LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდოსკოპიური ქირურგიის ახალი მეთოდი – ქირურგ-ონკოლოგი ლევან რამიშვილი გადაცემაში “პულსი”

76
levan-ramishvili-pulsi19

31 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკის „ენმედიცი“ ქირურგ-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ენდოკრინულ ქირურგთა ევროპული კლუბის მორიგ შეხვედრაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო ლევან, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით სოფიაში გამართული კონფერენციიდან.  საინტერესოა, კონკრეტულად რას მიეძღვნა შეხვედრა?

– სოფიაში ენდოკრინულ ქირურგთა კლუბის შეხვედრა მოეწყო. მართალია, კლუბი ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის ნაწილია, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად მუშაობს, რაც ევროპელ ენდოკრინოლოგებს დაახლოვებასა და უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, რადგან კლუბი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის 13 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც მე წარმოვადგენ. სასიამოვნო და მეტად სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიურ ქირურგიას მიეძღვნა და უამრავი ახალი,  ნოვატორული იდეა განვიხილეთ. საქართველოში ოპერირების მსგავსი მეთოდი ერთი წლის წინ დაინერგა და მართალია, მხოლოდ ოთხჯერ განხორციელდა მაგრამ ყველა წარმატებით დასრულდა. პირველი ოპერაცია თურქი კოლეგების დახმარებით, დანარჩენი კი, ქართველმა ექიმებმა დამოუკიდებლად შევასრულეთ და სწორედ ამ ოპერაციების ანგარიში მოვახსენე როგორც ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციას, ისე ჩვენს კლუბს. რა თქმა უნდა, ამ სფეროში ჩვენ ნაკლები გამოცდილება გვაქვს, თუმცა მაინც დადებითი შეფასება დაიმსახურეთ.

– მართალია, ინოვაციებით ყოველთვის ევროპა და ამერიკა ლიდერობდა, მაგრამ ენდოსკოპიურ ქირურგიას საფუძველი მაინც აზიურ ქვეყნებში ჩაეყარა. თქვენი აზრით, რატომ გახდნენ სწორედ აზიელი ექიმები ამ სფეროს პიონერები?

– გეთანხმებით, ამ სფეროს პიონერები მართლაც ჩვენი კორეელი და ტაილანდელი კოლეგები არიან, რომელთაც პრაქტიკულად შექმნეს ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია და სრულად შეიმუშავეს ტექნოლოგია, მერე კი, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეძლეს მისი დანერგვა. აღსანიშნავია, რომ აზიელი და ქართველი პაციენტების მენტალობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან აზიელები უპირობოდ ასრულებენ ექიმის ყველა რჩევას და დანიშნულებას, ქართველები კი, საოცარი სკეპტიკოსები არიან, ჭირვეულობა, ორჭოფობა ახასიათებთ და რამდენიმე სპეციალისთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ისევ თვითონ იბნევიან, ასე რომ, ოთხი ქეისიც საკმაოდ დიდი მიღწევაა ჩვენთვის. სხვათაშორის, ჩვენს შეკრებას აზიელი სპეციალისტებიც სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარ ასოციაციაში გაწევრიანება შემომთავაზეს, რაც სიამოვნებით მივიღე, რადგან ყოველთვის ვინტერესდებოდი მათი საქმიანობით, თბილისში ჩამოსულმა კი, რამდენიმე დღეში შევიტყვე, რომ აზიელ ენდოკრინულ ქირურგთა აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გავხდი.

– საინტერესოა, რა ტენდენციები გამოიკვეთა კონფერენციაზე?

– მართალია, ენდოსკოპიური ქირურგია წამყვანი მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის ოპერირებისას, მაგრამ ბოლო წლებში კიდევ ერთი სიახლე დაინარგა და ახლა ენდოსკოპიური ოპერაცია და ვინჩის მეთოდით კეთდება. მსგავსი პრაქტიკა მანამდე მხოლოდ უროლოგიაში გამოიყენებოდა, თუმცა, როცა ჩვენს სფეროში მიღწეულ შედეგებს გადავხედე, მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი, მეტიც კომპიუტერული თამაშის, ფანტასტიკური ფილმის მონაწილედ ვიგრძენი თავი, რადგან უნიკალური და საოცრად ეფექტური ვიზუალიზაცია, ყველაფრის, მათ შორის ყველაზე წვრილი სისხლძარძვების აბსოლურურად განსხვავებულად დანახვის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, და ვინჩის მეთოდით ოპერირება საკმაოდ ძვირია, სამაგიეროდ შედეგია სრულად გარანტირებული.

– რამდენად კონკურენტუნარიანია ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია საქართველოში?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ქირურგები არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელ კოლეგებს, რაშიც ყოველ წელს ვრწმუნდები მათთან შეხვედრასა და ინფორმაციის გაცვლისას. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე გაცილებით იაფია, შესრულების დონე კი, წამყვანი ქვეყნების იდენტური, რითაც ძალიან დაინტერედა რამდენიმე თურქული ფირმა, რომელთაც ობიექტურად შეაფასეს ჩვენი პოტენციალი და რამდენიმე პაციენტის საქართველოში ვიზიტის თხოვნით  მოგვმართეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები