LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთან საუბრის შემდეგ, ადვილი გამოსაცნობია რა ფასეულობებია მის ოჯახში” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

24
--2020-01-06-07-37-37-122956

როგორ განვასხვაოთ გაზრდა აღზრდისგან და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” პედაგოგმა, ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა მოაგვაროს ბავშვმა პრობლემები?

ბავშვების წინაშე ბევრი პრობლემა ისახება და პრობლემათა ერთი ნაწილი უფროსების გამოა გამოწვეული. ბავშვს აქვს მოთხოვნა გახდეს დიდი და თავისუფალი, ამის დასაკმაყოფილებლად ეძებს სხვა გარემოს, ხშირად უკავშირდება უცხო პირებს, რომლებმაც შეიძლება ასწავლონ თამბაქოს წევა, ქურდობა, ბოლოს ნარკოტიკებამდეც მიიყვანონ.

როცა დედ-მამის სიტყვა და თხოვნა არ ჭრის ბავშვზე, ვითარება რთულია. თუ ბავშვი ჩაება ცუდ კოლექტივში, აქვს პრობლემები და ჰგონია, რომ ოჯახში ვერ გაუგებენ, ამ დროს ბავშვი მიდის ცხოვრებიდან.

საკუთარ პრობლემას ბავშვი მაშინ გადაწყვეტს, როცა მშობლების სიტყვა სიტყვა იქნება. მამაჩემი  ომში როცა მიდიოდა, პატარა ვიყავი, თავის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა, მე ომში მივდივარ და რაღაც უნდა გთხოვოო, შენ ალბათ შემოგთავაზებენ თამბაქოს და არავითარ შემთხვევაში არ მოკიდო ხელიო. მამა ისე მიყვარდა, რომ მისი სიტყვა დღემდე მომყვება, თუმცა ახლა უკვე ორჯერ, სამჯერ უფროსი ვარ მასზე.

მშობლები დღეს ნაკლებად ესაუბრებიან შვილებს, მესმის ცხოვრებაც ასეთია. მშობლები უნდა დაფიქრდენ სამ რამეზე: გამონახონ გარკვეული  დრო ბავშვის აღზრდისთვის, უყვარდეთ ბავშვი და ჰქონდეთ მოთმინება აღზრდისთვის.

მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვს არაფერს აკლებენ, დაჰყავთ უცხო ენაზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ბავშვს აქვს კარგი სამოსი და ტელეფონი, რატომ ერევათ მშობლებს გაზრდა-აღზრდის საკითხები?

აღზრდა და გაზრდა ორი ცნებაა, ჩვენ შეიძლება გავზარდოთ ძაღლი, კატაც კი მოვათვინიეროთ. გაზრდა ბავშვს უყალიბებს ჩვევებს, მაგრამ არ უყალიბებს ცნობიერებას, რომ თვითონ დაბადოს საკუთარ თავში სხვა ჩვევები.

აღზრდის დროს ჩვენ ბავშვს ნიმუშს ვაძლევთ, მოვუწოდებთ ჩაფიქრდეს, აწონ-დაწონოს, მიიღოს. აღზრდილი ბავშვი ასეთ დროს საკუთარ თავში გამოიმუშავებს ზნეობასა და კულტურას. გაზრდილი ბავშვი ვერ.

თუ გვინდა ბავშვი აღვზარდოთ, უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც გვინდა ბავშვი გამოვიდეს. დიდების მაგალითი როგორიცაა, ისეთები ხდებიან ბავშვები.

„დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“, – ეს ბრძნული ანდაზაა, თუ ჩვენ ბავშვში ვხედავთ კულტურას, ეს მან მშობლებისგან, ოჯახიდან მიიღო, ადვილი გამოსაცნობია რა ფასეულობებია იმ ოჯახში. თუ მართლა შესაქებია შვილი, მშობლისთვის ეს ყველაზე დიდი შეფასებაა, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ მშობელმა რაც არ უნდა აკეთოს, თავის ცხოვრებაში დამცირებულია და ის შვილმა დაამცირა. ამის შედეგი, არასწორი აღზრდაა.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

“მიყვარდა წიგნი და წიგნმა გადამარჩინაო,  – ნათქვამია და ასეა. ახლა ისეთი დრო დადგა, ინფორმაციის მიღების წყარო ბევრნაირია და თითქოს უფრო მარტივი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნები ჩვენი ცხოვრების არსს შეადგენენ.

ოჯახში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, დედა და მამა უნდა ზრუნავდნენ, რომ წიგნები იყოს სახლში და თავად უნდა კითხულობდნენ. მშობლები უნდა ესიყვარულებოდნენ წიგნს. ბავშვი უნდა ხედავდეს, როგორ იღებს თაროდან წიგნს მშობელი, როგორ კითხულობს, როგორ ინიშნავს საინტერესო ფრაზებს. თუ ამ მაგალითს მივცემთ ბავშვს, ის დაინტერესდება წიგნით. ოჯახში წიგნი უნდა ცხოვრობდეს.

მეორე მაგალითია მასწავლებელი. როცა ჩემი მასწავლებლის მაგიდაზე წიგნები ეწყო, ეს ჩემშიც იწვევდა წიგნების მიმართ ინტერესს. მახსოვს, მასწავლებელმა მათხოვა წიგნი, მინდოდა მალე წამეკითხა და ჩემი შთაბეჭდილებები მიმეტანა.

70-იან წლებში ჩემს გაკვეთილზე ბავშვი კითხულობდა რაღაც წიგნს, ვკითხე რას კითხულობთქო, მიპასუხა „საიდუმლო კუნძულსო“. მაშინ დავფიქრდი, ჩემი მათემატიკის გაკვეთილი უფრო მნიშვნელოვანი იყო თუ მისი კითხვის მიმართ ინტერესი. ვუთხარი, რომ წაიკითხავ, აუცილებლად გვიამბე რაზეა ეს წიგნი და მათემატიკასაც გაუხარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები