LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის ჩატარება მაშინ, როცა ადამიანი არაფერს უჩივის” – ეთერ კიღურაძე

13
eter kuguradze

8 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ეთერ კიღურაძე სტუმრობდა, რომელმაც სკრინინგის მნიშვნელობასა და მის მთავარ დანიშნულებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ეთერ, რას გულისხმობს თავად ტერმინი „სკრინინგი“?

– „სკრინინგი“ ინგლისური სიტყვაა და „გადარჩევას“ ნიშნავს. მარტივად რომ ავხსნათ, სკრინინგი – ჯანმრთელი მოსახლეობის კვლევა და რისკის ჯგუფების დადგენაა, რომლებიც მოგვიანებით გაიგზავნებიან დეტალურ კვლევაზე. ზოგადად, სკრინინგის მთავარი მიზანი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით სიმსივნით ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებაა. საქართველოში სკრინინგის პროგრამა 2008 წელს ჩაეშვა, როცა ჯერ თბილისში განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, მერე კი, გაფართოვდა და ეტაპობრივად მთელ ქვეყანაში გავრცელდა, 2011 წლიდან კი, ყველა მოქალაქეს მიეცა ჩვენი მომსახურეობით სარგებლობის საშუალება. დღეს ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს კი, პროგრამის ფარგლებში უფასოდ ვემსახურებით. ამასთანავე, 50-დან 70 წლამდე ორივე სქესის პაციენტებს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საშუალება აქვთ, ამავე ასაკობრივი კატეგორიის მამაკაცებს კი, უფასოდ შეუძლით მიიღონ პროსტატის კიბოს მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა. გასულ წელს ჩვენს სერვისებს კიდევ ერთი – ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის საპილოტე პროგრამა დაემატა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული 25-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვისაა ხელმისაწვდომი, რადგან პროგრამის ინიციატორი ქალაქ თბილისის მერიაა.

– რა განსაზღვრავს სკრინინგის პროგრამების ასაკობრივ კატეგორიებს და რამდენად აუცილებელია მისი ჩატარება ჯანმრთელი მოსახლეობისთვის?

– ასაკობრივი კატეგორიები საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით დადგინდა. ამასთანავე, გავითვალისწინეთ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში სიმსივნის განვითარების ინტენსივობა, სქესობრივი გადანაწილება კი, იმ სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით განხორციელდა, რომელიც კიბოთი ავადობის პირველ ხუთეულს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის ჩატარება მაშინ, როცა ადამიანი არაფერს უჩივის, რადგან სწორედ ეს განასხვავებს სკრინინგს დიაგნოსტიკისგან, რომელიც უკვე მანიფესტირებულ დაავადებას იკვევლს, სკრინინგი კი პათოლოგიას ადრეულ ეტაპზე გამოვლენას. საბედნიეროდ, დღეს სიმსივნე აღარაა განაჩენი, დროულად გამოვლენის შემთხვევაში კი, საკმაოდ ეფექტურადაც შეიძლება მისი მკურნალობა. ვფიქრობ,  პათოლოგიების განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგულ პროგრამებში დროული ჩართვა. აქვე შევახსენებ ყველას, რომ თბილისში სამი – დიდუბის, ვარკეთილის და გლდანის სკრინინგ ცენტრი არსებობს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა.

– სინამდვილეში, სკრინინგი არა ავადობას, არამედ სიკვდილიანობას ამცირებსსაინტერესოა, რამდენად მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეს?

– სამწუხაროდ, სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობა, რომელიც საერთო სტატისტიკის 14%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა არაგადამდებ დაავადებათა შორის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ვფიქრობ, სწორედ სკრინინგის პროგრამის წყალობით შეიძლება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და სიკვდილიანობის შემცირება.

– თქვენი აზრით, რა მიზეზით არიდებენ ადამიანები თავს სკრინინგს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო სერვისები ნამდვილი ფუფუნებაა საქართველოსთვის, რადგან ნაკლებად ხელმისაწვდომია განვითარებად ქვეყნებში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იქ სიმსივნით ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, საქართველოში კი, სადაც ამგვარი სევრვისის მიღება უფასოდ შეიძლება, მთავარ პრობლემას მოსახლეობის არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ვფიქრობ, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტი ჩართულობა და ორგანიზებული სკრინინგის განხორციელება, რადგან ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევაზე პერსონალურად მიწვევის შემთხვევაში ბევრად მაღალია მათი პასუხისმგებლობა. სერიოზულ ბარიერს ქმნის შიშიც, რადგან ბევრი უფრთხის დაავადების გამოვლენას და ურჩევნია არაფერი იცოდეს.

– ბევრი თვლის, რომ უფასო გამოკვლევა არასდროსაა ხარისხიანი და წარმოდგენაც არ აქვს, რომ სინამდვილეში ამგვარი მომსახურება მისთვისაა უფასო, თორემ სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის როგორც კვლევაში, ისე უახლეს აპარატურაში,

– გეთანხმებით, სკრინინგი ნამდვილად არაა უფასო, რადგან პაციენტის ხარჯებს სწორედ სახელმწიფო ანაზღაურებს. მართლაც უზარმაზარი თანხაა გამოიყო პროგრამების დასაფინანსებლად და ცენტრების ტექნიკურად აღსაჭურვად. თბილისში სკრინინგის პროგრამებს ქალაქის მერია, რეგიონებში კი, ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.

– რამდენადაც ვიცი, გლდანის ცენტრი უახლესი ფილიალია, რომელიც თანამედროვე აპარატურის და კვალიფიციური პერსონალის წყალობით სრულყოფილი კვლევის მართლაც არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა,

– მართალია, ერონვული სკრინინგ ცენტრის სამივე ლოკაცია უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, მაგრამ განსაკუთრებით ის ციდფრული მამოგრაფები მინდა გამოვყო, რომლებიც გასულ წელს განვაახლეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონლთა გუნდი,  რადგან კვლევის ჩასატარებლად არასდროსაა საკმარისი მხოლოდ აპარატურა. სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს ცენტრში მხოლოდ წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც მუდმივად ინოვაციების ძიებაში არიან და სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში. აღსანიშნავია, ის ტრენინგებიც, რომლებიც გასულ წელს ჩავატარეთ და ჯერ სლოვენიელ სპეციალისტებს, ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვანელებს,   მერე კი, „რადიოლოგიის მამად“ წოდებულ ლასლო თაბარს ვუმასპინძლეთ, რომელმაც მართლაც საინტერესო ტრენინგი ჩაატარა არა მხოლოდ სკრინინგ ცენტრის, არამედ ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე ექიმებისთვის.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს სკრინინგ ცენტრს?

– გასული წელი მეტწილად ტექნიკის განახლებას დავუთმეთ, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იყო მომავალის გეგმებზე ფიქრი, წელს კი, სრულიად განსხვავებული ამბიციები გავქვს. პირველ რიგში სერვისებს გავაფართოვებას ვაპირებთ, ამასთანავე, ძალიან გვინდა სერიოზული საინფორმაციო კამპანიის მოწყობა მედიის ჩართვით და კონკტერული მიზნობრივი ჯგუფებისთვის ტრენინგების მოწყობით, რათა ყველამ ზუსტად გაიგოს სკრინინგის პროგრამების არსი, მნიშვნელობა და აქტიურად გაუწიოს პოპულარიზაცია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები