LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისა და მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა, რათა საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

21
fsiqologi4aprili

მსოფლიოში არსებული მოვლენებიდან გამომდინარე, ადამიანები, სრულიად, შეცვლილი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ბავშვებსა და მოზარდებს აღარ უწევთ სკოლაში სიარული და სწავლებამ ონლაინ რეჟიში გადაინაცვლა. რა არის დისციპლინა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგოსგან“ ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა ისაუბრა.

ქეთი, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დისციპლინა?

ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, ცხოვრების ახალ ნორმასთან მორგება და შეჩვევაა. ეს ამოცანა განსაკუთრებით რთულია მშობლებისათვის, რომლებსაც სხვა საზრუნავის გარდა, ემატება საკუთარი შვილების დაკავებულობაზე ფიქრი დღის განმავლობაში, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სკოლის პროგრამის შესწავლა და შვილების მეცადინეობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, თუმცა გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც ამ პირობების გათვალისწინებით, არის შესაძლებელი. ეს კი განამტკიცებს ადამიანის მიერ სიტუაციაზე კონტროლის ქონის შეგრძნებას, რაც შემდგომში გვამშვიდებს.

ბავშვები ყოველთვის უფროსებს აკვირდებიან  სტრესის გამკლავების სტრატეგიების შესამუშავებლად, ანუ ბავშვები მშობლებს იყენებენ, როგორც სახელმძღვანელოს, და მათზე დაკვირვებით თავადაც იმავე სტრატეგიებს განახორციელებენ მომავალში. ამის გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე რთული სიტუაცია, ძალიან კარგი საშუალებაა პრობლემის გადაჭრის გზების მოდელირებისათვის, მოხერხებულობისა და თანაგრძნობის მაგალითების საჩვენებლად. ამიტომ დისციპლინა ასეთ დრო არის საყურადღებო.

7 რჩევა ქეთი დალინკევიჩისგან:

იყავით კარგი მოდელი. თქვენი შვილი უფრო მეტს სწავლობს თქვენზე დაკვირვებით, ვიდრე – თქვენი მოსმენით. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილისთვის საუკეთესო მოდელი ხართ. ნუ გაღიზიანდებით, თუ თქვენი შვილი ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რაც არ მოგწონთ. დაფიქრდით, ეს თქვენგან ხომ არ ისწავლა მან. ამიტომ გაითავისეთ, რომ ოჯახში აუცილებელია დისციპლინა და წესები, რომლებიც ბავშვებს ეცოდინებათ.

შემოიღეთ ნათელი და გასაგები წესები ბავშვებისთვის. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა. დათმობაზე თუ წახვალთ, ბავშვს ყოველთვის ეცოდინება, რომ წესები ფორმალურად არსებობს, მათი ცვლილება და შეუსრულებლობა კი ყოველთვის შესაძლებელი და მიღწევადია.

შეადგინეთ ყოველდღიური რუტინა. შეადგინეთ დღის გეგმა, რომელიც ყოველ კვირა უნდა შესრულდეს. რეგულარული განრიგის ქონა აჩენს კონტროლის შეგრძნებას, სიმშვიდეს, კარგად ყოფნის განცდასა და წინასწარგანსაზღვრულობას. ამგვარი განრიგის არსებობა გვეხმარება ოჯახის სხვა წევრების დროისა და პირადი სივრცის პატივისცემაშიც.

ფოკუსირდით დადებითზე. აღნიშნეთ ის მომენტი, რომ მეტი თავისუფალი დრო გაქვთ ოჯახთან გასატარებლად. ეცადეთ რაც შეიძლება მხიარული გახადოთ ეს დრო. მოიფიქრეთ ოჯახური აქტივობები, შექმენით ნახატები, დაალაგეთ და დაახარისხეთ ოჯახის ნივთები. იმღერეთ, იცინეთ, ივარჯიშეთ, ეცადეთ ბუნებასთან კონტაქტის დამყარებას, თუ ეს შესაძლებელია.

გქონდეთ რეგულარული კომუნიკაცია. ჯანსაღი კომუნიკაცია არის ნებისმიერი ურთიერთობის საწინდარი. მნიშვნელოვანია მოზარდთან საუბრის წარმართვა იმ თემებზე, რომლებიც მას აინტერესებს. ნუ დააძალებთ საუბარს. ეცადეთ ბუნებრივ პირობებში, რაიმე აქტივობის შესრულების დროს ისაუბროთ ხოლმე. იმ შემთხვევებში, როდესაც მოზარდმა იცის, რომ თქვენთან საუბარი შესაძლებელი და კომფორტულია, უფრო ხშირად ეცდება თქვენი აზრის მოსმენასა და რჩევის გათვალისწინებას.

გაზარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან ნათელი და გასაგები უნდა იყოს მშობლის მოთხოვნა და მოლოდინი შვილის მიმართ. მაგალითად, მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ელის მისი მხირდან ყოველდღიურად საკუთარი ოთახის დალაგებას. მშობელი არ უნდა აკეთებდეს ამას ბავშვის ნაცვლად, ის მხოლოდ მოტივაციას უნდა უზრდიდეს შვილს. ამ შემთხვევისთვის, მოტივაციის გასაზრდელად არ გირჩევდით ფულის ან სხვა მატერიალური წამახალისებლის გამოყენებას. მსგავს სიტუაციაში ბავშვი მხოლოდ საჩუქრის გამო ეცდება „დავალების“ შესრულებას. მნიშვნელოვანია მაგალითი აჩვენოთ, კომპლიმენტი გაუკეთოთ, შეაქოთ მცდელობა, აღნიშნოთ წარმატება და სასიამოვნო აქტივობა შესთავაზოთ ბავშვს.

აკონტროლეთ ეკრანთან გატარებული დრო. იქიდან გამომდინარე, რომ უმეტეს დროს სახლში ვატარებთ, მეტად სავარაუდოა რომ ადამიანთა უმრავლესობა ეკრანზე დამოკიდებული გახდეს. ყურადღებით იყავით იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვი ეცნობა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. ამის სანაცვლოდ შესთავაზეთ სხვადასხვა ახალი აქტივობა. მაგალითად, კულინარია, კერვა, ქარგვა, ხატვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე გართობა, ვირტუალურად მუზეუმების დათვალიერება.

მნიშვნელოვანია ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს შვილებს და მათი შეკითხვები ერთგვარ ორიენტირად გაიხადოთ მათთან ურთიერთბის დროს. დააკმაყოფილეთ მათი ცნობისმოყვარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები