LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბიზნესის წარმატებას პირველ რიგში ადამიანებთან სწორად ურთიერთობის ნიჭი და კომუნიკაციის უნარი განსაზღვრავს” – Inn Group Hotels-ის დირექტორი ერეკლე კოკაია

21
warmatebis-formula-kokaiaa

გადაცემის ლაივი LIVE

17 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ Inn Group Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებში მიღებული განათლების შემდეგ, 2012 წელს ერეკლემ Vera Gold Hotel-ის დირექტორობა ჩაიბარა, რამდენიმე წელიწადში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიცია დაიკავა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში, 2019 წელს კი,  Inn Group Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

– ბატონო ერეკლე, სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა სასტუმრო Bakuriani Inn. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

– მართალია, ოფიციალურად Bakuriani Inn. მხოლოდ ორი დღის წინ გაიხსნა, მაგრამ სინამდვილეში, სასტუმრო 2019 წლიდან ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ახლად გახსნილ სასტუმროში ყოველთვის ჩნდება გაუთვალისწინებელი პრობლემები, თუმცა სწრაფად შევძელით ხარვეზების აღმოფხვრა და ზამთრის სეზონსაც მომზადებული შევხვდით, უამრავ სტუმარს ვუმასპინძლეთ და თვითონაც კმაყოფილი დავრჩით.

– თავად თუ გიყვართ თოვლი და ზამთრის სპორტი?

– ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, თუმცა გული მწყდება, რომ ნაკლებად მრჩება  დრო საყვარელი სპორტისთვის.

– საინტერესოა, განვითარების რა გზა გაიარა Inn Group-მა?

– ყოველთვის ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ Inn Group ყველაზე სწრაფად მზარდი სასტუმროთა ქსელია საქრთველოში. ამასთანავე, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და საკუთარი გამოცდილების იმედზე ვართ. კომპანია 2015 წლის მაისში დაარსდა, როცა 70-ნომრიანი სასტუმრო Iveria Inn გავხსენით ვარკეთილში. მართალია, კონსულტანტები გვაშინებდნენ, რომ გარეუბანში სასტუმრო ვერ იმუშავებდა, მაგრამ იმდენად მაღალი აღმოჩნდა მოთხოვნა, რომ დღეს ვარკეთილის „ივერია“ უკვე 200 ნომერს აერთიანებს. პირველ სასტუმროს მალე მეორე შეემატა გუდაურში, რომელიც ულამაზესი ლოკაციის წყალობით ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე, Royal Inn კი, მართალია, ნაკლებად მასშტაბურია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ერთის მხრივ, ჩემს მშობლიურ უბანში – ვორიონცოვზეა, მეორეს მხრივ, უძველეს, ჩვენს მიერ რესტავრირებულ შენობაშია მოთავსებული და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.

– სასიამოვნოა, რომ თქვენს სასტუმროებში ყოველთვის კომფორტული გარემო და უმაღლესი დონის მომსახურეობაა, რითაც სტუმრებიც ძალიან კმაყოფილი არიან…

– რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რაც არც ისე იოლი საქმეა. დამსვენებლები მხოლოდ მზა პროდუქტს ხედავენ და წარმოდგენა არ აქვთ რამდენად რთულია მისი შექმნა.

– თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება?

– ძალიან მომგებიანია, თუმცა სფეროს გააჩნია, რადგან ზოგი ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ზოგი კი, შედარებით ნელი ტემპით. ვფიქრობ, ჩვენ სწორად ავირჩიეთ საქმიანობის სფერო, რადგან სასტუმროს ბიზნესი, რომელიც მუდმივად ვითარდება, ყოველთვის მომგებიანი იქნება.

– რამდენად სასარგებლოა კონკურენცია წარმატებული ბიზნესისთვის?

– რა თქმა უნდა, განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტითა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასით Inn Group ყოველთვის სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვა ბრენდებს.

– რამ განაპირობა პროფესიის არჩევა?

– პროფესია მშობლების რჩევით ავირჩიე, რომელთაც უზარმაზარი გავლენა იქონიეს ჩემს ცხოვრებაზე. მართალია, თავიდან იურისტობას მირჩევდნენ, მაგრამ თვითონ ნაკლებად მხიბლავდა. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას ფინანსებით, ბუღალტერიით დავინტერესდი და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ სფეროში მივიღე განათლება.

– როგორც Inn Group-ის ხელმძღვანელი, რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– პატარა ბავშვივით მიხარია დამსვენებელთა შექნება, რადგან სწორედ დადებითი შეფასებაა ის მოტივაცია, რაც მუდმივი განვითარებისა და სერვისების დახვეწისკენ გვიბიძგებს.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– უნივერსიტეტში სწავლისას ბიზნეს ეტიკეტის სპეციალური კურსი გავიარე, რომელიც ჩაცმის სტილსაც ითვალისწინებდა. შესაძლოა ყოველთვის კომფორტული არაა, მაგრამ ვფიქრობ, ეტიკეტის დაცვა და მნიშვნელოვან შეხვედრაზე შესაბამისი სამოსის მორგება მაინც აუცილებელია.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

– წლების წინ იოგას ვარჯიშებით ვიყავი გატაცებული, ახლა კი, ძალიან მომწონს სუფთა ჰაერზე სეირნობა და მცენარეების მოვლა, რაც არა იმდენად ჯანსაღი ცხოვრება, რამდენადაც სტრესისგან განთავისუფლების საშუალებაა. ზაფხულში კოჯორში გადავდივარ საცხოვრებლად და საღამოს, სამსახურის შემდეგ ყოველთვის სიამოვნებით ვუვლი ბაღს თავისი მრავალრიცხოვანი მცენარეებით.

– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს და რას ითხოვთ მათგან?

– მოთხოვნები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი მაინც საქმის სიყვარული და მისი ერთგულებაა, რასაც ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი გარემოს შექმნაც სჭირდება.

– იღბლიანი თილისმა თუ გაქვთ, რომელსაც მნიშვნელოვანი შეხვედრების, გადაწყვეტილების მიღებისას იყენებთ?

– ნაკლებად მჯერა მსგავსი ცრურწმენების, საუკეთესო თილისმად ნებისმიერ სიტუაციაში კი, ღიმილი მიმაჩნია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგჯერ დაფიქრება, ყველაფრის კარგად გააზრება და მხოლოდ მერე გადაწყვეტა მირჩევნია.

ბლიცკითხვები:

– Inn Group Hotels-ის სლოგანი?

– „ხარისხი ფასზე მეტია!“ – სწორედ ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს მომსახურეობას.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მიყვარს კითხვა, ამიტომ ერთ წიგნს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?

– მამას რჩევებს, რადგან არა მხოლოდ გამოცდილი ადამიანი, არამედ საიმედო ბიზნეს პარტნიორიცაა.

– სასარგებლო გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთ სწავლისას მიიღეთ?

– ვფიქრობ, მთავარი საკუთარი რესურსების, შესაძლებლობის სრულად გამოყენებაა.

– სად გირჩევნიათ დასვენება?

– რა თქმა უნდა, კოჯორში, ჩემს ბაღში.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ფილმი, რომელიც არასდროს გბეზრდებათ?

– სამწუხაროდ, ფილმების სანახავად დრო არასდროს მრჩება.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ პეიზაჟს. ბიზნესი ჩემთვის სწორედ ბუნებასთან ასოცირდება, რადგან ისიც ნორჩი მცენარის მსგავსად იზრდება და ვითარდება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, ბიზნესის წარმატებას პირველ რიგში ადამიანებთან სწორად ურთიერთობის ნიჭი და კომუნიკაციის უნარი განსაზღვრავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები