LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღზრდა არ არის ბავშვის გამოკვება, სკოლაში წაყვანა ან საჩუქრების კეთება”

27
keti-dalinkevichi

გადაცემის ლაივი LIVE

ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული საკითხია, ვინაიდან იგი არ გულისხმობს მხოლოდ ბავშვის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა ისაუბრა.

რა არის ბავშვის აღზრდა?

აღზრდა არ არის ბავშვის გამოკვება, სკოლაში წაყვანა, აქტივობებზე მისი ტარება, საჩუქრების კეთება და გართობა. მშობლობა და ბავშვის აღზრდა არის პროცესი, რომლის დროსაც ხელს ვუწყობთ და მხარს ვუჭერთ ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას ჩვილობიდან ზრდასრულობამდე.

ყველა მშობლის ოცნებაა საკუთარი შვილი პასუხისმგებლობიან პიროვნებად გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მშობელს საუკეთესო სურს საკუთარი შვილისთვის, აღზრდის ნიუანსების არცოდნა ხელს გვიშლის დასახული მიზნის მიღწევაში. უფრო მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი უნარების განვითარება მშობლებში, ვინაიდან არასწორი აღზრდა და ცუდი მშობლობა გარკვეული ტიპის პრობლემებს იწვევს ბავშვებში.

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც აღზრდის პროცესში უშვებენ ზრდასრულები, არის ბავშვის მიმართ უყურადღებობის გამოჩენა ან გადამეტებულად, ყველა სურვილის შესრულება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სამომავლოდ გარკვეული ტიპის პრობლემები მოჰყვება.

რა პრობლემებზეა საუბარი?

მაგალითად, ბავშვს არ ეუბნებიან საყვედურს, როდესაც ის შეცდომას უშვებს. მსგავს შემთხვევაში, ბავშვს ჰგონია, რომ იგი ყოველთვის მართალია. იგი ყველაფერს იწუნებს და თვლის, რომ მას ყველაფერში თავისი გზა აქვს. ამგვარად, რთული ხდება მისი სოციუმში არსებობა. ხშირია ფსიქოლოგიური პრობლემები – მსგავსი პრობლემა უჩნდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც ვლინდება ფიზიკური ან ემოციური ძალადობა. ამგვარ ბავშვებს პრობლემა ექმნებათ მეგობრების შეძენაში, ვინაიდან ადამიანებს არ ენდობიან. მათთვის უფრო მარტივია ადამიანების ჩამოცილება, ვიდრე მათთან ღია ურთიერთობის ქონა;

ძალიან მარტივი და ბუნებრივი პროცესია ბავშვის ყოლა, მაგრამ ბევრად უფრო რთულია კარგ მშობლად ჩამოყალიბება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბავშვის ყოლა ჩვენი არჩევანია. ბავშვს ჩვენ არ ავურჩევივართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვეცადოთ ვისწავლოთ აღზრდა, კარგი მშობლობა.

7 რჩევა ქეთი დალინკევიჩისგან:

  1. კარგი მშობელი ცნობიერად გეგმავს და გარკვეულ დროს გამოყოფს მშობლობისთვის.
  2. იყავით მიბაძვის კარგი მაგალითი – ადამიანები ვსწავლობთ მოდელირებით, ანუ ერთმანეთზე დაკვირვებით. ფაქტია, რომ თავიდან ვერ აირიდებთ თქვენი შვილის როლურ მოდელად ყოფნას. კარგ მოდელად ყოფნა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ თქვენ უყვირით თქვენს შვილს, შემდეგ კი ეუბნებით რომ არასდროს იყვიროს, წიხლს ურტყამთ კედელს, როდესაც გაბრაზებული ხართ, ან სალანძღავ სიტყვებს ამბობთ მეზობლის შესახებ – ბავშვი ჩათვლის, რომ ეს ქცევები ნორმალურია. პირველივე დღიდან ეცადეთ კარგი მოდელი იყოთ თქვნი შვილისთვის;
  3. ისწავლეთ თქვენი შვილის მოსმენა – დაეხმარეთ შვილებს უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი. მომავალში ისინი უკეთ შეძლებენ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან.
  4. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც აქვს თავისი მოთხოვნილებები, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს;
  5. წაახალისეთ თქვენი შვილის დამოუკიდებლობა – მიეცით საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი შვილის გვერდით ყოფნა, მაშინაც კი, როდესაც საშუალებას აძლევთ საკუთარი ინტერესები აღმოაჩინოს. არჩევანის მიცემა შეიძლება ეხებოდეს: საკვებს, ჩასაცმელს, წიგნს, აქტივობას, სპორტს, დამატებით წრეზე სიარულს;
  6. დააწესეთ შეზღუდვები, ბავშვებს ეს სჭირდებათ – აუცილებელია წესების არსებობა და ამ წესების ახსნა. რატომ არის საჭირო სათამაშოების ალაგება? რატომ იქნება ეს კარგი და ვის დაეხმარება? ბავშვი, თავისთავად, ამ შეზღუდვის იგნორირებას მოახდენს. გონივრული სასჯელი საშუალებაა, რომლითაც ადამიანი ყოველთვის სწავლობს. ბავშვს უნდა ესმოდეს ის, თუ რის გამო იმსახურებს სასჯელს და რომ ამ სასჯელის საფუძველი მშობლის სიყვარულია;
  7. იყავით თანმიმდევრული – თანმიმდევრულობა არის ის, რაც ახალისებს კარგ და ცუდ ქცევას. შეუძლებელია ერთ დღეს შენიშვნა უთხრათ ბავშვს და დასაჯოთ რაღაცის კეთების გამო, მეორე დღეს კი ტკბილეული მისცეთ იმავე ქმედების შეწყვეტის მიზნით ან არ გქონდეთ რეაქცია დაღლილობის გამო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზრდასრული იყოს შეთანხმებული, რათა ბავშვი საკუთარი ქმედებიდან გამომდინარე სხვადასხვა შედეგს არ იღებდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები