LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, პოლიტიკოსი არ გავხდები არასდროს, რადგან არსებობს პრონციპები, რომელთაც არასდროს ვუღალატებ” – გიორგი კეკელიძე

4
giorgi-kekelidze-art-fm-show

გადაცემის ლაივი LIVE

10 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– გიორგი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა 2012 წელს შემოგთავაზეს. რამდენად რთული იყო ასეთ საპასუხისმგებლო თანამდედობაზე დათანხმება?

– 2006 წელს მეგობრებთან ერთად პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა Lib.ge გავაკეთე, რომელიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და პოპულრობაც სწრაფად მოიპოვა, 4 წლის შემდეგ კი, ბატონი კახა ბენდუქიძე დამიკავშირდა საიტის გაყიდვის შეთავაზებით, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან არ მინდოდა იმ პროდუქტის დათმობა, რომელიც ახალგაზრდებმა შევქმენით და ჩვენს „სავიზიტო ბარათად“ ვაქციეთ. უკან არ დაიხია არც ბატონმა კახამ, რომელიც ჩემმა უარმა უფრო დააინტრიგა და ჯერ თავისუფალ უნივერსიტეტში მიმიწვია,  მერე მართვის სკოლის დაფუძნება, ბოლოს კი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, თანხმობით ვუპასუხე, თუმცა ცოტა ავღელვდი, რადგან ვიცოდი, რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. თანამდებობას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, თუ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მომეცემოდა, რადგან ძალიან არ მინდოდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა. საბედნიეროდ, დღემდე ასეა, მართალია, პარლამენტის თავჯდომარეები ხშირად იცვლებიან, მაგრამ ჩვენ ზეწოლა არასდროს გვიგვრძვნია.

– თქვენი საბავშვო კრებული „თომას ზღაპრები“ საქართველოსთან ერთად საზღვარგარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო წიგნის დაწერა?

– მიხარია, რომ „თომას ზღაპრები“ ისეთ სპეციფიურ ქვეყნებში გამოიცა, როგორიც ჩინეთი, თურქეთი და საფრანგეთია, მალე კი, იტალიასა და კანადაში გამოვა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – განათლების დეფიციტია, რომელსაც წესით სკოლა უნდა იძლეოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჯერ წიგნის დაწერა, მერე საგანმანათლებლო სისტემაში ჩაბმა და თბილისთან ერთად, ახლა უკვე ბათუმის, ქუთაისის და ახალციხის სკოლობში ვასწავლი ქართულ ენას და ლიტერატურას.

– 31 დეკემბერს ტრადიციულად გურიაში მიემგზავრებით. წელს ვისთან ერთად გეგმავთ ახალი წლის შეხვედრას?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის სიხარულით ვსტუმრობ მშობლიურ გურიას. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი და ახლა, ყოველ წელს გურიის რომელიმე სოფლის პატარა ბიბლიოთეკას ვეხმარები საბავშვო წიგნებით, რადგან ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის, საყვარელი ადამიანების, ადგილების და მოგონებების საკუთარ თავში შენარჩუნება. წელს დღესასწაულს დედასთან ერთად შევხვდები ძალიან მოკრძალებულ, თუმცა ემოციურ  გარემოში.

– ორჯერ გთხოვეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადეთ?

– დიდი ხანია სხვადასხვა ორგანიზაციები რუსული მედიათეკის ან კულტურული ცენტრის გახსნას მთხოვენ. რა თქმა უნდა, რუსული კულტურის მნიშვნელობაზე არავინ დავობს, ამიტომ ეროვნული ბიბლიოთეკის დაცულ ფონდში ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია რუსული ლიტერატურის ორიგინალში გაცნობა, მაგრამ ამგვარი ცენტრის გაკეთება პირდაპირ გულისხმობს აგენტების სივრცის გაფართოვებას, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადასტურდა. ჩვენს შემთხვევაში კი, როცა ოკუპაციის პირობებში გვიწევს ცხოვრება კატეგორიულად მიუღებელია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოკუპანტი ქვეყნის ცენტრის გაკეთება.

– თქვენი დამსახურებაა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია პრეზენტაციის მოწყობა. რამდენად ხშირად მასპინძლობთ ამგვარ ღონისძიებებს?

– გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ დღეში საშუალოდ 10-15 ღონისძიებას ვმართავთ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ ახალ პროექტზე დაიწყეთ მუშაობა?

– მართალაც უამრავი ახალი იდეა გვაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაა. უახლოეს მომავალში  ფოლკლორის, ემიგრაციის მუზეუმებს გავხსნით და სავარაუდოდ ორ წელიწადში დავასრულებთ რეაბილიტაციას. გარდა ამისა, გავააქტიურეთ ეკვილიბრიუმის მუშაობა. მართალია, ბიბლიოთეკის აღდგენისა და განახლების პროგრამით 1000-ზე მეტ სოფელს უკვე ვესტუმრეთ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ მიღწეულზე შეჩერებას, ამიტომ მომავალ წელს უფრო ინტენსიურად  ვიმოგზაურებთ რეგიონებში.

– ბევრს აინტერესებს, რატომ ამბობთ უარს დაქორწინებაზე?

– მართლაც ბევრი ინტერესდება, ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჯერჯერობით ასე გადავწვიტე და რაიმე თუ შეიცვლება, აუცილებლად გავაგებინებ.

– ვინ გიყვარდათ ყველაზე მეტად?

– სახელების ჩამოთვლას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ, პირადი ცხოვრება – პირადი სიცრცეა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს უცხოებისგან.

– საკუთარ ნაწარმოებში თუ მოიხსენიებთ საყვარელ ადამიანებს?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტექსტი რეალური ცხოვრებით, ახლობლების გავლენითაა ნაკარნახევი, ამიტომ წარსულსაც ხშირად ვიხსენებ და საყვარელ ადამიანებსაც.

– რას არ გააკეთებ არასდროს?

– ალბათ, პოლიტიკოსი არ გავხდები არასდროს, რადგან არსებობს პრონციპები, რომელთაც არასდროს ვუღალატებ.

– რას ნანობთ ყველაზე მეტდ?

– ძალიან ბევრს, უამრავი შეცდომა დავუშვი ადამიანებთან ურთიერთობაში, თუმცა ეს არა მათი, არამედ ჩემი ბრალია.

– წელს ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ჟიურის წევრი იყავით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კონკურსი ჩვენი ქვეყნისთვის?

– უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან ლიტერატურაში ყოველთვის ღირსეულად წარმოვაჩენდით საკუთარ თავს და ვქმნიდით ფასეულს. სამწუხაროდ, თანამედროვეების მიმართ ყოველთვის აგდებული დამოკიდებულება გვაქვს და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ვიცით მათი დაფასება. ვფიქრობ, ბევრი ავტორი, მათ შორის აკა მორჩილაძე ძალიან უსამართლოდ იჩაგრება, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ წელს, რომანის ნომინაციაში სწორედ მან გაიმარჯვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები