LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალუტექ ჯორჯია“ მარტის ბოლომდე ულტრათანამედროვე საწარმოს ქუთაისშიც გახსნის

40
89760867-713692232498223-350751510704947200-o

კომპანია „ალუტექ ჯორჯიამ“ წარმოება გააფართოვა და თბილისში ახალი, რიგით მეორე საწარმო გახსნა. ინოვაციური ქარხანა ქიზიყის 24 ნომერში განთავსდა და აქ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები იწარმოება. თუ რა უპირატესობები აქვს „ალუტექ ჯორჯიას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას და როგორ ხდება მათი წარმოება, თემაზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში Alutech Georgia-ს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ჯანიაშვილმა ისაუბრა.

ვიდრე „ალუტექ ჯორჯიას“ ახალ პროდუქტზე ვისაუბრებდეთ, მოგვიყევით საწარმოს შესახებ,  რამდენადაც ვიცით თქვენ „სისტემა ალუმინიუმის“ ოფიციალური წარმომადგენელი ხართ საქართველოში,  2020 წლამდე მხოლოდ ალუმინს აწარმოებდით?

ორიოდე სიტყვით მინდა ჩვენს შესახებ გითხართ, მე წარმოვადგენ კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“, რომელიც არის ოფიციალური და ამავდროულად ექსკლუზიური წარმომადგენელი თურქული ალუმინის მწარმოებლის – „სისტემა ალუმინიუმის“, რომელიც თავის მხრივ არის მოწინავე ალუმინის წარმოებაში და ლიდერი თურქულ ბაზარზე. კომპანიას თავისი ნედლეული გააქვს ექსპორტზე აზიაშიც, ევროპაშიც და კანადაშიც კი. ჩვენ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ ამ თურქულ კომპანიასთან, ვაწარმოებთ აღნიშნული კომპანიის ნედლეულის იმპორტს საქართველოში. ამასთან, გვაქვს საწარმო და ვახორციელებთ ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია სხვა მიმართულებითაც მუშაობს: ვენტილირებად ფასადებს ვაკეთებთ, გადახურვებს, როგორც მყარს ისე მოძრავს, ვაწარმოებთ აბაზანის აქსესუარების იმპორტს და ასევე მონტაჟს. და კიდევ სხვა უამრავი მიმართულება გვაქვს..

– რაც შეეხება ახალ საწარმოს, როგორ ხდება აქ ამ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების წარმოება? რამდენადაც ვიცით, თქვენი საწარმო CNC ცენტრებითაა აღჭურვილი, რას ნიშნავს ეს ინოვაციური აღჭურვილობა?

დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც ახალი საწარმო გავხსენით. ალუმინის პარალელურად ჩვენ დავიწყეთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის წარმოება. აღნიშნული გამოწვეულია ბაზარზე ამ პროდუქციის მოთხოვნით. მოგეხსენებათ, ალუმინი თვითონ როგორც პროდუქცია, არც თუ იაფი სიამოვნებაა და ამიტომ, ჩვენ იგივე ვიზუალის კარ-ფანჯარას ახლა უკვე მეტალო-პლასტმასით შესრულებულს, თითქმის ნახევარ ფასში ვთავაზობთ მომხმარებელს. მეტალო-პლასტმასის ხარისხზე მინდა ძალიან მოკლედ ვილაპარაკო: როგორც ალუმინი, ასევე მეტალო-პლასტრმასის ნედლეული ჩვენ მიერ იმპორტირებული არის ძალიან მაღალი ხარისხის. ამ ეტაპზე გვაქვს ორი ფერის: მომხმარებელს ვთავაზობთ თეთრს და შავს… შავი, ფაქტობრივად, 100 პროცენტით არის მიახლოვებული ჩვენი ალუმინის ნედლეულთან, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ კომბინაციაში ერთ ობიექტზე, ნაწილობრივ ალუმინის, ნაწილობრივ კი მეტალო-პლასტმასით აღიჭურვოს შენობა. მეტალო-პლასტმასის ხარისხს რა უზრუნველყოფს – ნედლეული და შიგთავსი, რკინის პროფილი, რომელიც სიმტკიცისთვის მოთავსებულია მეტალო-პლასტმასის პროფილში. ამ რკინისაც ჩვენ ადგილზე ვაწარმოებთ და გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხით… თქვენ ახსენეთ CNC ცენტრები – გვაქვს ულტრათანამედროვე საწარმო, როგორც ალუმინის ახლა უკვე ასევე პლასტმასის, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის, 100 პროცენტით კომპიუტერიზირებული სისტემით, სადაც წარმოების პროცესში გამორიცხულია, თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ჩარევა და სწორედ ეს უზრუნველყოფს წარმოების პროცესში სიზუსტეს და გამორიცხავს უზუსტობებს.

– თუმცა მიუხედავად ამისა, გყავთ ხომ დასაქმებული კადრებიც?

რა საკვირველია. ახალი საწარმოს გახსნის შემდგომ, უკვე ავედით 100 ადამიანამდე. ამ რაოდენობის კადრი გვყავს დასაქმებული ჯამურად ორივე საწარმოში.

–  მინდა  საკონსტრუქციო პროგრამა ORGADATA-ს შესახებ გკითხოთ,  რას მოიაზრებს ეს ინოვაციური პროგრამა?

მოკლედ რომ აგიხსნათ, შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე რამდენიმე ეტაპს გავდივართ. ერთ-ერთი ეტაპი სწორედ არის თვითონ პროექტის შექმნა, წარმოებაში ჩაშვებამდე. პროექტირება ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის ORGADATA-ს საშუალებით. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თითოეულ პროექტს ითვლის თავისი გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობის, ქარის სიძლიერის, ტემპერატურის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით… აქაც ადამიანური რესურსი ნაკლებად არის ჩართული და თვითონ პროგრამა წყვეტს, რა ზომის პროფილით უნდა შესრულდეს კონკრეტული პროექტები…

– სად ხდება თქვენთან წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია? მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, თუ ექსპორტზეც გაგაქვთ?

პირველი 2 წელი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვემსახურებოდით კლიენტებს, როგორც თბილისში, ისე თბილისის გარეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, უკვე გვქონდა 3 შემთხვევა, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში განვახორციელეთ პროდუქციის ექსპორტი..

– სამომავლო გეგმებიც რომ გაგვაცნოთ – როგორ აპირებს განვითარებას და გაფართოებას „ალუტექ ჯორჯია“?

როგორც გითხარით, თბილისის გარდა, ჩვენ შეკვეთებს ვიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ თვის ბოლოს, დასავლეთში, კერძოდ ქუთაისში ვხსნით ახალ საწარმოს, რომელიც იდენტური იქნება ჩვენი თბილისის საწარმოსი, ისევე ბოლო თაობის დანადგარებით აღჭურვილი… მარტის ბოლოდან უკვე დასავლეთისთვის დამზადებულ პროექტებს მოვემსახურებით ქუთაისის საწარმოში. იქაც დავასაქმებთ 30 ადამიანს და ვფიქრობთ, თუ იქნება მოთხოვნა, ქუთაისში არა მარტო პლასტმასის, არამედ ალუმინის წარმოებასაც გავაკეთებთ….

–  და ბოლოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენს კომპანიაში სოციალურ პასუხისმგებლობას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რა აქტივობები გაქვთ ამ ეტაპზე საქველმოქმედო მიმართულებით?

ჩვენ ვცდილობთ, რომ პერიოდულობით, დაახლოებით თვეში ერთხელ გარკვეული სოციალური პროექტი განვახორციელოთ, მაგალითად როგორიც არის: გაჭირვებული ოჯახების, უსახლკარო ბავშვთა სახლების, სარეაბილიტაციო ცენტრების და ა.შ დახმარება. ახლა ერთი კონკრეტული პროექტი გვაქვს: ბერია ანდრის ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრს აღვჭურვავთ სწორედ ამ ახალი ტიპის, შავი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები