LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არაჩვეულებრივი კონცერტი ჩავატარეთ წელს ბათუმში მარიო სტეფანო პიეტრო დარკის, ნიკოლოზ რაჭველის და სოფო ხალვაშის მონაწილეობით” – გიორგი ისაკაძე ფესტივალის ,,ღამის სერენადები” დეტალებით ,,არტ-FM”-ში

5
giorgiiakadze

გადაცემის ლაივი LIVE

5 ოქტომბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” მუსიკოსი, გიორგი ისაკაძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე “ღამის სერენადები” ისაუბრა.

– გიორგი, რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

– რა თქმა უნდა, “ღამის სერენადებს”, რომელიც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია მსოფლიოში. ქალბატონმა ლიანამ უზარმაზარი შრომა გასწია მის დასაფუძნებლად და მთელი ცხოვრების საქმედ აქცია, ამიტომ საკუთარ ვალად ვთვლი მის მხარში ამოდგომას და მაქსიმალურად დახმარებას, რათა შევინარჩუნოთ მართლაც უდიდესი მონაპოვარი.

– თქვენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებით. როგორ ადგენთ პროგრამას და რა განასხვავებს წლევანდელ ფესტივალს გასული წლებისგან?

– სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიამ ჩვენს ფესტივალსაც დაასვა დაღი. მართალია, გასულ წელს “ღამის სერენადების” ონლაინ ვერსია გაკეთდა, მაგრამ რამდენიმე ახალი ნაწარმოები მაინც შევთავაზეთ პუბლიკას. ჩვენთვის პრიორიტეტული ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა, ამიტომ პირველ რიგში ქართველ კომპოზიტორებს ვაცნობთ მელომანებს. არაჩვეულებრივი კონცერტი ჩავატარეთ წელს ბათუმში მარიო სტეფანო პიეტრო დარკის, ნიკოლოზ რაჭველის და სოფო ხალვაშის მონაწილეობით. ახლა თბილისური კონცერტისთვის ვემზადებით, რომელიც არანაკლებ საინტერესო იქნება, რადგან არა მხოლოდ ვახტანგ მაჭავარიანის და სანდრო ნებიერიძის ახალი ნაწარმოებების პრემიერა შედგება, არამედ უამრავი ცნობილი შემსრულებელი, მათ შორის პოპულარული კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი ესტუმრება ფესტივალს. სხვათა შორის, მეტად საინტერესო ნაწარმოებს წარმოადგენს სანდრო, რომელიც ერთგვარი პარაფრაზები იქნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებზე.

– რა როლი შეასრულა მამამ თქვენს მუსიკალურ კარიერაში?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისი წყალობით ვეზიარე მუსიკას. ძალიან მიყვარდა მისი მოსმენა, როცა სახლში მეცადინეობდა, საათობით შემეძლო ჩუმად ჯდომა და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით დატკბობა.

– არაჩვეულებრივი ორკესტრი ჰყავს ფესტივალს, რომელმაც ქართველ ვირტუოზებთან ერთად უცხოელი მუსიკოსებიც გააერთიანა,

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ორკესტრი, რომელიც დამოუკიდებელი მუსიკოსებისგან შედგება მართლაც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა. საოცრად ნიჭიერი ადამიანები შეიკრიბნენ და ერთ დიდ ოჯახად იქცნენ, ამიტომ მათთან მუშაობა ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები