LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ნამდვილი აზარტი მუსიკასა და პოეზიაშია” – გიორგი ცაგარელი და ერეკლე დეისაძე „ალისფერი ანგელოზების“ დეტალებით ,,ფორტუნაში”

4
cagareli-deisadze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

25 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გიორგი ცაგარელი და ერეკლე დეისაძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ პროექტზე „ალისფერი ანგელოზები“ ისაუბრეს.

ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ-არტი“ ყოველთვის საინტერესო სანახაობას სთავაზობს პუბლიკას, 29 თებერვალს კი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესთავაზებს მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილ პროექტს „ალისფერი ანგელოზები“ ცნობილი ქართველი არტისტების მონაწილეობით.

– გიორგი, როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?

– პროექტის გაკეთების სურვილი გიორგი გიგაშვილის კონცერტზე გამოჩნდა, ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა და თანამშროლობის წინადადებით მივმართე.  მე და გიორგის მანამდეც გვქონდა ერთობლივი საღამო, როცა სოსო ბარდანაშვილის არაჩვეულებრივი მუსიკა შევასრულეთ და იმდენად ბუნებრივად შედგა ჩვენი კოლაბორაცია, რომ დარწმუნებული ვიყავი ახალ პროექტსაც წარმატებით განვახორციელებდით. ნაწარმოებიების შერჩევისას და პროგრამის მზადებისას, თეო ჯორბენაძეს გავაცანით ჩვენი იდეა, რადგან თეო მართლაც საუკეთესო პროდიუსერია, რომელსაც ნებისმიერი პროექტის ბრწყინვალედ რეალიზება შეუძლია და სწორედ მან შემოგვთავაზა ერეკლეს მიწვევა, რომელიც თავისი ქარიზმით გაამდიდრებდა ჩვენს კონცერტს.

– ერეკლე, როგორ მიიღეთ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება?

– ნებისმიერ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ როცა საინეტერესო ადამიანები მთავაზობენ. დაუფიქრებლად მივიღე გიორგის შეთავაზებაც, რადგან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ძალიან მომწონს მისი შემოქმედება. მართალია, ბევრი საინტერესო პროქტი ხორციელდება, მაგრამ სიახლე, ორიგინალურობა ყველას ერთნაირად აკლია, გიორგის კი, ექსპერიმენტების მართლაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს, რადგან უამრავ, განსხვავებული სტილის მუსიკოსთან თანამშრომლობს და ვფიქრობ, სწორედ ეს განსაზღვავს მის მუსიკალურ ინდივიდუალურობას. თუმცა, მე ახალ პროექტში  არა მუსიკოსის, არამედ ერთგვარი დეკლამატორის როლით წავრსდგები და სხვა პოეტებთან ერთად საკუთარ შემოქმედებასაც გავაცნობ პუბლიკას.

– როგორ მოგეწონათ შოუს „დიდი სცენა“ ჟიურის წევრობა?

– სამწუხაროდ, ჟიურის წევრები ყველაზე მეტად ზარალდებიან, რადგან სწორედ ისინი იმსახურებენ  დამარცხებული კონკურსანტის და მისი გულშემატკივრების უკმაყოფილებას. „დიდი სცენის“ ჟიურის წევრობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ კონკურსი ინტრიგების და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლიდა.

– გიორგი, თქვენ ძალიან კრიტიკულად აფასებდით კონკურსის წევრების გამოსვლას, რამ გამოიწვია ასეთი სიმკაცრე?

– ნამდვილად არ ვთვლი, რომ მკაცრი ვიყავი, რადგან ბევრად კრიტიკულად ვაფასებ საკუთარ თავს და ჩემი ორკესტრის მუსიკოსებს. უბრალოდ ძალიან მინდოდა, კონკურსანტებს ჩვენი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ და კიდევ უფრო დაეხვეწათ საკუთარი გამოსვლა.

 

– ერეკლე, ერთ საათში რაიმე ახლის შესწავლის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ისწავლიდით?

– ძალიან მინდა ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა, თუმცა ერთ საათში ნამდვილად ვერ მოვასწრებდი, ამიტომ რომელიმე კერძის მომზადებას ვისწავლიდი, რადგან გურმანი ვარ და გემრიელად მირთმევა მიყვარს.

– რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

– ძალიან მიყვარს მჭადი და ყველი.

– ხართ თუ არა აზარტული და რამდენად ხშირად რისკავთ?

– აზარტული თამაშები ნაკლებად მიზიდავს, რადგან ჩემთვის ნამდვილი აზარტი მუსიკასა და პოეზიაშია.

– როგორ ფიქრობთ, სად იქნებით 20 წლის შემდეგ და რას გააკეთებთ?

– სად ვიქნები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს გავაკეთებ, რასაც ახლა. თვითონაც ძალიან მაინტერესებს რამდენად შევძლებ პროგრესირებას, რადგან გარემოსთან  ერთად შინაგან მდგომარეობაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული.

– რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

– ვფიქრობ, სწორ დროს, სწორ ადგილას დავიბადე და ძალიან კმაყოფილი ვარ.

– გიორგი, თქვენს ცხოვრებაზე რომ ფილმს იღებდნენ, ვის ისურვებდით რეჟისორად და მთავარი როლის შემსრულებლად?

– მიხეილ კობახიძის ფილმში ვაპირებდი მუსიკოსის განსახიერებას, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები ვერ განხორციელდა.

–  გაქვთ თუ არა საიდუმლო, რომელსაც ახლობლებსაც არ უმხელთ?

– ალბათ ყველას გვაქვს რაღაც დაფარული, რასაც არავის ვეუბნებით.

– პროფესიული წარმატება უფრო ღირებულია თქვენთვის თუ წარმატება პირად ცხოვრებაში?

– ზოგადად წარმატებაა ძალიან პირობითი მცნება, რადგან ერთისთვის წარმატება, მეორესთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები