LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, რომ სიმღერა „ცივი ნოემბერი“ შედგა და ჩემი შრომაც დაფასდა“ – „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული ანრი ჯოხაძე

17
anri-jokhadze-art-fm1922423

გადაცემის ლაივი LIVE

18 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „ოქროს ტალღის“ წლის სიმღერის გამარჯვებული ანრი ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ანრი, რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა გამარჯვება?

– ყოველთვის ერთი პრინციპით ვცხოვრობ – მხოლოდ საკუთარ თავის მჯერა და ნაკლებად მაქვს რაიმეს მოლოდინი. თუმცა, ძალიან გამიხარდა გამარჯვება და აბსოლუტურად გულწრფელი ემოცია მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ სიმღერა „ცივი ნოემბერი“ შედგა და ჩემი შრომაც დაფასდა.

– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სხვა კომპოზიტორების სიმღერების სიმრავლის მიუხედავად, მეტწილად მაინც თქვენივე შექმნილ კომპოზიციებს უმართლებს,

– უცნაურია, მაგრამ მართლაც ასეა. მეტიც, როგორც ავტორ-შემსრულებელმა ერთგვარი რეკორდიც დავამყარე, როცა „ოქროს ტალღის“ ექვსწლიან ისტორიაში ორჯერ გავიმარჯვე საავტორო სიმღერით. თუმცა, მათგან განსხვავებით, ვინც ორაკორდიანი სიმღერის შექმნის შემდეგ, კომპოზიტორობას იჩემებს, მე ნამდვილად არ ვთვლი თავს კომპოზიტორად და  მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ  საკუთარი მდგომარეობა, სულიერი განცდა გამოვხატო. მართალია, საკომპოზიციო სკოლა გავიარე და პროფესიონალი მუსიკოსი გავხდი, დედაც კომპოზიტორი მყავს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიურ გარემოში გავიზარდე, მაგრამ მაინც მიჭირს ვუწოდო საკუთარ თავს კომპოზიტორი. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიმღერები მსმენელთან ერთად იმ პროფესიონალებსაც მოსწონთ, ვინც „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულებს განსაზღვრავს.

– როგორ მიიღო დედამ თქვენი გამარჯვება?

– რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში ყველა დედა კარგავს ობიექტურობას და ძალიან სუბიექტურად უხარია, გამონაკლისი არც დედაჩემია. აღფრთოვანებული დამხვდა, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება ოჯახს, შვილების აღზრდას შესწირა, ამიტომ ორმაგად სასიამოვნოა შვილების პროფესიული წარმატება.

– რას ნიშნავს თქვენთვის „ოქროს ტალღა“ და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ კონკურსში გამარჯვება?

– 2013-2014 წლებში, როცა ენთუზიაზმით ვმუშაობდი, სიმღერებს ვწერდი და კლიპებს ვიღებდი, მერე კი, სიმღერით „განა ყველა ქალი ქალია“ „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული გავხდი, ქართული სიმღერა ნაკლებად პოპულარული იყო, ბევრი „გოიმობად“ თვლიდა და ძალიან უკვირდა ჩემი აქტიურობა. მათი აზრით ფუჭად ვირჯებოდი, რადგან საერთოდ არაფერი ხდებოდა ქართულ შოუბიზნესში. სიმართლე ვთქვა, ამგვარი განცხადებები ყოველთვის მიუღებელი იყო, რადგან თუ გინდა, „რაიმე ხდებოდეს“ პირველ რიგში თვითონ უნდა იზრუნო მის შექმნაზე. დღეს ძალიან მოდურია ქართული სიმღერა და არავის ეუხერხულება მისი მოსმენა. როგორც ჩანს, ყველა მიხვდა, რომ საქართველოშიც შეიძლება ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ვფიქრობ, ისეთი გრანდიოზული დაჯილდოვების მოწყობა, როგორიც „ოქროს ტალღაა“ მხოლოდ “ფორტუნას“ შეუძლია, რადგან მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზატორებიც „მასშტაბური“ სჭირდება, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი შოუ საბავშვო ბაღის ზეიმს დაემსგავსება. ძალიან ფასეულია ჩემთვის „ფორტუნსთან“ მეგობრობა და ჩემი ნამუშევრების სწორედ თქვენი რადიოსადგურების ჩარტებში გაჟღერება.

– აუცილებლად მინდა ავღნიშნო ჩვენი ჟიური, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია, უამრავი სიმღერა მოისმინა და შეაფასა. რამდენიმე წლის წინ თქვენც იყავით „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრი, რამდენად საპასუხისმგებლოა ამგვარი მოვალეობა?

– ძალიან საპასუხისმგებლო და რაც მთავარია საოცრად რთული, რადგან ყველას საკუთარი აზრი აქვს და ნებისმიერ კონკურსანტს სუბიექტურად აფასებს, თუმცა, საბოლოოდ მაინც ახერხებს დაბალანსებას და სწორედ იმ ობიექტურ შეფასების მიღებას, რომელსაც შემსრულებელი და მსმენელი ელის ჩვენგან.

– რამდენადაც ვიცი, მალე ახალი ნამუშევრს წარუდგენთ პუბლიკას,

– არა მხოლოდ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან თითქმის 10 წელია ვნატრობ ბატონ ბუბა კიკაბიძესთან მუშაობას. როგორც იქნა, ასრულდა ჩემი ოცნება და ბატონ ბუბასთან დუეტში ფილმის „მიმინო“ საუნდთრეკი ჩავწერე. მართალია, ყველას ჰგონია, რომ ფილმის მთავარი სიმღერა „ჩიტო-გვრიტოა“, მაგრამ სინამდვილეში „მიმინოს“ წამყვანი კომპოზიცია „გზებია“, რომელიც გია ყანჩელმა და პეტრე გრუზინსკიმ შექმნეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები