LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაიას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

24
რას უსმენენ ცნობილები

29 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სტუმრობდა, რომელმაც საყვარელ მუსიკალურ მიმდინარეობებზე ისაუბრა და 7 ფავორიტი სიმღერა გაუზიარა რადიომსმენელს.

ბაია, ალბათ, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ამ ფორმატის გადაცემაში არასდროს მიგიღიათ მონაწილეობა და დღეს პირველად ხართ ასეთ ამპლუაში. რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ჩვენი შემოთავაზება, გადაცემაში სტუმრობასთან დაკავშირებით?

– იყო ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა, სადაც ჩვენს საყვარელ 5 სიმღერაზე უნდა დაგვეწერა პატარა ტექსტი, მაგრამ რადიოში ასეთ თემაზე სასაუბროდ არავის მივუწვევივარ. ვფიქრობ, საინტერესო და სახალისოა.

  1. ინოლა გურგულია – ძეგლად გადმომეფარე

რატომღაც, დიდი ხანი არაფერი ვიცოდი ინოლა გურგულიას შესახებ. ვიღაცას ჰქონდა ინოლას სიმღერა გაზიარებული სოციალურ ქსელში და შემთხვევით მოვისმინე, გადავირიე ისე მომეწონა. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ინოლას ხმა და შესრულების მანერა. სიმღერის ტექსტი სასაცილო და სასიყვარულოა. არ მეგულება ქართველი, რომელსაც ეს სიმღერა არ მოეწონება და მისი მოსმენისას არ გაეღიმება.

  1. ჰამლეტ გონაშვილი-თუ ასე ტურფა იყავი

ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული „თუ ასე ტურფა იყავი“ მართლა გამორჩეული, არაჩვეულებრივია. სიმღერას ძალიან საინტერესო ტექსტი აქვს. ამ ნაწარმოებს ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი ტექსტს და სულ მიკვირდა ფრაზა „თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო, იმად, რომ სიყვარულისთვის მე გული არ გამიღიაო“, თუმცა მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი სიბრძნეა მასში. ადამიანი მზად უნდა იყოს სიყვარულისთვის, რომ შეძლოს მისი დანახვა, მიღება და გაცემა. ხანდახან ჩვენ არ ვართ მზად სიყვარულისთვის, არადა, ამაზე მეტი არც არაფერი შეგვიძლია, ალბათ, სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა არსებებისგან.

მეექვსე ადგილზეც ქართულ სიმღერას გვთავაზობთ. როგორც ჩანს, გიყვართ ქართული ტრადიციული სიმღერები, რომლებზეც თაობები გაიზარდა.

-კი, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ქართველებს სიმღერით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, არაჩვეულებრივი ფოლკლორი გვაქვს.

  1. Maria Callas – Amami Alfredo (Verdi – La Traviata) 

მარია კალასი არა მხოლოდ გენიალური მომღერალი, არამედ ძალიან საინტერესო ადამიანიცაა. მის საინტერესო ცხოვრებაზე მოგვითხრობს ფილმი Maria by Callas. რაც შეეხება ამ ნაწარმოებს – ულამაზესი არიაა.

  როდის მოხდა თქვენი ოპერასთან „დამეგობრება“?

– ძალიან გვიან, დაახლოებით 35 წლის ასაკში. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც ამბობს, რომ ოპერას ვერ უსმენს და ფიქრობს, რომ კლასიკური მუსიკა არ აინტერესებს, ყველაფერი წინ აქვს. ეს არის აბსოლუტურად ჯადოსნური სამყარო, მისი „გასაღები“ თუ ჩაგივარდათ ხელში და მიხვდით რა არის კლასიკური მუსიკა და ოპერა, მიხვდებით, რომ მისი ფასი არაფერია.

როდის და როგორ შეგიყვარდათ ჯაზი?

– ჯაზი ჩემს ცხოვრებაში 25 წლის ასაკში შემოვიდა. როდესაც ორსულად ვიყავი, ვერ ვიტანდი მუსიკას, თუმცა ზუსტად მაშინ დავიწყე ჯაზის მოსმენა. ჩვეულებრივ სიმღერებში ხშირად მეორდება მისამღერი და რაღაცნაირად წინასწარ დალაგებული და განსაზღვრულია სიმღერის დრამატურგია, ჯაზში კი ასე არ არის და ზუსტად ეს აქცევს მას საინტერესოდ. ჯაზი ჩემს რთულ ორსულობის პერიოდში სრულიად ახალი სამყარო იყო.

  1. Richard Wagner – Ride of the Valkyries

– ვაგნერი წარმოუდგენლად ნიჭიერი კომპოზიტორია, ეს კი ფანტასტიკური ნამუშევარია, არც კი ვიცი როგორ შევაქო, აბსოლუტურად შესანიშნავი რამაა.

ხშირად სტუმრობთ ოპერას?

– გააჩნია. ჩვენ გადასარევი ოპერის მომღერლები გვყავს და როცა ისინი ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ეს ყოველთვის კარგია. როდესაც ევროპის ისეთ ქალაქებში ვხვდები, სადაც ამის დიდი ტრადიცია აქვთ, ვამოწმებ, რა დადგმა გადის და თუ არის ბილეთები, ვცდილობ, რომ დავესწრო.

  1. Ella Fitzgerald – Summertime

ვფიქრობ, ამ სიმღერის სიყვარულს, საერთოდ არ სჭირდება ჯაზის სიყვარული. არაჩვეულებრივი შესრულებაა, რომელსაც ზაფხულის სილაღე და სიამოვნება მოაქვს. ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერაა.

– რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით ქალებს, რომლებსაც შეიძლება აქვთ გარკვეული მიზნები, მაგრამ რაღაც გარემოებები არ უწყობენ ხელს და აბრკოლებენ?

– მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართველი ქალების, აღფრთოვანებული ვარ მათით, ძალიან ძლიერები, მზრუნველები და ჭკვიანები არიან. თუ ქართველი ქალი შეძლებს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას, ეს მარტო ამ ქალისთვის და მისი ოჯახისთვის კი არ იქნება მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც. ქალებს გადაურჩენიათ საქართველო 90-იან წლებში და ახლაც მჯერა მათი შესაძლებლობების, რადგან ნაკლებად თავკერძები არიან და მართლა ზრუნავენ სხვებზე. მინდა, დიდი სიყვარული გავუგზავნო მათ და  ვუთხრა, რომ სჯეროდეთ თავიანთი თავის, მათ აქვთ ძალიან დიდი ძალა, უბრალოდ უნდა ირწმუნონ ამ ძალის.

  1. Nina Simone – I put a spell on you

ამ სიმღერას ძალიან საყვარელი ტექსტი აქვს. შეყვარებული ქალი ამბობს მსგავს ფრაზას „შენ ჩემი ხარ, რადგან მე შენ მოგაჯადოვე“. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ტექსტი სასაცილოა, მაგრამ ისე მღერის, რომ მთელი ქალური მაგია და ვნება იგრძნობა ამ სიმღერაში, ძალიან კარგი ნამუშევარია.

 – რამდენად ხშირად უსმენთ რადიოს?

– მიყვარს რადიოს მოსმენა მაშინ, როცა საჭესთან ვარ და ქალაქში გადავადგილდები.

  1. Miles Davis – Time After Time

ძალიან მელანქოლიური და ძალიან ლამაზი მუსიკაა. მაილს დევისი არაჩვეულებრივი შემსრულებელია და ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ საყვირი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ჯაზში. ეს სიმღერა იმდენად სევდიანია და იმდენად მომწონდა, რომ დიდხანს ვეძებდი მისი შექმნის ისტორიას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები