LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის ნახატები ჟურნალმა გამოიყენა მისი გაფრთხილების გარეშე” – საავტორო უფლებები

6
avtoris-xmaa-show-reress

გადაცემის ლაივი LIVE

3 მარტს რადიო „ფორტუნას“ ახალ გადაცემაში „ავტორის ხმა“, წამყვანებმა გიგა კობალაძემ და თათა სადრაძემ მხატვარ დავით მაჭავარიანთან ერთად ისაუბრეს საავტორო უფლებებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.

– დათო, თქვენ რას თვლით ქართული ხელოვნების მთავარ პრობლემად?

– მართალია, გამოწვევები ნებისმიერ სფეროშია, ხელოვნება კი უბრალოდ ყველაფერს აირეკლავს, მაგრამ ჩვენს მთავარ პრობლემად მაინც მიუღებლობა მიმაჩნია. ქართველებს ყოველთვის ძალიან გვიჭირდა სიახლის მიღება, ამიტომ არცერთი დარგის მოწესრიგება არ გამოგვდის. თითქოს წარსულში ვცხოვრობთ, აწმყოში ფიქრი გვიჭირს და ყოველთვის მომავალში ვართ შეგრძნებით. გაუთავებლად რაღაცით ვსპეკულირებთ და გვავიწყდება, რომ არანაირი მომავალი არ იქნება აწმყოს გარეშე. საქართველოს, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, გაზრდა სჭირდება, რადგან პრობლემები მეტწილად იქ გვექმნება, სადაც მოქცევა არ ვიცით. ქართველები ხრიკის ხალხი ვართ, ამიტომ ყველგან თაღლითობით ვცდილობთ სარგებლის ნახვას. ვფიქრობ, გენდერული თანასწორობის ნაცვლად, ცნობიერების თანასწორობაზე უფრო უნდა ვიზრუნოთ და მუდმივად ერთმანეთის გაცურებაზე არ უნდა ვიფიქროთ.

– უამრავი პრობლემა აქვთ მხატვრს, რადგან ხშირად, მისი ერთხელ გაყიდული ნამუშევარი, მოგვიანებით მრავალჯერ იყიდება, რის შესახებაც თვითონ არაფერი იცის და შესაბამისად, არც შემოსავალი აქვს…

– მყიდველს ჰგონია, რომ შეძენის შემდეგ ნახატი მისი საკუთრებაა და მხოლოდ საკუთარი სურვილით შეუძლია განკარგვა, მხატვარს კი, რომელიც ნაკლებად ინტერესდება კომერციული საკითხებით, არასდროს აქვს წარმოდგენა რა ბედი ეწია მის ნამუშევარს და სწორედ მაშინ ირღვევა მისი უფლებები. კარგი იქნება, თუ სპეციალური სააგენტო შეიქმნება, რომლის საიტზე ყველა შეძლებს საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას, რაც ერთის მხრივ, მის ცნობადობას გაზრდის, მეორეს მხრივ კი, ნახატის გაყიდვას და უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.

– გიგა, თავად ავტორები რამდენად ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას?

– ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა სულ სხვის იმედზე ყოფნაა. ასე არიან ავტორებიც, რომლებიც ყოველთვის პასიურობენ, ნაკლებად უფრთხილდებიან საკუთარ ნამუშევრებს და იმედი აქვთ, რომ სხვა მოაგვარებს მათ პრობლემას.

– დათო, თქვენ რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– სამწუხაროდ, ბავშვობაში ნაკლებად ვსწავლობთ სწორად მოქმედებას. მხატვარი იშვიათად აცნობიერებს, რომ ენერგია, რომელიც ნახატს შეალია, მატერიალურ მოგებად შეუძლია აქციოს. ვფიქრობ, აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა და სხვისი პატივისცემა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება შედგეს სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოება.

– გიგა, რა უნდა გააკეთოს ავტორმა პირველ რიგში?

– პირველ რიგში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ იდეა, რომელიც თავისუფალი აზროვნების ნაყოფია, არასდროსაა დაცული, რადგან მხოლოდ გარკვეული ფორმით გამოხატული იდეის დაცვა შეიძლება, ანუ თუ ორმა მხატვარმა ერთი რამის დახატვა მოისურვა, მხოლოდ ის იქნება დაცული, ვინც პირველი შეძლებს საკუთარი იდეის ვიზუალიზაციას, ამიტომ მცდარია „იდეის მოპარვის“ მცნებაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის აქტიურობაა, რომელიც თავად იზრუნებს საკუთარი უფლებების დაცვაზე და არ ეცდება პასუხიმგებლობის სხვისთვის გადაბარებას.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ მხატვრები თავისი პრობლემებით?

– საკმაოდ ხშირად. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის ნახატები ჟურნალმა გამოიყენა მისი გაფრთხილების გარეშე, ჩვენ კი, სასამართლოს მივმართეთ და სწორედ ასე ვაიძულეთ დამრღვევს ავტორისთვის ჰონორარის გადახდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები