LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ხნის ოცნება ავისრულე და „წარმატების ფორმულის“ სტუმარი გავხდი – გიორგი ისაკაძე

4
tvshow

18 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოს ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი და ჟურნალის „ფორბს ჯორჯია“ მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე სტუმრობდა.

1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით დასრულების შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება გიორგიმ საბანკო და საგამომცემლო სფეროში შეიძინა, იყო დოკუმენტური ფილმების სერიის “თბილისის დროით” ავტორი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების რეფერენტი და სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის უფროსი და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი.

2001-2002 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებში, მოგვიანებით კი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი ჩაიბარა. იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი და საკონსულტაციო კომპანიის გენერალური დირექტორი, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ბიზნეს საბჭოს კოორდინატორი და შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი. 2009 წელს საქართველოს ბიზნესასოციაცია დააფუძნა და მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ჟურნალს „ფორბს ჯორჯია“ კი, მთავარი რედაქტორის რანგში ჩაუდგა სათავეში.

– გიორგი, ყველასთვის კარგადაა ცნობილი თქვენი იუმორის გრძნობა. სახალისო ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც საჯაროდ არასდროს მოგიყოლიათ?

– ვფიქრობ, ყველაზე სახალისო ისაა, რომ დიდი ხნის ოცნება ავისრულე და „წარმატების ფორმულის“ სტუმარი გავხდი.

-„ფორბსის კვირა“ ახალ ლოკაციაზეა. საინტერესოა, რით განსხვავდება ახალი გადაცემა თქვენი სხვა პროექტებისგან?

– გეთანხმებით, „ფორბსის კვირამ“ მართლაც შეიცვალა ლოკაცია და „რუსთავი 2“-ზე გადაინაცვლა, თუმცა, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ერთი არხით და დროებით შეჩერებული პროექტების აღდგენითა თუ ახალი გადაცემების შექმნით სხვა არხებზეც გავფართოვდებით, რაშიც დამოუკიდებელი სტუდია დაგვეხმარება, რომელიც არა მხოლოდ გადაცემების წარმოებაზე, არამედ მათ მიწოდებაზეც იზრუნებს.

– აპირებს თუ არა bm.ge-სა და Forbes-ის ოჯახი გაფართოვებას?

– რა თქმა უნდა, გაფართოვებას ვგეგმავთ. თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც bm.ge-ს გაძლიერებაზე გაკეთდება.

– უახლოეს მომავალში რა პროექტზე გეგმავთ მუშაობას?

– თავდაპირველი ჩანაფიქრით ყოველდღიური ერთსაათიანი საინფორმაციო ბიზნესგადაცემის გასვლა „მესამე“ – რებრენდირებულ „კომედი არხზე“ იგეგმებოდა, თუმცა „რუსთავი 2“-სა და ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობით, აბსოლუტურად ახალი ყოველკვირეული საავტორო გადაცემა შეიქმნა, რომელსაც bm.ge ამზადებს Forbes-თან ერთად. ვფიქრობ, პროექტმა საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო, რადგან ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ და მართლაც დაუღალავად ვიშრომეთ.

– რამდენიმე დღის წინ, კორპორატიული საღამო თანამშრომლებთან კომუნიკაციით დაიწყეთ და „მშობელთა კრებით“ დაასრულეთ. რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ღონისძიების მოწყობა?

– სიმართლე ვთქვა, ბევრმა საერთოდ ვერ გაუგო ჩემს იდეას, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებდა სხვისი აზრი, რადგან ჩემი მთავარი მიზანი ყველას ერთად შეკრება იყო. მართალია, bm.ge დიდ და შეკრულ ოჯახად ითვლება, მაგრამ მშობლებს და ოჯახის წევრებს ნაკლებად ვიცნობდით, ამიტომ ჩავთვალე, დრო იყო ერთმანეთი გაგვეცნო და ვფიქრობ, ძალიან თბილი საღამოც მოვაწყვეთ.

– რა პროფესიის არჩევას ნატრობდით ბავშვობაში და რამდენად აისრულეთ ოცნება?

– ვფიქრობ ავისრულე, რადგან ბავშვობაში ჟურნალისტიკით ვინტერესდებოდი, საქმიანობის სფეროდ კი, ეკონომიკა ავირჩიე და ორივეს გაერთიანება მოვახერხე.

– როდის გამოვა ForbesWomen-ის ახალი ნომერი?

– გამოცემას აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა და მართვა სჭირდებოდა, რისი რესურსიც ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ მისი მართვა საგამომცემლო სახლს გადავაბარეთ რომელიც რამდენიმე ჟურნალზე უკვე მუშაობს. ForbesWomen-ის ახალი ნომერი რამდენიმე დღეში გამოვა და ვფიქრობ, ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცევა.

– უზარმაზარი სამუშაო გამოცდილების პატრონს, დღეს რა მიზნები გაქვთ?

– ჩემი მთავარი მიზანი ძლიერი ბიზნესმედიის შექმნაა, რომელსაც ყოველთვის ეყოლება საინტერესო პარტნიორები, დამკვეთები ბიზნესის სფეროდან და აუცილებლად ექნება მყარი ურთიერთობები მედიასივრცეში. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლომდე bm.ge სულ მცირე საკაბელო ტელევიზიების პაკეტში მოხვდება დამოუკიდებელ არხად.

– მართალია, მეტწილად კლასიკურად გიწევთ ჩაცმა, მაგრამ საინტერსოა, რა სტილის სამოსში გრძნოთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტულად თავისუფალი სტილის სამოსშში ვგრძნობ თავს, თუმცა არც კლასიკურად ჩაცმა მიქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს.

– რა მთავარი პრინციპით ხელმძღვანელობთ თანამშრომლებთან ურთიერთობისას?

– ვფიქრობ, მთავარი პასუხისმგებლობა და გულწრფელობაა.

– აქსესუარი, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ?

– ჩანთა, რომელიც ყველაფერს იტევს.

– სწრაფად გირჩევნიათ გადაწყვეტილების მიღება თუ მშვიდად და გააზრებულად?

– სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ დაფიქრების დრო ნაკლებად მაქვს და გადაწყვეტილების მიღებაც სწრაფად მიწევს.

ბლიცკითხვები:

– bm.ge-ის სლოგანი?

– „იჩქარე ნელა!“

– ფრანზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ნუ!“

– თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ საკუთარ თავში ან ძალიან არ მოგწონთ?

– სიმართლე ვთქვა, საკუთარი თავით ნაკლებად ვიხიბლები. ძალიან ემოციური ვარ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს და სწორედ ეს არ მომწონს.

– თქვენი აზრით, რა საერთო აქვთ bm.ge-ისა და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“?

– საერთო ბიზნესი და ოთხი სიხშირით მაუწყებლობაა, განმასხვავებელი კი – თქვენ უკვე შექმენით ისტორია, ჩვენ კი, მხოლოდ ახლა ვწერთ.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ძალიან ადრე ვდგები და 7 სათზე უკვე ტელევიზიაში ვარ.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი ან ჟურნალი?

– ძალიან ბევრი წიგნი მიყვარს, ამჯერად ლევან ბერძენიშვილის ნაწარმოებებს ვკითხულობ, ჟურნალებში კი, რა თქმა უნდა, Forbes-ს ვანიჭებ უპირატესობას.

– თქვენი აზრით, რა სჭირდება ქართულ მედიას განვითარებისთვის?

– მთავარი კრეატივი და ფინანსებია.

– საყვარელი სპორტი?

– ცურვა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– მხოლოდ ახლა მივხვდი, როგორ ძალიან მომენატრეთ.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ყველაზე წარმატებული ქართველების კოლაჟს გავაკეთებდი.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ მთავარი მაინც მიზნის სწორად დასახვა და დაუღალავი შრომაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები