LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელების საყვარელი „ვერდის ფესტივალი” საქართველოში გადმოინაცვლებს

12
IMG_0052

გადაცემის ლაივი LIVE

2 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმრებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ბატონმა ბადრი მაისურაძემ, ოპერის მომღერალმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა  გიორგი ანდღულაძემ „ვერდის ფესტივალზე” ისაუბრეს, რომელიც პირველად გაიმართება საქართველოში.

– ბატონო ბადრი, „ვერდის ფესტივალი” წელს პირველად გასცდა სამშობლოს საზღვრებს და სწორედ საქართველოში გადაწყდა გასვლითი ფესტივალის მოწყობა. რატომ შეირჩა მაინცდამაინც ჩვენი ქვეყანა?

– ძალიან სერიოზულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და მიხარია, რომ არჩევანი სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სასარგებლოდ გაკეთდა. ვფიქრობ, ამგვარი პატივი ფესტივალის ორგანიზატორების სიმპათიის და იმ ქართველი მომღერლების წყალობით დავიმსახურეთ, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ იტალიაში.  სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ ფესტივალის ორგანიზატორებთან და იმედი მაქვს, ჩვენი მხარდამჭერი ინსტიტუციების დახმარებით, თბილისური ფესტივალებიც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც პარმაში გამართული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იტალიელ კოლეგებს და პირველ რიგში გიორგის, რადგან სწორედ ისაა ფესტივალის თბილისში მოწყობის მოთავე. ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი ჩვენც შეგვაქვს ქართული საოპერო მუსიკის და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ განსხვავებული გემოვნების მაყურებლის დაკმაყოფილებას და ევროპული საოპერო ხელოვნების ტრადიციების დაცვით გავითვალისწინოთ ქართველი მსმენელის შეხედულებები და მოსაზრებები. 2 წელიწადში 12 პრემიერა მოვაწყვეთ და ვფიქრობ, ყველა სპექტაკლი წარმატებული გამოვიდა. მომავალში განსხვავებული, ევროპული თეატრებისთვის ჩვეული  3D-ფორმატით ვგეგმავთ წარმოდგენების დადგმას და იმედი მაქვს, ბევრად სანახაობრივი, ვიზუალურად ეფექტური იქნება.

– ბატონო გიორგი, რამდენადაც ვიცი, მთელი 2 წელი აწარმოებდით მოლაპარაკებას ფესტივალის დირექტორთან. საბოლოოდ როგორ მოახერხეთ მისი დათანხმება?

– აღსანიშნავია, რომ „ვერდის ფესტივალი” იტალიელების საყვარელი ფესტივალია. ჯუზეპე ვერდის ოპერები ყველაზე ინტენსიურად იდგმება მთელ მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გასულ წელს ლონდონში ვერდის ფესტივალი განსაკუთრებული ჯილდოს – ერთგვარი საოპერო „ოსკარის“ მფლობელი გახდა. არსებობის მანძილზე ფესტივალს არასდროს დაუტოვებია ვერდის მშობლიური პარმის საზღვრები, ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან სწორედ ჩვენ ვართ გრანდიოზული ღონისძიების პირველი უცხოელი მასპინძლები. პირადად მე პარმაში გავიზარდე და პირველი გამოსვლებიც სწორედ „რეჯოს“ თეატრს უკავშირდება, მის დირექტორს, ქალბატონ ანნა მარია მეოს კი, რომელიც დიდი ხანია აკვირება ჩვენს საქმიანობას, არც თეატრის  საერთაშორისო წარმატება გამორჩენია ბატონ ბადრის ხელმძღვანელლობით. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი ინტენსიური თანამშრომლობა პრესტიჟულ თეატრებთან, რითაც არა მხოლოდ თეატრმა, არამედ მთელმა ქვეყანამ უნდა იამაყოს, რადგან საქართველო მუდმივად ფიგურირებს მსოფლიოს საუკეთესო თეატრების აფიშებზე, წარმოდგენებს იტალიური ტელეარხები აშუქებენ, ჩვენი „ტურანდოტი“ კი, რომელიც „მედიასეტის“ ჯგუფმა გადაიღო, 6-მილიონიანი ტირაჟით დაიყიდა DVD-ფორმატში. სხვათაშორის, „მედიასეტი“, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია და „ოსკარის“ პრემიის მფლობელია, წლევანდელი ფესტივალის სპონსორი იქნება. კომპანიამ მართლაც უზარმაზარი ინვესტიცია დააბანდა ჩვენს პროექტში, მათ მიერ გადაღებული DVD კი, მთელ მსოფლიოში გაიყიდება. ვფიქრობ, ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან მილიონობით ოპერის მოყვარულს მოიზიდავს. ბევრმა შესაძლოა არ იცის, მაგრამ ცნობილი „არენა დი ვერონას“ ყოველწლიური შემოსავალი მხოლოდ ფესტივალიდან 650 მლნ. ევროს აღემატება.

– ბატონო ბადრი, უცხოელი სტუმრებიდან ვინ ეწვევა ფესტივალს?

– მსოფლიოს უმსხილეს ვარსკვლავებთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი რეჟისორები და გადამღები ჯგუფები, ვინც ტექნიკურ და შემოქმედებით მხარეს უზრუნველყოფს. გასულ წელს ჩვენი თეატრი პუჩინის ფესტივალში მონაწილეობდა და 16-მილიონიანი აუდიტორიაც შეკრიბა, წელს კი, ბევრად სერიოზული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ყველაფერს გავაკეთებთ რათა იტალიელი კოლეგების ნდობა გავამართლოთ.

– ბატონო გიორგი, 16 აგვისტოს „ბალ-მასკარადის“ პრემიერა გაიმართება ოპერის თეატრში. საინტერესოა, სად გაგრძელდება ფესტივალი?

– 23 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ვუმასპინძლებთ ოპერის მოყვარულებს და „აიდას“ დადგმას შევთავაზებთ, 25 აგვისტოს კი, გრანდიოზულ გალა-კონცერტს გავმართავთ, რომელზეც მხოლოდ ვერდის ნაწარმოებები შესრულდება.

– ბატონო ბადრი, რა სპექტაკლით გეგმავთ წლევანდელი სეზონის დახურვას?

– გახსნის მსგავსად, 6 ივლისს სეზონს ისევ „აბესალომ და ეთერი“ დაიხურავს, რომელიც ვახტანგ ფალიაშვილის ხსოვნას და 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

– ბატონო გიორგი, სამომავლოდ რა გეგმები აქვს თეატრს?

– მომავალი სეზონი მართლაც მრავალფეროვანი იქნება, რადგან სამ განზომილიებიან ფორმატში გავაკეთებთ იმ წარმოდგენებს, რომლებიც მანამდე არასდროს დადგმულა საქართველოში. ევროპაში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს ამგვარი ფორმატი და იმედი მაქვს, ქართველ პუბლიკასაც ძალიან მოიწონება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები