,,ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს რეალიზებული მშობელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესი და საქმე“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე დადებითად რეალიზებული მშობელი და რატომ არის აუცილებელი მშობლებმა საკუთარ თავსა და პირად ცხოვრებას დაუთმონ დრო – ამ თემაზე გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რატომ არის აუცილებელი მშობელს ჰქონდეს პირადი სივრცე?

მთელ სამყაროში ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს პირად სივრცეს,  რომელიც  გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ სივრცეს. ფიზიკური სივრცეა კუთხე ოთახი, სადაც  ადამიანი შეძლებს განმარტოებას, მოსვენებას, სადაც ის მიეკუთვნება საკუთარ თავს. ხოლო ფსიქოლოგიური სივრცე გულისხმობს პირად ცხოვრებას, საკუთარ შეხედულებებს, სურვილებს, მოთხოვნილებებს…

მშობლისა და შვილის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა.  ყველას სურს იყოს კარგი მშობელი და ზოგიერთ შემთხვევაში იდეალური, თუმცა იდეალური არაფერია ამ სამყაროში. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ რას ნიშნავს ზრუნვა და რას ნიშნავს აღზრდა.

აღზრდა პირველ რიგში იწყება იქიდან, რომ მშობელი მუშაობას იწყებს საკუთარ თავზე და მან უნდა გაცნობიეროს, რომ შვილი არ არის საკუთრება,  არ არის მისი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილში ხედავენ საკუთარი თავის გაგრძელებას, აღიქვამენ როგორც საკუთარი სურვილების რეალიზებისა და საკუთარი დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. 

ყოველი ადამიანი  იბადება უნიკალური, საკუთარი თვისებებით, ტემპერამენტით, მიდრეკილებებით. ის არის ინდივიდი, რომელსაც უნდა დაეხმაროს მშობელი, რომ შედგეს როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც მომავალში შეძლებს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

„გავხდი მშობელი“ არ ნიშნავს, რომ ვიცით რა არის მშობლობა. ამას სჭირდება სწავლა, ამიტომ ბუნებრივია, რომ აღზრდაში ხდება შეცდომების დაშვება.

პირველ რიგში მშობელსშვილი უნდა უყვარდეს უპირობოდ, მოუსმინოს, გაუგოს და მიიღოს ის, ისეთი როგორიც არის,  მიუხედავად იმისა შეესაბამება თუ არა მის მოლოდინებს, შეძლოს დაამყაროს კონსტრუქციული ურთიერთობა მასთან. აღიაროს რომ ის არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც აქვს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები,  შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს  საკუთარი არჩევანი.

რატომ სჭირდებათ შვილებს რეალიზებული მშობელი?

ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა იპოვოს საკუთარი ცხოვრების აზრი,  მისი დაკმაყოფილების გარეშე ადამიანი ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს. როდესაც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება, ადამინი ხედავს საკუთარი არსებობის,   მნიშვნელობის აზრს.

ზოგიერთ შემთხვევაში მშობლისთვის საკუთარი ცხოვრების აზრს შვილზე ზრუნვა წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ,  რომ მათი ცხოვრების საზრისი არის შვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე და აღზრდაზე  ზრუნვა. მაგრამ რელურ მიზეზი სხვაა – ასეთ შემთხვევაში მშობელი ქვეცნობიერად ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც ის საჭირო ადამიანია შვილის ცხოვრებაში. როდესაც ბავშვი იზრდება და მისგან  მიდის, იწყებს  ფიქრს რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ამიტომ ისევ ზრდასრულ შვილს ექცევა როგორც პატარა ბავშვს, ცდილობს კვლავ მის მაგივრად აკეთოს ყველაფერი.

ასეთი მსხვერპლშეწირვა დამაზიანებელია ორივე მხარისთვის. შედეგად ბავშვი როდესაც ხდება ზრდასრული ადამიანი, ვერ აწყობს საკუთარ პირად თუ კარიერულ ცხოვრებას, აქვთ შინაგანი დაძაბულობა, დაუკმაყოფილებლობის განცდა და კონფლიქტები. გარდა ამისა ყველა ადამიანს აქვს ემოციური სიახლოვის  მოთხოვნილება, როდესაც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტი ხდება შვილი, შედეგად თავს იჩენს ქცევითი და ემოციური დარღვევები, ასეთი აღზრდის სტილი  გამოხატავს მშობლის ქვეცნობიერ მცდელობას იბრძოლოს  საკუთარი მოთხოვნილებების  ობიექტის შენარჩუნებისთვის. მიზეზი შესაძლებელია იყოს  მშობელი რომელსაც აქვს ურთიერთობების პრობლემები, არ აქვს საკუთარი ინტერსები და საქმე, ან მარტოხელა მშობელია.

ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც აღზრდის დროს მშობელი  შვილის მეშვეობით ცდილობს მაიაღწიოს იმ მიზანს ან დაიკმაყოფილოს ის სურვილები, რომელსაც ოდესღაც გარკვეული მიზეზებისა თუ გარემოებების გამო ვერ მიაღწია თვითონ. მაგალითად: დედას ან მამას სურდა გამხდარიყო მუსიკოსი და გარემოებებმა შეუშალა ხელი, არ ჰქონდა შესაბამისი უნარი, ამიტომ ისინი შვილს ატარებენ მუსიკაზე, სპორტზე.

ასეთი ქცევა მშობლების მხრიდან გაუცნობიერებლად შეიცავს ეგოიზმს: „მე მსურს  შვილი იყოს ისეთი, როგორც მინდა, მისი ჩამოყალიბება მოვახდინო ისე, როგორც მე მინდოდა, რადგან ის ჩემს  ცხოვრებას აგრძელებს“. ასეთი მიდგომა ხელს უშლის ბავშის დამოუკიდებლობას, არ ხდება ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების, უნარების გათვალისწინება. ასეთ დროს ბავშვი არჩევნის წინაშე დგება:

  1. გაამართლოს მშობლების მიზნები, მოექცეს მშობლების მოლოდინების ჩარჩოებში, 2. ბავშვი მშობლების მოთხოვნების წინააღმდეგ მიდის, მშობელი რჩება იმედგაცრუებული, რაც ხელს უწყობს მშობელსა და შვილს შორის ღრმა კონფლიქტების წარმოშობას.

რაც უფრო საინტერესო, ემოციურად და ინტელექტუალურად სავსეა მშობლების ცხოვრება, მით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანები ხდებიან ისინი შვილებისთვის და მეტად მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება მათ შორის.  მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ცხოვრება არ სრულდება ბავშვის დაბადებით, შვილების პატივისცემას მაშნ დაიმსახურებს, როცა დააფასებს საკუთარ თავს, საკუთარ უნიკალურობას და საკუთარ თავისუფლებას. ყველა ბავშვს სჭირდება  რელიზებული და ჯანსაღი მშობელი გვერდით.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი