"ეს დარგი არავის აინტერესებს, საჭიროა საექსპორტო ბაზრის გაფართოება"

“ბიზნესკურიერს” “ბიას”ბიზნესკატალოგმა ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებზე ინფორმაცია მიაწოდა. მათი ცნობით,  2019 წლის აპრილის მდგომარეობით, „ბია“-ს ბაზაში სულ 27,368 აქტიური სუბიექტია, აქედან 1000  (3.6 %) ბუნებრივი რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში მოქმედებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა “ბიზნესკურიერს” განუცხადა, საქართველო  ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა არც იმდენად რომ ის ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ სექტორად მივიჩნიოთ. მისი თქმით, საქართველოს ყველაზე დიდ ბუნებრივ რესურსად ჰიდრო პოტენციალი შეიძლება ჩაითვალოს, რაც დღეს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების მთავარი წყაროა და მას მომავალშიც დიდი პოტენციალი აქვს.

„ბია“-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნულ დარგში  კომპანიების ზომის გადანაწილება შემდეგია:

  • 47% არის მცირე ზომის კომპანია;
  • 33% არის საშუალო ზომის კომპანია;
  • 20% კი მსხვილი ზომის;

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიების წილი მცირეა,  მათი ოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი, რაც დადებითი ფაქტია.

“ბიას” ბაზაში არსებული მონაცემებით, ამ დარგში არსებული კომპანიების მხოლოდ 7% ახორციელებს ექსპორტს. საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი, სომხეთი და რუსეთი.  ძირითადი ექსპორტირებული პროდუქტია: მანგანუმი, ქიმიური ნედლეული, ფერადი და შავი ლითონები.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზარი მცირეა და მათი დივერსიფიცირება საჭიროა. ექსპორტი ქვეყანაში უცხოური  ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარი წყაროა და ამიტომ მისი გაზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად ამ დარგში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, რაც ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს. ეს უარყოფითი ფაქტია და პასუხისმგებელი პირების მხრიდან ამ სექტორში მათ მეტ ჩართულობას საჭიროებს”, – აცხადებს ამაშუკელი.