LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გაზარდოთ ბავშვი ისე, თითქოს ის სამყაროს ცენტრია“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

3
salome-kakabadze-news45

გადაცემის ლაივი LIVE

აღზრდის სტილი უკავშირდება იმ სტანდარტულ, ჩვეულ სტრატეგიებს, რომლებსაც მშობელი იყენებს ბავშვის აღზრდის პროცესში. აღზრდის სტილს ორი ფაქტორი განსაზღვრავს: მშობლის მიერ გამოვლენილი კონტროლი – თუ რამდენადაა მშობელი მიდრეკილი წესების შემუშავებისკენ, რამდენად ითხოვს ბავშვისგან ამ წესების შესრულებას, ასევე მშობლის მიერ გამოვლენილი სითბო – რამდენად ხშირად ავლენს მშობელი ბავშვის მიმართ სიყვარულს, მოწონებას და შექებას. რატომ არ უნდა გაზარდოთ ბავშვი “სამყაროს ცენტრად” – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ ისაუბრა.

რატომ არის რთული მშობლებისთვის აღზრდის თემების სწორი ანალიზი?

მშობლების უმეტესობა, იმას თუ როგორი მშობელი იყოს, ფაქტიურად სწავლობს სიტუაციურად, ადგილზე. როგორც წესი, ჩვენ მცირე ინფორმაცია გვაქვს ბავშვის განვითარების შესახებ, ამიტომ ვეყრდნობით საკუთარ ინსტინქტებს, ინტუიციას, და ბავშვობის გამოცდილებას. მაგრამ ხშირად, ჩვენი ინსტინქტები ჩვენივე გაუცნობიერებელი ემოციური რეაქციებია, ხოლო ბავშვობის გამოცდილება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. ამის შედეგად, ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ დისციპლინა მხოლოდ საყვედურები და მკაცრი დამოკიდებულებაა, ზოგიერთები ცუდად გრძნობენ თავს, როდესაც საკუთარ ემოციებზე კონტროლს კარგავენ, ხოლო მშობლების გარკვეული ნაწილი თავს სრულიად უმწეოდ მიიჩნევს.

არსებობენ ოჯახები, სადაც მშობლები და სხვა ოჯახის წევრები ბავშვს სამყაროს ცენტრად ზრდიან. აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც ოჯახში უპირატესი  ხდება ბავშვი. მშობლები ზემზრუნველობას ავლენენ ბავშვების მიმართ, უსრულებენ ყველა სურვილს, არ ეუბნებიან უარს არაფერზე, ბავშვის ყველა მოთხოვნა თუ „კაპრიზი“ დაკმაყოფილებულია. თითქოს მშობელი ივიწყებს პირად ცხოვრებას, საკუთარ თავს და პირველ ადგილზე აყენებს ბავშვს. ეს, რა თქმა უნდა, აღზრდის არასწორი მეთოდია, რამაც ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სამომავლოდ.

ოჯახის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ, სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ჰქონდეს:

1. როდესაც მშობელს არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ და ასეთი დამოკიდებულება სწორი ჰგონია;

2. მშობლების/ოჯახის წევრების არათანმიმდევრულობა – როდესაც ოჯახის წევრები ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ ვერ/არ თანხმდებიან და სხვადასხვა ქცევითი რეაქციები აქვთ;

3. „ზემზრუნველი“ ბებია-ბაბუები – როდესაც ათამამებენ და ანებივრებენ ბავშვს ყველაფრით და არ უნდათ, რომ რამე მოაკლონ;

4. განქორწინებული მშობლები – „იმიტომ რომ ბავშვი არ დაიჩაგროს“, ცდილობენ არ მოაკლონ მზრუნველობა, ბავშვი ყოველთვის ყურადღების “ცენტრშია” და უსრულდება ყველა სურვილი.

რას უკაშირდება აღნიშნული ქცევა?

მშობლის/ოჯახის წევრების ასეთი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ შეიძლება დავუკავშიროთ აღზრდის ლიბერალურ სტილს, რომელიც თავის თავში მოიცავს ძალიან დაბალ კონტროლს და თბილ ურთიერთობებს. ასეთი ტიპის მშობლები ავლენენ ბევრ სითბოს ბავშვების მიმართ და ახორციელებენ ძალიან უმნიშვნელო კონტროლს მათზე, ფაქტიურად არ უწესებენ შეზღუდვებს ქცევებზე.  მშობლების მხრიდან ასეთი ჭარბი თავისუფლების მინიჭების გამო ბავშვი ფაქტიურად მოკლებულია მათი მხრიდან ხელმძღვანელობას. თუკი ბავშვების ქცევები წონასწორობას აკარგვინებს ასეთ მშობლებს, ისინი ცდილობენ თავიანთი გრძნობების ჩახშობას. ზოგჯერ ასეთი მშობლები იმდენად ცდილობენ ბავშვებისთვის თავიანთი უპირობო სიყვარულის დემონსტრირებას, რომ ივიწყებენ მშობლის უშუალო მოვალეობების შესრულებას, მაგალითად მათი მხრიდან აუცილებელი შეზღუდვების დაწესებას შვილებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, შედეგად ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გაუგონრობისკენ და აგრესიულობისკენ, ხალხში ზოგჯერ არაადექვატურად და იმპულსურად იქცევიან, არ არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. მშობელი არ არის ავტორიტეტი მათთვის. იყენებენ ზრდასრულების კეთიგანწყობას სათავისოდ და შეიძლება გახდნენ მანიპულატორებიც. მოზრდილ ასაკში, როდესაც შეხვდებიან წინააღმდეგობას, მეტი ალბათობაა იმისა, რომ გაუჭირდეთ გამკლავება  და შეექმნათ სხვადასხვა სახის პრობლემა, როგორც პიროვნული, ასევე სოციალური.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დაიცვას „ოქროს შუალედი“ ბავშვთან ურთიერთობისას: იყოს მზრუნველი, თბილი, მხარდამჭერი, გამგებიანი, აღიაროს და წაახალისოს შვილი, მაგრამ ამავდროულად მისცეს ბავშვთან ურთიერთობას სტრუქტურა/ჩარჩო, დააწესოს გარკვეული წესები და თან აუხსნას ბავშვს ამა თუ იმ მოქმედების მიზეზი და აზრი.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მშობელს შეეძლოს ბავშვის მოსმენა, იმეგობროს მასთან, მაგრამ თან იყოს ავტორიტეტი. ასეთი მიდგომით, სამომავლო პერსპექტივაში, ბავშვს ექნება კარგი ადაპტაციის, მორგების უნარი, კარგი სოციალური უნარები და მაღალი თვითკონტროლი. ასევე, იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული.

დისციპლინა რეალურად ნიშნავს სწავლებას. სწავლება კი, თავის მხრივ, ეყრდნობა სწავლის მიზნების დასახვას, ეფექტური მიდგომის შემუშავებას და პრობლემების გადაჭრის ისეთი გზების მოძებნას, რომლებიც რეალურად იმუშავებს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილების პრობლემები მოზრდილ ასაკში რეალურად დამოკიდებულია მათ ქცევაზე აღზრდის პროცესში.

ბავშვები თავიანთ დასკვნებს აკეთებენ არა მარტო იქიდან, თუ რას ვეუბნებით ჩვენ, არამედ ამასთან ერთად რასაც ვაკეთებთ, როგორც ვიქცევით მათთან და სხვებთან ურთიერთობისას. მშობლის პირადი მაგალითი არის ბევრად ეფექტური და მეტად აღმზრდელობითი, ვიდრე ნებისმიერი შეგონება.

7 რჩევა სალომე კაკაბაძისგან:

1. დაიცავით „ოქროს შუალედი“ ბავშვთან ურთიერთობისას, რაც გულისხმობს ზომიერ კონტროლს და თბილ ურთიერთობებს;

2. დააფასეთ საკუთარი თავი, იყავით ბავშვისთვის ავტორიტეტი;

3. შეიმუშავეთ ურთიერთობის „წესები“, მათთან ერთად განიხილეთ და მოუსმინეთ მათ შეხედულებებსაც;

4. აუხსენით წესების მიზეზები;

5. იყავით სამართლიანი და მოქნილი;

6.დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და მოუსმინეთ ბავშვის მოსაზრებებსაც;

7. ასწავლეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები