LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადრე ჩვენთან ღვინოს უფრო სვამდნენ, ვიდრე აგემოვნებდნენ, ეს მიდგომა შეიცვალა” – FM ქოუჩი

9
anna-godabrelidze

რა ტენდენციებია დღეს ღვინის ბიზნესში, რამდენად ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო მოთხოვნებს – მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ღვინის სკოლის მფლობელი ანნა გოდაბრელიძე.

რა ტენდენციებია დღეს ღვინის ბიზნესში?

ბევრი დაინტერესებული ადამიანია, რომლებსაც ოჯახური მარნის გაკეთება სურს. დღეის მონაცემებით, რეგისტრირებულია 1000-მდე მარანი, აქედან 300-ს ექსპორტზე გააქვს თავისი ღვინო. პატარა ოჯახური მარნის მფლობელებიდან ბევრი არ არის პროფესიით მეღვინე, თუმცა სურვილი აქვთ იმის, რომ განვითარდნენ, ბევრს სტაბილური შემოსავალი ჰქონდა, თუმცა სამსახურებს თავი დაანებეს, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონოდათ ამ მიმართულებით. პატარა მარნები ირჩევენ ნატურალური ღვინის მიმართულებას, რომლებსაც არანაირი დანამატი არ აქვს.

შიდა ბაზარზე რა ვითარებაა, რამდენად ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო მოთხოვნებს?

რაც მოქმედებს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია, შეიძლება ითქვას, ხარისხის ნიშნით დიდი ნახტომი გაკეთდა. კომპანიები ცდილობენ განვითარდნენ, ზოგიერთ კომპანიას ხარისხის მიმართულებით დიდი წინსვლა აქვს, ზოგიერთი დიდად არ იცვლება და უფრო სტაბილურია. ჩვენი ღვინო საინტერესოა საერთაშორისო ბაზრისთვის, ვინაიდან განსხვავებული ჯიშები და ქვევრის ტექნოლოგია გვაქვს, მსოფლიოში ცოტაა განსხვავებული ჯიშის ღვინო, ამიტომ გვინდა მრავალფეროვნება შევმატოთ საერთაშორისო ბაზარს. მაგალითად, ზოგიერთმა უცხოელმა დეგუსტატორმა არ იცის თეთრი ღვინო და ფერიდან გამომდინარე დაჟანგულად თვლის. ჩვენ ღვინის მცირე მწარმოებლები ვართ, სულ 45 ათასი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ეს ბორდოს მესამედია. თუ ჩვენი ნიშა იქნება სწორად გათვლილი, შევძლებთ უცხოური ბაზრის უფრო მეტად დაინტერესებას.

რამდენად ხვდება მომხმარებელი რას აგემოვნებს?

ღვინის შეფასება-დაგემოვნების შემსწავლელთა რაოდენობა გაზრდილია. თუკი ჩვენ ვიქნებით ზომიერად მკაცრები და ასევე, პროდუქციის წამხალისებლები, ეს იქნება კარგი. ადრე ჩვენთან ღვინოს უფრო სვამდნენ, ვიდრე აგემოვნებდნენ, ეს მიდგომა შეიცვალა. ახლა აქცენტი კეთდება ღვინით სიამოვნების მიღებაზე და არა დათრობაზე.

რთულია ღვინის საჩუქრად შერჩევა, თუმცა რაღაც ჩარჩო მაინც არსებობს. თუ ქალბატონისთვის აკეთებენ საჩუქარს, მიაქვთ ნახევრად ტკბილი, წითელი ღვინოები, უცხო ქვეყანაში მშრალი ღვინო მიაქვთ საჩუქრად. ჩვენ ვცდილობთ ქვევრის ღვინოზე გავაკეთოთ აქცენტი.

ქალი მეღვინეები ამსხვერევენ სპერეოტიპებს…

მე ერთ-ერთ მსხვილ სახელმწიფო სტრუქტურას ვხელმძღვანელობ, ვარ წინანდლის ღვინის სკოლის დირექტორი, მაქვს ჩემი სკოლა ამ მიმართულებით, შესაბამისად ვერ დავეთანხმები შეხედულებას, რომ ღვინო კაცის საქმეა, ამ მოსაზრებას ჩემზე არ უმოქმედია. მე პირადად, მივესალმები ამ სფეროში ქალების აქტიურობას. მთავარია იყო კარგი მეღვინე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები