LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღლილობა, ძილიანობა და საერთო მოთენთილობა გაზაფხულის სეზონზე – ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი

160
plsi

15 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკის „ენმედიცი“ ენდოკრინოლოგი, ქალბატონი ნინო ხაბეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც გაზაფხულის სეზონზე ბევრისთვის ჩვეულ დაღლილობასა და საერთო მოთენთილობაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, რა განაპირობებს მოთენთილობას, ძილიანობას და ზოგადად სეზონურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში?

– დაღლილობა საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელსაც ჩვეულებრივ, ორგანოთა სისტემის შეფერხებით მუშაობა იწვევს, „საგაზაფხულო დაღლილობა“ კი, პირველ რიგში, ვიტამინების, განსაკუთრებით D ვიტამინის დეფიციტის და ანტიოქსიდანტების ნაკლებობის შედეგია, რაც სწორედ გაზაფხულზე ვლინდება.

– რამდენად ხშირად გაკითხავენ პაციენტები ამგვარი ჩივილებით?

– სამწუხაროდ, პაციენტების სიმცირეს არასდროს ვუჩივით, თუმცა გაზაფხულზე მათი რიცხვი, ვისაც საერთო სისუსტე და მოთენთილობა, ძილიანობა ან პირიქით, უძილობა აწუხებს საგრძნობლად მატულობს. მსგავსი სიმპტომების დროს, პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ვიკვლევთ, D ვიტამინის, შაქრის და სისხლის საერთო ანალიზს ვაკეთებთ, რათა გამოვრიცხოთ ჰემოგლობინის ნაკლებობა. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის პასუხი დამაკმაყოფილებელია და არ არსებობს ეჭვი სხვა დაავადებაზე, მაშინ პაციენტის მოთენთილობის და სისუსტის მიზეზი ძილის დარღვევით ან გადაღლით გამოწვეული მიკროელემენტების დეფიციტია. საკმაოდ ხშირია კვებითი რეჟიმის დარღვევაც, რადგან ბევრი დიეტას იცავს და ვერ ახერხებს ვიტამინების, სასარგებლო მინერალების საჭირო რაოდენობით მიღებას, ბევრი კი, მხოლოდ დღის ბოლოს სადილობს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ორგანიზმზე.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/655676474876852/

– სხვათაშორის, სულ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა მსოფლიომ ძილის საერთაშორისო დღე. საინტერესო, რა ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს არაჯანსაღი ძილი?

– რა თქმა უნდა, სწორი კვება და ნორმალური ძილი აუცილებელია ორგანიზმის გამართული მუშაობისა და ჰორმონების გამომუშავებისთვის. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ჰორმონები ცირკადული რიტმით გამომუშავდება, რეჟიმზე უარის თქმით კი, ადამიანი თავად ანგრევს საკუთარ ჰორმონალურ სისტემას.

– უძილობა და ჰორმონალური ცვლილებები განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაა აქტუალური. საინტერესოა, რატომ რეაგირებენ ქალბატონები მსგავს პრობლემებზე ბევრად უფრო მწვავედ, ვიდრე მამაკაცები?

–  ქალბატონების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროლაქტინი – მენსტრუალურ ციკლზე პასუხიმგებელი ჰორმონი, რომელიც ძილის დროს გამომუშავდება. პროლაქტინის ჭარბად მატება მწვავე თავის ტკივილს და ციკლის დარღვევას იწვევს, მსუბუქი დარღვევა კი, ჭარბთმიანობის და გამონაყარის მიზეზი ხდება. ჩივილებით ქალბატონები მეტწილად კოსმეტოლოგებს მიმართავენ და არ იციან, რომ მათი მთავარი პრობლემა კვების და ძილის რეჟიმის დარღვევაა.

– ზოგჯერ სისუსტე და მოთენთილობა საკმაოდ იშვიათ ენდოკრინული პათოლოგიებზე მიანიშნებენ, რომელთა დადგენა მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია. თქვენ რა პირინციპით ხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში?

– ნებისმიერ შემთხვევაში – მსუბუქი სისუსტე იქნება თუ ეჭვი იშვიათ პათოლოგიაზე,  აუცილებელია ჯერ სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, მერე ყველა გამოკვლევის რუტინულად ჩატარება, რადგან დიაბეტის შემთხვევაშიც კი, პირველი სიმპტომები სწორედ მოთენთილობა და მომატებული ძილიანობაა.

– რას გვირჩევთ გაზაფხულზე ჯანმრთელობის და სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესანარჩუნებლად?

– პირველ რიგში, აუცილებელია კვების და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის სხივების სახით D ვიტამინის მიღება. ამასთანავე, საჭიროა, ხილის, ბოსტნეულის და რძის პროდუქტის მირთმევა, რათა დავეხმაროთ ორგანიზმს ზამთარში დახარჯული მარაგის შევსებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები