LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომფლობელები არა თაღლითობით ტექდათვალიერების გავლაზე, არამედ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე უნდა ფიქრობდნენ – ,,ავტოტესტის” დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი

9
vajaiordanishvili

5 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” კომპანიის ,,ავტოტესტის” დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარი კომპანიის საქმიანობაზე ისაუბრა.

პირველადი პროფესიული არჩევანი ბატონმა ვაჟამ საავტომობილო სფეროს დაუკავშირა, თუმცა გარკვეული პერიოდი ,,ოპელის” ცენტრსაც ხელმძღვანელობდა, 2005 წლიდან კი, კომპანია ,,ავტოტესტს” ჩაუდგა სათავეში.

– ბატონო ვაჟა, რატომ აირჩიეთ საავტომობილო სფერო თქვენს მთავარ საქმიანობად?

– ბავშვობიდან მიტაცებდა ავტომობილები, ამიტომ განათლებაც შესაბამის სფეროში მივიღე. სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე  მანქანათმშენებლობის განხრით. სხვათა შორის, სანომრე ნიშნების წარმოება ერთ-ერთი პირველი ბიზნესი იყო საქართველოში, რომელიც გერმანული ინვესტიციით განხორციელდა, ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ავტომოყვარულები დღესაც ჩვენს მიერ შემუშავებული სანომრე ნიშნებით სარგებლობენ.

– როგორ შეიქმნა “ავტოტესტი”?

– 1997 წელს საქართველოში ძალიან ცოტა უცხოელი ინვესტორი იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა ქართულ-გერმანული კომპანია “ავტოტესტი”, რომელშიც გერმანულმა მხარემ 550 ათასი ევრო დააბანდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში შეძენილი გამზომი ხელსაწყოები და შენობა-ნაგებობები დღემდე გამართულად ფუნქციონირებს და არ კარგავს აქტუალურობას. 1990-იანი წლების ბოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ამიერკავკასიაში ინსპექტირების  ცენტრების გახსნა, ჩვენი კომპანია კი, ერთგვარ საპილოტო პროექტად იქცა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ამ სფეროში, რადგან მანამდე ტექინსპექტირება სახელმწიფოს ექვემდებარებოდა, ჩვენი “ავტოტესტი” კი, პირველი დამოუკიდებელი კომპანია გახდა. ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგალითად 2004 წელს გაუქმდა სავალდებულო ტექდათვალიერება და მხოლოდ 2017 წელს განახლდა, როცა ძალიან მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნა. მართალია, ტრანსპორტი ისე ინტენსიურად აღარ მოძრაობს, როგორც 3-4 წლის წინ, მაგრამ ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ამგვარი შეზღუდვა საკმარისი არაა. ზოგადად, ავტომოყვარულები ტექინსპექტირებას წელიწადში ერთხელ გადიან, თუმცა ჩვენი სურვილი და მთავარი იდეა სწორედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და ავტომობილების ინტენსიურად, თუმცა ნებაყოფლობით შემოწმების შემოღებაა. ტრანსპორტი ქალაქის მნიშვნელოვანი შემადგენელია, ამიტომ მისი გამართულობა ყველას საზრუნავი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

– რამდენად აქტიურია სოციალური რეკლამა და საზოგადოებრივი კამპანია?

– რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. მაგალითად, ყოველ წელს მკაცრდება გამონაბოლქვის ნორმები, თუმცა, მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რა პარამეტრებზე იქნება გათვლილი შემდეგი წელი. 2022 წლიდან აუცილებელი იქნება კატალიზური კონვერტორი, არადა დღეს მძღოლების 75 პროცენტი ან გაუმართავი კონვერტორით სარგებლობს, ან საერთოდ არ აქვს.

– ტექინსპექტირების გასავლელად მძღოლები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. რა შედეგს მოგვიტანს ამგვარი თაღლითობა?

– ტექინსპექტირების ცენტრი ნამდვილად ვერ გახდება საგამოძიებო უწყება. ჩვენ მხოლოდ  იმ მდგომარეობაში შეგვიძლია ავტომობილის შემოწმება, როგორშიც ის არის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდი. ავტომფლობელები არა თაღლითობით ტექდათვალიერების გავლაზე, არამედ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე უნდა ფიქრობდნენ.

– რამდენად ჯანსაღია კონკურენცია თქვენს სფეროში?

– პირველ რიგში, არსებული ხელისუფლება უნდა შევაქოთ, რადგან გაბედა და ტექინსპექტირების რეფორმა წამოიწყო. ძალიან მძიმე თემაა, ამიტომ მისი სწორი მიმართულებით წარმართვაც რთული აღმოჩნდა. თუმცა, საჭირო ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა იმ თანამედროვე ინსპექტირების ცენტრებში, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ. რაც შეეხება მონოპოლიას – ზუსტად იმავე პრობლემას ვაწყდებით, რასაც ადრე. სამწუხაროდ, ბიზნესგარემო ჩაკეტილია, რადგან სახელმწიფოს ერთ კონკრეტულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი, სხვას კი, სწორედ ამ კომპანიის თანხმობა სჭირდება ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად. ვფიქრობ, ყველა კომპანია თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს და პრივილეგიებიც ყველას ერთნაირი უნდა ჰქონდეს.

– რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, ამიტომ უამრავი გამოწვევა გვქონდა. უმეტესობა წარმატებით დავძლიეთ. რამდენიმე მსხვილი პროექტი განვახორციელეთ, რითაც მართლაც შემიძლია ვიამაყო.

– რა არის კომპანიის მთავარი მიზანი?

– როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ჩვენი ბრენდის მთავარი მიზანი საზოგადოების კულტურის ამაღლებაა, რათა ავტომფლობელებმა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართვა და მოწესრიგება.

– რა არის კომპანიის სლოგანი?

– “არ ავნო!” – სწორედ ესაა ჩვენი კომპანიის სლოგანი, რომელიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება, რადგან ძალიან მრავალმნიშვნელოვანი მცნებაა. ჩვენი მიზანიც სწორედ ერთმანეთზე ზრუნვა და გაფრთხილებაა და არა ზიანის მიყენება.

– რა პრინციპით შეიქმნა თქვენი გუნდი?

– გუნდი ქვეყნის რესურსების გათვალისწინებით შეიქმნა. ჩვენი სფერო შედარებით ახალია, ამიტომ კადრების მოძიებაც სხვა სფეროებში მოგვიხდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ დატრეინინგებას, რადგან ევროპული გამოცდილებით ვხელმძღვანელობდით და ჩვენი რეგლამენტიც ევროდირექტივას იყო მორგებული. საბედნიეროდ, ისეთი გუნდის შექმნა შევძელით, რომელიც გამჭვირვალედ, ობიექტურად და რაც მთავარია, ხარისხიანად მუშაობს. დეტალურად უხსნის ყველა ავტომფლობელს რა ხარვეზები აქვს და რა შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის გაუმართაობამ. ვფიქრობ, მომხმარებელს, რომელიც თავიდან ცოტა გაღიზიანებული მოდის, ვარწმუნებთ ჩვენს სიმართლეში და დაკმაყოფილებული ვუშვებთ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან არ მიყვარს სწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო.

ბლიცკითხვები:

– თქვენი კომპანიის მთავარი მოტივაცია 2021 წელს?

– 2021 – ისევ პანდემიის წელია, ამიტომ ძალიან რთულია წინსვლა და განვითარება. თუმცა ჩვენ პრინციპებს არ ვღალატობთ და ისევ გარემოზე, ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.

– რა სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– სპორტული და კლასიკური სტილის სამოსში.

– რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მართალია, ყოველთვის ავტომობილებით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ხელოვნების ყველა სფერო მიზიდავდა.

– რა პროფესიას შეითავსებდით?

– ალბათ საგანმანათლებლოს, სიამოვნებით გავუზიარებდი ჩემს გამოცდილებას ახალგაზრდებს.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. სულიერ სიმშვიდეს კი, ეკლესიაში ვპოულობ.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართვათ დღის განმავლობაში?

– “გამოგლიჯე შესაძლებლობები საკუთარ თავს!”

– სპორტის საყვარელი სახეობა?

– ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი. ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა, თუმცა, პანდემიის პირობებში მხოლოდ ველოსიპედით სეირნობის საშუალება მაქვს.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მათ, ვისაც ჩვენს სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?

– თქვენს გაღიმებულ პორტრეტს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ადამიანის მთავარი მტერი სიზარმაცეა, ამიტომ სწორედ სიზარმაცის დაძლევაა მთავარი წარმატების მისაღწევად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები