მანიჟაშვილმა „ფორტუნას“ სატელეფონო ზარს, რომლის დროსაც ჯგუფის „ემი“ ერთ-ერთ წევრს ამერიკაში დავუკავშირდით. ნიკა კაციას გადაცემაში „ლიმონი“ იამ ამერიკაში ცხოვრების შესახებ, ძველი ჰიტებისა და იმ სიახლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მელომანები მალე მოისმენენ.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ამერიკაში ჩაფრინდი?

ია მანიჟაშვილი:

პირველ რიგში, ყველას მივესალმები. მეორე – დავდუმდი იმიტომ, რომ საქართველოდან არ ვარ განებივრებული მოკითხვებს და ზარებს. ოჯახის წევრებს არ ეხება ეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ გაგახსენდით. ცოტა ვრცელი მოსაყოლია, რადგან ექვსი წელია მე და დავი აქ ვცხოვრობთ. ადაპტაცია იოლად გავიარეთ, რადგან ისეთ ასაკში გადავწყვიტეთ კონტინენტის შეცვლა, როცა გაცილებით ადვილია. როცა პატარა ხარ გადაწყვეტილებებს იოლად იღებ. სირთულეებს იოლად ლახავ, მარტივად. ჩვენი აქ წამოსვლის მიზეზი დავის მუსიკალური კარიერა იყო. რამდენიმე კასტინგი ჰქონდა, რომლისთვისაც ამერიკაში ჩამოვფრინდით. შემდეგ დროში გაიწელა და აქ დავრჩით. მეექვსე წელია დავი ამერიკულ როკბენდში მღერის, რომლის ყველა წევრი ამერიკელია და მარტო დავი არის ქართველი. მე მუსიკასთან შეხება არ მაქვს, მხოლოდ ვისმენ.

რატომ აღარ წერთ ახალ სიმღერებს და რომ არ წერთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სიახლეს მალე შემოგვთავაზებთ?

გულწრფელად გეუბნებით, მიკვირს, თუ კიდევ ვინმეს ვახსოვარ. ბოლო დროს იყო რამდენიმე გულსატკენი შემთხვევა, როცა ჩვენი სიმღერები დაუკითხავად შეასრულეს. მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ ჰიტებში, რომელსაც „ემი“ ასრულებდა, ჩვენ სოლიდური თანხები გვაქვს გადახდილი და ჩვენი საკუთრებაა. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს შესრულების სურვილი ექნება, მარტივია და მარტივად დაგვიკავშირდნენ და ნებართვა აიღონ. ეკა თბილისში ცხოვრობს, მე მართალია ამერიკაში ვარ, მაგრამ მას დაუკავშირდნენ, ეს არ არის რთული. მიხარია ის, თუ ვინმეს კიდევ ვახსოვარ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევასრულეთ დავის სიმღერა, რომლის პრემიერაც თქვენთან შედგა და დიდი მადლობა ჰოლდინგს. მხოლოდ თქვენი რადიოს მხრიდან იყო უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი სიმღერა დატრიალებულიყო, რისთვისაც დიდი მადლობა. რაც ეხება სიახლეს, სურვილი გაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერთადერთი ალბომი „მზე ისევ ამოვა“ დაკომპლექტებული იყო თითქმის მხოლოდ რუსა მორჩილაძის სიმღერებით, პირველად მაქვს ბედნიერება, ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით მოგიყვეთ ახალ ამბავზე. ლილიკო ნემსაძემ დაგვიწერა ახალი სიმღერა, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე ჰიტი იქნება, როგორებიც იყო „მზე ისევ ამოვა“; „მთვარე დამელოდება“ და სხვა სიმღერები. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის და ბორიკო შხიანმა გააკეთა არანჟირება. ჩემი და ეკას გრაფიკი ვერ ემთხვევა და ვფიქრობთ, რომ მე ამერიკაში ჩავწერო სიმღერა, ჩემმა დამ საქართველოში და შემდეგ მიქსს გავაკეთებთ ამ ყველაფრის და კლიპს ამერიკაში გადავიღებთ. ვიდეოს აქ გადავიღებთ, რადგან ტრადიცია გვაქვას, რომ ახალ წელს მე და ეკა ვხვდებით აქ, ნიუ-იორკში.

გვაძლევ პირობას, რომ ახალი სიმღერის პრემიერა ფორტუნას ეთერში შედგება?

დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ. რთულია სატელეფონო კავშირით ემოციების გამოხატვა, მაგრამ მიკვირს, თუ ვინმეს ვახსოვართ. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ვეცდებით, რომ ბევრი სიახლე შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, აქვე გეუბნებით, რომ ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურად თქვენთან შედგება .