ახალი პროდუქტი ბანკებისგან - იპოთეკური სესხების გაცემა მარტივდება

საბანკო სექტორი იპოთეკური სესხების მიმართულებით აქტიურდება და ახალ პროდუქტებზე მუშაობას იწყებს.  კერძოდ, თუ ბინის სესხს ლარში აიღებთ და ღირებულების მინიმუმ 20% გექნებათ,  კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ, რაც შემოსავლებთან დაკავშირებით უფრო გამარტივებულ პირობებს გულისხმობს.

„საქართველოს საბანკო ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ამ პროდუქტების დანერგვა ხელს შეუწყობს იპოთეკური პროდუქტების დივერსიფიკაციას, მათ შორის იპოთეკური სესხების გაცემას მშენებარე პროექტებისთვის.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, საბანკო სისტემას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე, განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს.

ახალი პროდუქტების დეტალები უცნობია. ერთადერთი, რასაც ბანკებში ადასტურებენ, შემოსავლებთან დაკავშირებით პირობების გამარტივებაა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, ბანკები სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან კი საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.