LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭებს უნდა ვასწავლოთ და დავანახოთ, რომ ვაჟკაცობა და სიძლიერე ქალების დაცვაა და არა მათი ჩაგვრა“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

11
nato-baqaradze-7rchevaaa

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვებრძოლოთ ფემიციდს და რა უნდა ვასწავლოთ შვილებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ ისაუბრა.

რა განაპირობებს ფემიციდს და რა არის ქალების მიმართ მამაკაცების სისტიკის მიზეზი?

ჩვენს რეალობაში  ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია უცხო არ არის. იგი მოიცავს ძალადობის მრავალმხრივ ფორმებს, ეს არის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მორალური, ემოციური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, რასაც ხშირ შემთხვევაში მივყავართ ქალთა განზრახ მკვლელობამდე – ფემიციდამდე. გარემო, სადაც ქალის მიმართ ძალადობა ყველაზე მეტად არის გავრცელებული ოჯახია. ხშირ შემთხვევაში, ოჯახში მისი, როგორც პიროვნების უფლებები, ინტერესები, სურვილები და მოთხოვნილებები სრულიად უგულებელყოფილია.

მოძალადის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:

  • მამაკაცის პატრიარქალური ღირებულებები – მისი, როგორც კაცის უპირატეობის აღქმა და წარმოჩენა. რიგიდული სტერეოტიპული შეხედულებები მასკულინობაზე, ქალის საკუთრებად აღქმა, მისი პიროვნების დაკნინება მხოლოდ სქესის ნიშნით.
  • ოჯახის სტრუქტურა – ოჯახი, რომელსაც აქვს სტრუქტურირებული როლები, სადაც ოჯახის თავი მამაკაცია, სადაც ქმრის, მამის, ძმის სურვილები უპირობოდ უნდა სრულდებოდეს და ემორჩილებოდეს ყველა. განსაკუთრებით ოჯახის წევრი ქალები. რომლებიც მუდმივად კონტროლისა და სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი არიან.
  • ბავშვობაში განცდილი ძალადობა – კვლევებით დასტურდება, რომ მოძალადეთა დიდი ნაწილი თავად ყოფილა ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და მისი ურთიერთობების ფორმები ოჯახის წევრებთან, გამეორებაა იმ ქცევებისა, რაც ბავშვობაში უჩვენეს და დაასწავლეს.
  • განათლების ნაკლებობა, არარეალიზებულობა.
  • მოძალადის კრიმინალური ისტორია, წარსულში ნასამართლეობა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, პიროვნულ-ხასიათობრივი შტრიხები;
  • ალკოჰოლზე ან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება.

რამდენად სწორად არის აღქმული გენდერული სტერეოტიპი?

ჩვენს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები, ტრადიციული და რელიგიური შეხედულებები არასწორადაა აღქმული. ზოგიერთ ადამიანში ბევრი ფაქტორია არასწორად აღქმული, რაც ქალის ჩაგვრას ხელს უწყობს, მათ შორის: ქალის, როგორც „მორჩილის“ როლი, საზოგადოების აზრი და ამ აზრისადმი გარკვეული შიშები; ოჯახის (მშობლების) მხრიდან მხარდაჭერის არ ქონა, გარიყვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქალი მალავს, რომ ძალადობის მსხვერპლია. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ არ სურთ შვილებს მამა დააკარგვინონ და ამბობენ, რომ ის კარგი მამაა;  ზოგიერთი ქალი ცდილობს შეფუთოს, დაფაროს რომ მასზე ძალადობენ, შიშის ან /და გარშემომყოფთა აზრის გამო. ზოგიერთისათვის ეს ჩვეული მდგომარეობაა, მსხვერპლის როლია, რომელსაც ირგებს და ეშინია ცვლილებების, რადგან  განცდაში არ აქვს, რომ მას, როგორც პიროვნებას რეალურად აქვს უნარი დამოუკიდებლად იცხოვროს და მოითხოვოს პატივი სცენ მის უფლებებსა და თავს დაცულად გრძნობდეს.

არსებობს ბევრი სირთულე:

– ეკონომიკური სირთულეები, საკმარისი განათლების არ ქონა და შესაბამისად უმუშევრობა, რის მიზეზიც ხშირად ადრეული ქორწინებაა;

– ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, პიროვნულ-ხასიათობრივი შტრიხები;

– ქვეყანაში სოციალური დახმარების ნაკლებობა;

– სახელმწიფოსგან მხარდაჭერის ნაკლებობა (სერვისებზე ხელმისაწვომობის პრობლემა, უნდობლობა);

რა როლი აქვს ამ ყველაფერში საზოგადოებას?

„ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“, – სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება თავიდან ბოლომდე მიჰყვება ამ გამოთქმის შინაარსს.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში კონფლიქტს, მუქარას ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები თუ თანამშრომლები შესწრებიან, თუმცა მათი მხრიდან პრობლემის სერიოზულობა არასათანადოდ აღიქმება ან არავინ ერევა იმის გამო, რომ ეს სხვისი პირადი საქმეა. მსგავსი მდგომარეობით ძალადობის მსხვერპლი ქალი მარტო რჩება პრობლემასთან.

გასაკვირია, მაგრამ ზოგჯერ თავად ქალები ხდებიან დაუნდობლები მსხვერპლის მიმართ და  მამაკაცის ქმედებებს ამართლებენ იმ კუთხით, რომ ცოლმა გამოიყვანა მდგომარეობიდან, შეეპასუხა, არ დაუჯერა, ქალისთვის შეუფერებლად მოიქცა, უღალატა.

უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მიზეზი არ ამართლებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, ძალადობას ან ჩაგვრას. საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული.

როგორ უნდა აღმოიფხვრას ფემიციდის პრობლემა?

უპირველესი ამ საკითხთან მიმართებით განათლების საკითხია. ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ხშირად ეხებოდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებს სკოლასა და  უნივერსიტეტში. მათ უნდა ვასწავლოთ, რომ ქალი და მამაკაცი თანაბარუფლებიანები არიან ცხოვრების ყველა სფეროში.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ შეიძლება შვილების გამორჩევა სქესის მიხედვით. არ შეიძლება აბორტის გაკეთება, მხოლოდ სქესის ნიშნით.

უნდა ვისწავლოთ, რომ ოჯახში, სადაც ბიჭები და გოგონები იზრდებიან, უფლებება-მოვალეობები თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. ის, რაც მოეთხოვება გოგოს, უნდა მოეთხოვებოდეს ბიჭს და რაც ეკრძალება გოგოს, უნდა ეკრძალებოდეს ბიჭსაც.

უნდა ვისწავლოთ, რომ გოგონებს განათლების მნიშვნელობის შესახებ მეტი ვესაუბროთ. დავანახოთ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები. ვასწავლოთ ის, რომ აუცილებელია პიროვნული და პროფესიული განვითარება. მნიშვნელოვანია მათი თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოთქმა და დაფიქსირება. ვასწავლოთ ის, რომ საკუთარი თავის პატრონები თავად არიან და პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე, მხოლოდ მათ ეხებათ.

უნდა ვისწავლოთ, ბიჭებს დავანახოთ, რომ ვაჟკაცობა და სიძლიერე ქალების დაცვაა. ქალი ჩაგვრა ან მოკვლა არ არის ღირსების დაცვა. ღირსება სუბიექტურია და ის ადამიანის პიროვნული შტრიხია, ის აქვს ან არ აქვს, ღირსებას ვერავინ ვერავის წაართმევს.

უნდა ვასწავლოთ, რომ ზოგადად ადამიანის ჩაგვრა, მოკვლა სისუსტეა. ძლიერები არ ძალადობენ. უნდა ვასწავლოთ, რომ გოგონების სიცოცხლე მნიშვნელოვანია. პატივი უნდა სცენ  მათ სურვილებს, უფლებებს და იზრუნონ მათზე.

შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ერთადერთი სხვაობა ბიჭებსა და გოგონებს შორის სქესია და არაფრით არიან ერთმანეთზე აღმატებულები.

საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომ ადამიანების სიცოცხლე პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ დანაშაულს, გვესმის უამრავი მოკლული ქალის შესახებ და ვსაუბრობთ პრობლემის მოგვარების გზებზე.

სახელმწიფო აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ფემიციდი მძიმე დანაშაულია. მის აღმოსაფხვრელად უნდა შექმნას საკანონმდებლო სისტემა, რათა მსხვერპლი ქალები და მათი ოჯახები ეფექტური სამართლებრივი სისტემით დაიცვას.

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები