LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტს დაგეგმილი სოლოკონცერტი და ვარსკვლავის გახსნა – მაია ბარათაშვილი „არტ-FM“-ში

5
maiashwoartfm

გადაცემის ლაივი LIVE

28 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 3 მარტს დაგეგმილ სოლოკონცერტსა და საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, როგორ ემზადებით ვარსკვლავის გახსნისთვის?

– სიმართლე ვთქვა, საიუბილეო კონცერტისთვის უფრო ვემზადებოდი, რომელიც ჩემს დაბადების დღეზე გაიმართება დიდ საკონცერტო დარბაზში და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ თურმე ვარსკვლავი იხსნება. მართალია, ამგვარი შეთავაზება ადრეც მივიღე, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ვთქვი უარი, ახლა კი, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გამიკეთეს მარინა სალუქვაძემ და გაიოზ კანდელაკმა, რადგან სწორედ მათ შეიტანეს განაცხადი. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ შოუს დრამატურგიულ და ტექნიკურ მხარეზე სწორედ მარინა იზრუნებს, რომელმაც ფილმიც კი გააკეთა ჩემზე.

– გადატვირთული გასული წლის შემდეგ, საინტერესოა, წელს რა გეგმები გაქვთ?

– ვფიქრობ, წლევანდელი წელიც ძალიან დატვირთული იქნება, რადგან რამდენიმე კონცერტი უკვე დაიგეგმა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, საიუბილეო კონცერტია, რომლითაც ერთგვარი საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს. ყოველთვის მიყვარდა დღესასწაულის, მნიშვნელოვანი დღეების სცენაზე, შემოქმედებითად აღნიშვნა და არც წელსაც ვუღალატე ტრადიციას.

– ვის უმასპინძლებთ საიუბილეო კონცერტზე?

– ძალიან მიხარია, რომ საიუბილეო საღამოზე მეგობრები, საოცარი მუსიკოსები მესტუმრებიან, რომელთაც საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეს და სრულიად უსასყიდლოდ დამთანხმდნენ მონაწილეობას. კონცერტს თბილისის „ბიგ ბენდი“ გახსნის, რამდენიმე კომპოზიციას შევასრულებ ბრწყინვალე მუსიკოსებთან გიორგი რაქვიაშვილთან, გიორგი სამსონაძესთან და ჯორჯ მელისთან ერთად, ფოლკლორული ნაწარმოებების წაროდგენაში კი, რომელთაც მანამდე ნაკლებად ვასრულებდი, ანსამბლი „ირიაო“ დამეხმარება. აუცილებლად შემოგვიერთდებიან ზაზა მიმინოშვილი, ზაზა მარჯანიშვილი და ლევან დეისაძე, უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებისრიძე და თბილისის ბავშვთა კაპელა ბატონ გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით. სიამოვნებით შევასრულებ ვაჟა აზარაშვილის სიმღერას „მთელი ჩემი ქონება“ ზაზა მარჯანიშვილის არანჟირებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმღერით გავიცანი დედა, რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა და სწორედ ბატონ ვაჟას ცნობილი კომპოზიცია მოვისმინე პირველად მისი შესრულებით.

– რამდენადაც ვიცი, ახლა ბაროკოთი ხართ გატაცებული, რაც საკმაოდ უჩვეულოა თქვენი შემოქმედებითვის. რატომ დაინტერესდით ამ ჟანრით?

– ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე საოპერო მუსიკას არ გავყევი. რამდენიმე წლის წინ საოცრად სასიამოვნო შეხვედრა მქონდა პატრიარქთან და სწორედ მან მირჩია კლასიკური მუსიკით სერიოზულად დაინტერესება. რა თქმა უნდა, ჩემს ასაკში საიერთაშორისო არენაზე გამოსვლა დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მინდა თუნდაც ერთი კამერული კონცერტის მოწყობა და ჰენდელის, ბახის ნაწარმოებების შესრულება.

– მართალია, არ გიყვართ პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ ხომ არ გამოგვიტყდებით ვინ იყო მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარული?

– მახსოვს, ბავშვობაში მამამ მირჩია, რომ არასდროს ავყოლოდი გრძნობებს, ყოველთვის გონებოთ მემოქმედა და არა გულით. რა თქმა უნდა, გატაცებულიც ბევრჯერ ვყოფილვარ და შეყვარებულიც, თუმცა გრძნობებს არასდროს გადავყოლილვარ. დღეს, როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები რომ სწორად მოვიქეცი, რადგან მათთან დარჩენით, ვინც მესიმპათიურებდა, მხოლოდ წავაგებდი, ვერ შევძლებდი პროფესიულ განვითარებას, არადა, ნამდვილი ბედნიერება ჩემთვის – სწორედ საყვარელი საქმის კეთებაა.

– რას არ გააკეთებთ არასდროს?

– თავისი ბუნებით და ქცევით ადამიანი ძალიან რთული „არსებაა“, ამიტომ რთულია თავდაჯერებით თქმა, რას არ გააკეთებ არასდროს. პირადად მე ღალატი მძულს და მნიშვნელობა არ აქვს მეგობრის იქნება, საყვარელი ადამიანის თუ საქმის ღალატი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები