LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს, რადგან სწორედ მათი წყალობით შეგვიძლია მუსიკოსებს ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაცია” – ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი

5
warmatebis-formula-mario

გადაცემის ლაივი LIVE

3 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ სპეციალური სტუმარი, ცნობილი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და საქართველოში შეძენილ შთაბეჭდილებეზე ისაუბრა.

მარიო სტეფანომ ადრეულ ასაკში ისწავლა ჯერ აკორდეონზე, მერე ბანდონეონზე დაკვრა, 2007 წელს კი, წარმატებით დაასრულა სანტა ჩეჩილიას აკადემია და უამრავი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის სან-რემოს ფესტივალის ლაურეატი გახდა, აქტიურად თანამშრომლობს სიმფონიურ ორკესტრთან და სიამოვნებით წერს მუსიკას კინოფილმებისთვის.

მუსიკალურმა ფესტივალმა „ღამის სერენადები“, რომელიც 1982 წელს დააარსა ლიანა ისაკაძემ, არა მხოლოდ საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყოველთვის უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.

წელს “ღამის სერენადები” მე-12-დ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, სულ 5 კონცერტის გამართვა იგეგმება.

ფისტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ მარიო სტეფანო მოიწვია, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ორ კონცერტში, რომლებიც გაიმართება 27 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, 2 სექტემბერს კი, თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

ფესტივალი, როგორც ყოველთვის, ისევ გემოვნებიან მუსიკას შესთავაზებს ქართველ და უცხოელ მელომანებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ღამის სერენადების” მთავარი დირიჟორია მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

– მარიო, როდის გაგიტაცათ მუსიკამ?

– მუსიკით 9 წლის ასაკში დავინტერესდი. მართალია, ძალიან მუსიკალური ოჯახი მყავს და სახლშიც თითქმის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მაგრამ მე ველოსპორტი უფრო მიზიდავდა, თუმცა როცა არაჩვეულებრივი ბანდონეონი აღმოვაჩინე, მუსიკა მთელ ჩემს ცხოვრებად იქცა.

– თქვენი აზრით, რა არის წარმატებული გამოსვლის მთავარი გარანტორი?

– ვფიქრობ, მთავარი მუსიკის სიყვარულია. რა თქმა უნდა, ყველა კონცერტი განსხვავებულია, მაგრამ არასდროს მავიწყდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი – პუბლიკაა, რადგან სწორედ მასთან ურთიერთობით იქმნება მუსიკალური მაგია.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა?

– ძალიან გამიხარდა, როცა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ისაკაძემ „ღამის სერენადებში“ მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, რადგან მართლაც განსაკუთრებული ფესტივალია და უამრავ ცნობილ მუსიკოსს მასპინძლობს, მათ მოსასმენად კი, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მელომანები.

– ველოსპორტით გატაცებულმა არჩევანი მუსიკის სასარგებლოდ გააკეთეთ, მოგვიანებით ხომ არ გქონდათ პროფესიის შეცვლის ცდუნება?

– ადრეულ ბავშვობაში ვეტერინარობაზე ვოცნებობდი, რადგან ძალიან დიდ დროს ვატარებდი შინაურ ცხოველებთან, თუმცა მუსიკა მაინც ერთადერთია, რასაც მთელ ცხოვრებას შევწირავდი. სხვათაშორის, სწორედ მუსიკის წყალობით ვიმოგზაურე მთელ მსოფლიოში და 50-ზე მეტ ქვეყანაში გავმართე კონცერტი.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ძალიან მიყვარს ავტომობილები, ამიტომ 1960-1970-იანი წლების იტალიურ მოდელებს ვაგროვებ.

– ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ძალიან გამიმართლა, რადგან უამრავ დიდებულ მუსიკოსთან, მათ შორის ხოსე კარერასთან,  ანდრეა ბოჩელისთან და ანა ნეტრებკოსთან შევძელი თანამშრომლობა. გამოსვლებიდან კი, რომის კოლიზეუმში და ბეთლემში მოწყობილ საშობაო კონცერტებს გამოვყოფდი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– პირველ რიგში, ქართველ მუსიკოსებთან ვგეგმავ კოლაბორაციას, მერე მოგზაურობას გავაგრძელებ და ვეცდები რაც შეიძლება მეტი კონცერტი გავმართო.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

–  ძალიან მიყვარს ფერადი სამოსი. სცენაზე სპეციალურად ჩემთვის შეკერილი კოსტუმით გამოვდივარ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, პორტულ ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას.

– თილისმა ხომ არ გაქვთ?

– განსაკუთრებული ნივთი არ მაქვს, მაგრამ პატარა სიგიჟეები მეც მჩვევია. მაგალითად,   კონცერტის წინ ნივთებს ყოველთვის ერთ პოზიციაში ვაწყობ და ძალიან არ მიყვარს, როცა ვინმე ეხება.

– რამდენად გხიბლავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს და დიდად ვაფასებ მათ შრომას, რადგან სწორედ მათი წყალობით შეგვიძლია მუსიკოსებს ჩვენი შემოქმედების პოპულარიზაცია, ურთიერთობა კი, რა თქმა უნდა ქალბატონებთან მირჩევნია.

ბლიცკითხვები:

– ფარზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ფანტასტიკურია!“

– კერძი, რომლითაც საქართველოში მოიხიბლეთ?

– ძალიან მომეწონა ხაჭაპური და ხინკალი.

– რას შესთავაზებთ მსმენელს „ღამის სერენადებზე“?

– ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა მოვამზადე ფესტივალისთვის იტალიელი კომპოზიტორების, მათ შორის ვივალდის, მორიკონეს და ნინო როტას კომპოზიციებით.

– სად ისვენებთ თავისუფალ დროს?

– დასვენება მეგობრებთან ერთად მიყვარს კარგ რესტორანში.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ?

–  მხოლოდ მამას ვენდობი, რადგან ყოველთვის შეუძლია სწორი რჩევის მოცემა.

– რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, წარმატების მოსაპოვებლად დაუღალავი შრომაა საჭირო, არასდროს არ უნდა დაიზარო საკუთარ თავზე მუშაობა და მუდმივად განვითარებაზე იზრუნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები