LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩხიკვთა ქორწილი“ უნიკალური დადგმაა, რომელიც ათწლეულებია არ კარგავს აქტუალურობას – გია ბაღაშვილი და ნუცა ბუზალაძე „არტ-FM“-ში

14
bagashvili-buzaladze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

9 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმრებმა გია ბაღაშვილმა და ნუცა ბუზალაძემ მიუზიკლზე „ჩხიკვთა ქორწილი“ ისაუბრეს, რომელიც პირველ სექტემბერს დაიდგმება Black Sea Arena-ზე.

– ბატონო გია, რამდენად რთულია ისეთ მასშტაბურ სცენაზე, როგორიც Black Sea Arena-ა  მიუზიკლის დადგმა?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თაყვანისმცემელს, რომელმაც გასულ წელსაც გვაგრძნობინა თავისი სიყვარული, როცა ერთიანად შეავსო უზარმაზარი არენა. ბედნიერი ვარ, რომ ანსამბლ „ივერიას“ შემოქმედება დღემდე არ კარგავს მომხიბვლელობას და მაყურებელიც ინტერესით ელის ჩვენს ყოველ ახალ პროექტს. ძალიან ვემადლიერებით თავად Black Sea Arena-ს ძველ და ახალ ხელმძღვანელობას, რომელმაც ჯერ ულტრათანამადროვე აპარატურით აღჭურვილი, გრანდიოზული არენა შექმნა, მერე ჩვენ შემოგვთავაზა სპექტაკლის დადგმა, რაც მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევა და ძალიან საინტერესო ექპერიმენტი აღმოჩნდა, რადგან ასეთი მაშტაბური სცენა მიუზიკლს არასდროს ეთმობა. საბედნიეროდ, წარმოდგენამ გაამართლა –  კომერციულადაც წარმატებული გამოვიდა და შემოქმედებითი თვალსაზღისითაც, ახალმა ხელმძღვანელობამ კი, გაითვალისწინა მაყურებლის ინტერესი და წარმოდგენის გამეორება შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ტატო ხარჩილავა, მართლაც იდეალურად ასრულებს საკუთარ ფუნქციას, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ყოველთვის უამრავი ნოვატორული იდეა აქვს. მიხარია, რომ ტატო ზოგადად ქართული მუსიკის და კონკრეტულად მიუზიკლის ჟანრის თაყვანისმცემელი და დამფასებელი აღმოჩნდა.

– ნუცა, თქვენ გასულ წელსაც მონაწილეობდით დადგმაში, ახალი დეტალებით ხომ არ გეგმავთ ძველი პერსონაჟის გამდიდრებას?

– ბავშვობიდან ვნატრობდი მიუზიკლში მონაწილეობას, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა გიას შეთავაზება მივიღე. ძალიან მოვინდომე და მაქსიმუმი გავაკეთე, რათა ჩემი პერსონაჟი ინდივიდუალური, ნოვატორული და ძველისგან განსხვავებული ყოფილიყო. ქეთევანის პარტია მართლაც უამრავმა მომღერალმა შეასრულა – ქალბატონ მაია თოდაძით დაწყებული, მარიამ როინიშვილით დასრულებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიას, რომელმაც ყველას საყვარელი პერსონაჟის ჩემებურად დანახვის და გადმოცემის საშუალება მომცა. ვფიქრობ, „ჩხიკვთა ქორწილი“ უნიკალური დადგმაა, რომელიც ათწლეულებია არ კარგავს აქტუალურობას, არაჩვეულებრივ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს კი, სამი თაობის მუსიკოსები ასრულებენ.

– ბატონო გია, შემსრულებელთა შემადგენლობის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

– მთავარი პრინციპი, რომლითაც „ივერია“ შექმნის დღიდან ხელმძღვანელობას – სხვადასხვა თაობის ნიჭიერი შემსრულებლებისთვის ასპარეზის მიცემაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უამრავმა, დღეს უკვე ცნობილმა მუსიკოსმა სწორედ ჩვენს ანსამბლში აიდგა ფეხი. ამავე პრინციპით ვხელმძღვანელობთ დღესაც, თუმცა ეპოქის და მოთხოვნების შესაბამისად. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. სინთეზირებული წარმოდგენა, შემსრულებლებს კი, მრავალმხრივი ნიჭი და განვითარება მოეთხოვებათ, ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ დასი უნივერსალებით დაგვეკომპლექტებინა, რომლებიც ერთნაირად კარგად ასრულებენ ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ნომრებს. წელს „ჩხიკვთა ქორწილმა“ უფროსი და ახალგაზრდა თაობის 38 ბრწყინვალე არტისტი გააერთიანა, რომლებიც აუცილებლად დაიმსახურებენ პუბლიკის მოწონებას. აღსანიშნავია, რომ დადგმაში განსაკუთრებული აქცენტი ქორეოგრაფიაზე კეთდება, ამიტომ ანსამბლ „რუსთავის“ 8 წამყვანი სოლისტი მოვიწვიეთ, რომელთაც მართლაც უზარმაზარი შრომა გასწიეს, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ცეკვებთან ერთად სიმღერაც მოუწიათ.

– ნუცა, რატომ გადაწყვიტეთ კონსერვატორიაში ჩაბარება?

– რამდენიმე თვის წინ ალბომი გამოვუშვი. მართალია, ძალიან წარმატებული ნამუშევარი გამოვიდა, მაგრამ მივხცვდი, რომ მუსიკოსებთან სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის ცოტა განსხვავებული განათლება მჭირდებოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩაბარება.

– ზაფხულის სეზონზე ხომ არ გეგმავთ კონცერტების მოწყობას?

– სიმართლე ვთქვა, ზაფხულში დასვენება მირჩევნია. რამდენიმე წლის წინ, მთელი ზაფხული ბათუმში გავატარე, უამრავი მცირე კონცერტი გავმართე და ძალიან დავიღალე. მასშტაბური სოლო კონცერტის მოწყობა მინდა, ახალი ნამუშევრებით და საინტერესო სანახაობით, მანამდე კი, მსგავსი გამოსვლებისგან თავს შევიკავებ, რადგან ამგვარი კონცერტები მხოლოდ ძალას გართმევს, გამოცდილებას კი, ნაკლებად გაძლევს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები