LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,2 წლიდან ვუსმენდი ჯორჯ ლივაინის, ნიუ-იორკის ორკესტრის ჩანაწერებს და ისე ვიხიბლებოდი, ხელების ქნევას ვიწყებდი, თითქოს თვითონ ვდირიჟორობდი” – სანდრო ნებიერიძე გადაცემაში „არტ-FM“

4
sandronebieridzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

2 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე სტუმრობდა, რომელმაც „ღამის სერენადების“ ფესტივალი გაიხსენა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– სანდრო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, მსგავს ფესტივალში მონაწილეობა ყველა მუსიკოსისთვის დიდი პატივია, ჩემთვის კი, ორმაგად სასიამოვნო ოყო, რადგან სადებიუტო გამოსვლა მქონდა და მთელი განყოფილება დამეთმო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ქალბატონი ლიანას შექმნილ ორკესტრთან ერთად შევასრულე, ბატონ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

– შარშან პუბლიკას შეპირდით, რომ „ღამის სერენადებისთვის“ სპეციალურად შექმნიდით ახალ ნაწარმოებს..

– პირობა შევასრულე, მთელი რიგი ექსპერიმენტები ჩავატარე და მეორე საფორტეპიანო კონცერტი დავწერე. საოცარად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმედი მაქვს პანდემიით გამოწვეული რეგულაციები მალე მოიხსნება და წელსაც შევძლებ „სერენადების“ პუბლიკასთან შეხვედრას.

– სხვების მსგავსად ახლო მომავალში თქვენც აპირებთ ონლაინ-კონცერტის მოწყობას?

– მართალია, მსგავსი ფორმატის კონცერტები ნაკლებად ჩვეულია ჩვენთვის, მაგრამ კარანტინის პერიოდში მხოლოდ ასე შეიძლება მოღვაწეობა. რამდენიმე კონცერტი უკვე მოვაწყვე მეგობრეთან ერთად და მოწონებაც დავიმსახურე, 23 ივლისს კი, მორიგ სესიას გავმართავ ახალი რეპერტუარით.

– როდის გაგიტაცათ მუსიკამ და ვინ გირჩიათ მუსიკოსობა?

– მართალია, პროფესიონალი მუსიკოსები ოჯახში არ გვყავს, რადგან ყველამ ტექნიკურ პროფესიას მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ მშობლების რჩევით გადავწყვიტე მუსიკოსობა და სწორედ მათი დამსახურებაა ყველა ჩემი მიღწევა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიის არჩევაში ჩემმა ნათლიამ, მაია ბარათაშვილმაც, რომელმაც ადრეული ბავშვობიდან შემაყვარა მუსიკა. 2 წლიდან ვუსმენდი ჯორჯ ლივაინის, ნიუ-იორკის ორკესტრის ჩანაწერებს და ისე ვიხიბლებოდი, ხელების ქნევას ვიწყებდი, თითქოს თვითონ ვდირიჟორობდი. ვფიქრობ, სწორედ ბავშვურმა სურვილმა გაპირობა ჩემი მუსიკოსობა, რადგან მსგავსი სურვილი, რომ არა, არც პიანისტი ვიქნებოდი.

– რამდენი წლისამ დაწერეთ პირველი ნაწარმოები?

– ძალიან რთულია სერიოზულად აღიქვა, როცა პატარა ბავშვი ქმნის რაღაცას, რადგან ყველაფერი ფასეული, სინამდვილეში შრომით იქმნება, პოტენციალის სრულად გამოვლენა კი, მხოლოდ გამოცდილების შეძენით შეიძლება, თუმცა, მცირე პიესების წერა მაინც 5-6 წლიდან დავიწყე. თავიდან საკუთარ საქმინაობას არც თვითონ აღვიქვამდი სერიოზულად, მაგრამ 9 წლისამ ყველაფრის თავმოყრა გადავწყვიტე და მშობლებს სპეციალისტთან მიყვანა ვთხოვე. ძალიან გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივ ქალბატონს მაკა ვირსალაძეს შევხვდი და სწორედ მისი წყალობით ჩამოვყალიბდი ნამდვილ შემომქმედად.

– დირიჟორობაზე ხომ არ თქვით უარი?

– სამწუხაროდ, ამ სფეროში ჯერ ნაკლები გამოცდილება მაქვს, თუმცა ნამდვილი ოსტატები – ნიკა რაჭველი და ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი მპირდებიან, რომ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ორკესტრთან მუშაობით შევიძენ გამოცდილებას და ერთ მშვენიერ დღეს დირიჟორსაც აბსოლუტურად ბუნებრივად აღმოვაჩენ საკუთარ თავში. თუმცა არც მანამდე მარგებს პასიურობა, მეტი სწავლა და შრომაა მჭირდება.

– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?

– ალბათ მთვარი სამივე სფეროს ერთნაირად კარგად დაუფლებაა. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომელიმე ცნობილი ოპერის სცენაზე შესრულდეს ჩემი ბალეტი, რომელსაც თვითონ ვუდირიჟორებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები