LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პროექტი არა მხოლოდ ახალი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში, არამედ ახალი ცხოვრების წესის შემუშავებაში დაეხმარება მომხმარებელს – Coste Hotel group-ის დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე

8
tamarbagdavadzewarmatebisformula

გადაცემის ლაივი LIVE

12 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” Coste Hotel group-ის დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე სტუმრობდა, რომელმაც სასტუმროების ბიზნესზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოსკოვში, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სოციოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თამარმა შეფილდის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა მენეჯმენტის მიმართულებით, მიღებული გამოცდილება კი, სხვადასხვა სფეროში მუშაობისას, მათ შორის Coste Hotel group-ის მართვაში გამოიყენა.

– ქალბატონო თამარ, კორონავირუსმა ყველას გეგმები შეცვალა და ალბათ, თქვენც გაიძულათ გარკვეული პროექტების გადადება. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა Coste Hotel group პანდემიის დაწყებამდე?

– პანდემიამდე ჩვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა კორონავირუსმა სწორედ ტურიზმის სფერო აზარალა ყველაზე მეტად მთელ მსოფლიოში. საკმაოდ მძიმე რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა მოგზაურები, რომლებიც დღეს ძალიან იშვიათად სტუმრობენ უცხო ქვეყნებს. სამწუხაროდ, ვირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც თითოეულის ცხოვრების წესზე, ისე მოგზაურობის სურვილსა და შესაძლებლობაზე. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არ ვიცით როდემდე გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია და საბოლოოდ რა ფორმით ჩამოყალიბდება, რათა ცვლილებები გავითვალისწინოთ და გარკვეული წესები ჩვენც ჩამოვაყალიბოთ ბიზნესის გასაუმჯობესებლად და მოგზაურთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. სხვათა შორის, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენს სასტუმროში უკვე შესაძლებელია კორონავირუსის ტესტის ჩატარება, რათა სტუმრებს სხვადასხვა კლინიკაში არ მოუწიოთ სირბილი.

– რამდენად შენარჩუნდა ინტერესი საქართველოს მიმართ და ელით თუ არა წლევანდელ სეზონზე უცხოელ სტუმრებს?

– ინტერესი წელსაც არის და შარშანაც იყო, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში შეუძლებელი გახდა ტურისტული პაკეტების შეძენა. უკვე ვუმასპინძლეთ ტურისტებს ისრაელიდან. მართალია, საკმაოდ დიდი ჯგუფი გვეწვია, მაგრამ გასული წლებთან შედარებით, მაინც სერიოზულ დეფიციტს განვიცდით. ვფიქრობ, წელს პირველ რიგში მაღალი კლასის სასტუმროები დაიჯავშნება, რადგან საგრძნობლად დაეცა მათი მომსახურების ფასი, მერე კი, თუ საკმარისად მოგროვდნენ ტურისტები შედარებით მოკრძალებული სასტუმროებიც დაიტვირთება. რა თქმა უნდა, ისევ საინტერესო იქნება ბუტიკური სასტუმროები, რომლებიც არა საერთაშორისო სტანდარტებზე, არამედ ნაციონალურ ხასიათსა და ტრადიციებზე აკეთებენ აქცენტს. წლების წინ, როცა ტურიზმი აქტიურად ვითარდებოდა, უამრავი სასტუმრო აშენდა, თუმცა, მათი დიდი ნაწილი დღეს ცარიელია. ვფიქრობ, ბევრს მოუწევს ჩვენს სფეროში გადარჩენისთვის ბრძოლა, რაც კვლევამაც დაადასტურა, რომლის თანახმად 2023 წლამდე სერიოზული გამოწვევების დაძლევა მოგვიწევს ბიზნესის შესანარჩუნებლად.

– როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავდით ყაზბეგში. ახლა რა სტადიაზეა სასტუმროს მშენებლობა?

– პროექტი პანდემიამდე დავიწყეთ და მხოლოდ სასტუმროს საძირკვლის ჩაყრა მოვასწარით.  მართალია, ძალიან განვიცადე, როცა მისი გადადება მოგვიწია, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ დროულად გავჩერდით, რადგან მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ვმოქმედებდი და  ვერ მოვასწარი ბანკის სესხის აღება, რომლის გასტუმრება ძალიან გამიჭირდებოდა.

– ახლა რით ხართ დაკავებული, საქმიანობის ახალი სფერო ხომ არ მოიძიეთ?

– მომხმარებლის შეცვლილი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა კვების სფეროთი უფრო ინტერესდება, რადგან კაფეების და რესტორნების მასიურად დახურვის შემდეგ ყველას სახლში მოუწია საჭმლის მომზადება, ახალი პროდუქტის – ნახევრად მზა კერძების წარმოება გადავწყვიტეთ, რომელიც სავარაუდოდ ივნისის თვეში გაიყიდება ყველა ქსელის სუპერმარკეტში. აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე გავაკეთეთ, ამიტომ ბიო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მივანიჭეთ უპირატესობა. ძალიან მინდა ჩვენი პროდუქტის ფართოდ გავრცელება, რათა მომხმარებელმა შეძლოს ჯანსაღი პროდუქტის შეძენა და რაც მთავარია, თვითონ არ დახარჯოს დრო კალორიების თვლაზე, საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ძიებაზე. ჩვენს კერძებს აუცილებლად ექნება დეტალური ანოტაცია, რათა ნებისმიერმა მსურველმა მოარგოს საკუთარ რაციონს, სპეციალურ აპლიკაციაში პროფაილის ჩატვირთვით კი, მიღებულ და დახარჯულ კალორიებს გააკონტროლებს. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი არა მხოლოდ ახალი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში, არამედ ახალი ცხოვრების წესის შემუშავებაში დაეხმარება მომხმარებელს.

– რამდენადაც ვიცი, პანდემიის პერიოდში დაქორწინება გადაწყვიტეთ?

– პანდემიის პერიოდში მართლაც ბევრი დრო მქონდა საკუთარ სურვილებსა და გრძნობებში გასარკვევად. საბედნიეროდ, სწორედ მაშინ შევხვდი ადამიანს, ვისთანაც ძალიან ბევრი აღმომაჩნდა საერთო, ისიც ზუსტად ჩემსავით გრძნობდა, ფიქრობდა და ამიტომ ძალიან სწრაფად გადავწყვიტეთ დაქორწინება.

– როგორც აღმოჩნდა, ჯანსაღ ცხოვრებასა და ეკოლოგიაზეც მეუღლესთან ერთად ზრუნავთ

– გეთანხმებით, სპორტული აქტივობა ეკოლოგიაზე ზრუნვას შევუთავსეთ. როცა დარბიხარ, ძალიან არასასიამოვნოა დაბინძურებული გარემოს ყურება, ამიტომ ბუნებრივად გიჩნდება დასუფთავების და მოწესრიგების სურვილი. ჩვენც სწორედ ასე მოვიქეცით, ერთი დღე შევარჩიეთ, მეგობრები შევკრიბეთ და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ გარემოს დასუფთავებაში.

– თქვენი მეუღლე არა უბრალოდ გატაცებულია სპორტით, არამედ ახალგაზრდების მიზიდვასაც ცდილობს

– ჩემი მეუღლე ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელია, რომელიც მოზარდებზე ზრუნვას ითვალისწინებს. 13 წელია ამ საქმითაა გატაცებული და არაერთი ცენტრი შექმნა, სადაც მოზარდები იკრიბებიან, ნაწილი საკუთარ სპორტულ გუნდს ქმნის, ნაწილი კი, ხელოვნების სხვადსხვა სფეროში ცდილობს შესაძლებლობების წარმოჩენას. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ცენტრები იცავს მოზარდებს კრიმინალში ჩაბმისგან და ხელს უწყობს განვითარებასა და საკუთარ მომავალზე ზრუნვაში.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესში გუნდური პრინციპით მუშაობა?

– საბედნიეროდ, პანდემიის პერიოდში თანამშრომლების დიდი ნაწილის შენარჩუნება შევძელით. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას მეტად რთულ პერიოდში გვერდზე დგომისა და მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური პრინცით მუშაობა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა. ახალ პროექტზეც ყველა ერთად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ერთმანეთის მოსაზრებას.

ბლიცკითხვები:

– Coste Hotel group-ის სლოგანი?

– “ათასი მიზეზი დასვენებისთვის!”

– რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებთ უპირატესობას?

– ვცდილობ ქალური სტილი საქმიანთან გავაერთიანო.

– რა არის თქვენი კომფორტის ზონა?

– მდგომარეობა, როცა მოვლენები წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ვითარდება.

– ახალი გატაცება, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეთ?

– მედიტაცია.

– რა გახარებთ?

– ბევრი მომღიმარი ადამიანი ჩემს გარშემო და როცა ყველა კარგ ხასიათზეა.

– რა ფრაზით ამხნევებთ საკუთარ თავს?

– ზოგჯერ ცოტა მკაცრად შევუძახებ ხოლმე და გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებ.

– საუკეთესო მრჩეველი?

– ჩემი მეუღლე.

– საყვარელი კერძი, რომელსაც თვითონ ამზადებთ?

– ბევრ კერძს ვამზადებ. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს დილა თავისი ვარჯიშით და საუზმით, ამიტომ მეტწილად დილის კერძებს ვამზადებ.

– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– ძალიან დიდ ღიმილს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ალბათ, მთავარი საჭირო ჩვევების და უნარების გამომუშავებაა. ყველას რაღაცის ნიჭი აქვს,  თუმცა ყველას არ შეუძლია თანამიმდევრულად მოქმედება, აკლია მოთმინება და ნებისყოფა. სხვათა შორის, კვლევამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი ჩვევის გამომუშავებას 66 დღე სჭირდება, ასე რომ, თუ ადამიანი თავისივე შედგენილ გეგმას მიჰყვება და სისტემატურად შეასრულებს ერთსა და იმავე მოქმედებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩამოუყალიბდება ჩვევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები