LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი წარმატების ფორმულა ადამიანების სიყვარულია… არასდროს მქონია შურის გრძნობა” – ნინო ნადირაძე-კუზანოვა სტუმრად გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

25
nino-nadiradze-warmatebis-formula

გადაცემის ლაივი LIVE

9 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საუნივერსიტეტო კლინიკის „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სტუმრობდა, რომელმაც კლინიკის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ქალბატონმა ნინომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობით გაიმდიდრა გამოცდილება, მერე კი, საუნივერსიტეტო კლინიკას „ვივა მედის“ ჩაუდგა სათავეში.

– ქალბატონო ნინო, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, რას ურჩევთ მათ, ვისაც პანიკურად ეშინია კორონავირუსის? 

– კორონავირუსი ის გლობალური პრობლემაა, რომელიც არავის ინდობს სოციალური სტატუსის, სქესის და ასაკის მიუხედავად. იმედია, მსოფლიოს გავლენიანი, შეძლებული ლიდერები დაფიქრდებიან და მიხვდებიან რომ აუცილებელია ჯანდაცვის, განათლების სისტემის დახვეწა და მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება, რადგან ძალიან სახიფათოა, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბი, ნაკლებად განათლებული და განვითარებულია. ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პირველ რიგში სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე აისახება ნეგატიურად, რადგან მხოლოდ ძლიერ, გამართულ სტრუქტურას შეუძლია იმ პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა, რომელსაც დღეს კორონავირუსი წარმოადგენს, ხვალ კი, ბევრად სახიფათო შტამი შეიძლება გავრცელდეს.

– თქვენი კლინიკა რა პრევენციულ ზომებს მიმართავს ვირუსისგან თავის დასაცავად?

– რა თქმა უნდა, აუცილებელია ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილების დეზინფიცირება, თუმცა არ ღირს თანხის დაზოგვა და იაფფასიანი საშუალებების გამოყენება, რადგან ერთ შეცდომაც შეუძლია სავალალო შედეგების გამოწვევა. ჩვენს კლინიკაში ყოველთვის აქტუალური იყო დეზინფიცირების პრაქტიკა, ამიტომ განსაკუთრებული ზომების მიღება არც ახლა დაგვჭირდა, ამასთანავე არაჩვეულებრივი ეპიდემიოლოგი გვყავს, ძალიან გაგვიმართლა ქალბატონ დოდო პატარიძესთან თანამშრომლობით, რომელიც მანამდეც და ახლაც აქტიურად იკვლევს ნებისმიერ ვირუსს თუ ბაქტერიას. სამწუხაროდ, არასასიამოვნო ინცინდენტი უკვე შეგვემთხვა, როცა ერთ-ერთმა პაციენტმა კარანტინში გაჩერებაზე თქვა უარი და ჟურნალისტებმაც საკმაოდ არაობიექტურად გააშუქეს. საბოლოოდ პაციენტი მაინც დავითახმეთ, საოცრად კომფორტულ პირობებში მოვათავსეთ და არაჩვეულებრივი გარემო შევუქმენით, მედიამ კი, რატომღაც მხოლოდ ნეგატიური გააშუქა და ყველაფერი საპირისპიროდ ასახა.

– რატომ აირჩიეთ მედიცინა საქმიანობის სფეროდ?

– ჩემი მოსწავლეობის პერიოდში წარმატების ფორმულად ოქროს მედალი და სამედიცინო ინსტიტუტში პირველივე წელს ჩაბარება ითვლებოდა. მეც იგივე გზას დავადექი და ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი, რადგან არასდროს მიჭირდა სწავლა. მართალია, ძალიან ზარმაცი ვარ, მიყვარს უსაქმოდ ყოფნა, მაგრამ დასვენებას მაინც ვერასდროს ვახერხებ, რადგან უზარმაზარ კლინიკას ყოველდღიური მეთვალყურეობა სჭირდება.

– არის თუ არა კარდიოლოგია ქართული მედიცინის ძლიერი მხარე?

– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ და მედიცინაში თანხის აკუმულაციამ უამრავი კლინიკის გახსნას და სერიოზული კონკურენციის შექმნას შეუწყო ხელი, რამაც სამედიცინო სფეროს მიმართაც გაზარდა ინტერესი, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას და უნარების დახვეწას. ჩემი სტუდენტობის დროს ბევრმა თქვა უარი ექიმობაზე და ბიზნესში არჩია საქმიანობა, ახლა კი, უამრავი გამოცდილი სპეციალისტი გვყავს, მედიცინის ყველა სფერო ვითარდება და უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც წარმატებით ვმკურნნალობთ. ვფიქრობ, მთავარი მუდმივი კონკურენციაა, რათა არ გაქრეს განვითარების, გაუმჯობესების მოტივაცია.

– რამდენადაც ვიცი, უამრავი სირთულის დაძლევა მოგიხდათ კლინიკის გენერალური დირექტორის პოსტზე?

– სირთულეები მართლაც მრავლად იყო, თუმცა დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ვივამედი“ ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში, რაც პირველ რიგში, კოლეგების, ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდის დამსახურებაა. „მოექეცი პაციენტს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ!“ – სწორედ ესაა ჩვენი კლინიკის მთავარი დევიზი, ამიტომ მუდმივად განვითარებასა და სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.

– რამდენიმე წლის წინ სამედიცინო გადაცემა მიგყავდათ, დღეს რამდენად ინტერესდებით მსგავსი ტელეპროექტებით?

– ძალიან კარგი გადაცემა იყო და გული მწყდება, რომ უარის თქმა მოგვიხდა. მომავალში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, თუმცა ჯერ საინტერესო ფორმატის მოძიებაა საჭირო.

– რა პრინციპით ირჩევთ სამოსს და რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ხასიათთან ერთად გემოვნებაც ხშირად მეცვლება, ამიტომ ყველა სტილის სამოსს თავისუფლად ვირგებ, თუმცა დრესკოდს ყოველთვის ვიცავ, რადგან სწორედ ასე გამოვხატავ პატივისცემას ღონისძიების და მისი მასპინძლის მიმართ.

– რამდენად მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?

– ყოველთვის ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობა მირჩევნია თუმცა ძალიან ვბრაზდები, როცა ბოროტად სარგებლობენ ჩემი ნდობით. რა თქმა უნდა, ყოველთვის მფარველობ თანამშრომელბს, მაგრამ მათგანაც პასუხისმგებლობას მოვითხოვ, რადგან ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხშირად სიცოცხლეზე ვგებთ პასუხს და ვალდებული ვართ დავივიწყოთ ყველა პრობლემა, გრძნობა და ემოცია.

– როგორია თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ მხნეობას მმატებს, არამედ კარგ განწყობასაც მიქმნის. ძალიან დიდხანს ვეწეოდი, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი მავნე ჩვევის დაძლევა და სულ რამდენიმე დღეში ვიგრძენი პოზიტიური ცვლილებები, ამიტომ ყველა ახალგაზრდა ქალს ვურჩევ თამბაქოზე უარის თქმას, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა, რადგან ჯანმრთელობასაც ანგრევს და საშინლად ულამაზო სიბერის მიზეზიც ხდება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის სწრაფად ვიღებ, რადგან ძალიან სწრაფ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დაყოვნება არასდროს ამართლებს.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც პაციენტებს ამხნევებთ?

– „ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ ერთად დავლევთ ყავას!“

– საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის?

– სახლი, სადაც ყოველთვის დაღლილი ვბრუნდები, ერთ ადგილას „ვენარცხები“ და დიდხანს ვწევარ გაუნძრევლად.

– საყვარელი ბრენდი?

– ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, თუმცა ის სამოსი მომწონს, რომელშიც იმაზე ლამაზად გამოვიყურები, ვიდრე სინამდვილეში ვარ.

– ფილმი, რომლის ნახვა არასდროს გბეზრდებათ?

– ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, თუ ფილოსოფიურად ვარ განწყობილი ლარს ფონ ტრიერს, სტენლი კუბრიკს ვეძალები, თუმცა არც მსუბუქ კომედიებზე, მელოდრამებზე ვამბობ უარს.

– ყველაზე საინტერესო რეპოდენტი, ვისაც ტელევიზიაში მუშაობისას შეხვდით?

– ყველა რესპოდენტი საინტერესო იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უინტერესო ადამაინები არ არსებობენ.

– კერძი, რომლის მომზადება განსაკუთრებით გიყვართ?

– ძალიან კარგი მზარეული ვარ, ყველაზე კარგად კი, კუჭმაჭის მომზადება გამომდის.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– გადაუდებელი თერაპიის სახელმძღვანელო. მხატვრული ლიტერატურის კითხვა ახალგაზრდობაში დავამთავრე, ახლა კი, მეტწილად სამედიცინო ლიტერატურას ვეცნობი.

– რა პროფესიის არჩევას ნატრობდით ბავშვობაში?

– ძალიან მინდოდა ადვოკატობა, რაც შესანიშნავად გამომივიდოდა, რადგან დემაგოგიის ტალანტთან ერთად, შავზე თეთრის დამტკიცებაც არაჩვეულებრივად გამომდის.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ჩემი წარმატების ფორმულა ადამიანების სიყვარულია. მეტიც, თამამად შემიძლია ვქვა, რომ არასდროს მქონია შურის გრძნობა.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

– პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, არ ღირს სხვისთვის ავის კეთება, რადგან ერთ მშვენიერ დღეს სიკეთეც და ბოროტებაც ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, უღირს თუ არა ცუდის გაკეთება და რამდენად შეძლებს უკან დაბრუნებული ბოროტების დახვედრას. წარმატების მიღწევის საუკეთესო მეთოდი კი, სხვის ჭკუაზე ნაკლებად სიარული და მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენაა, რადგან როცა ადამიანი საკუთარი სურვილებით მოქმედებს და არა სხვისი კარნახით, ბევრად ლაღი, თავისუფალი და პროდუქტიულია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები